მთიანი აჭარა

ხულოში, პაქსაძეებში მეწყერი ჩამოწვა, 6 ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს

20.01.2024 • 11806
ხულოში, პაქსაძეებში მეწყერი ჩამოწვა, 6 ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში 19 იანვარს, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა.

კადრებში, რომელიც ადგილობრივებმა „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს როგორ თხრის მეწყრული მასა ნაძვის ხეებს და როგორ იშლება მთის ფერდობი.

მეწყრის გამო სოფელ პაქსაძეებში მცხოვრებ ექვს ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

მეწყერსაშიში ზონა • ხულო – „კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი შველას ითხოვს.

სოფელი პაქსაძეები დიოკნისის თემში შედის. „ბათუმელები“ ესაუბრა დიოკნისის თემში მერის წარმომადგენელს, გურამ კახაძეს.

„მეწყერი წუხელ განვითარდა, გვიან ღამით. ექვსი ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას. ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს და დამატებით რომ გითხრა რა საფრთხეებთან გვექნება ხვალ და ზეგ საქმე, ვერ გეტყვით. ოჯახები უსაფრთხოდ გავიყვანეთ, მაგრამ საფრთხე ისევ არის. მერია, მთავრობის აპარატი ჩართულია. მთავარი გეოლოგის მოადგილეც იყო ამოსული,“- უთხრა „ბათუმელებს“ გურამ კახაძემ, მერის წარმომადგენელმა დიოკნისის თემში.

მეწყრულ ზონაში მოხვედრილი ოჯახები ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ქირით გაიყვანა. მერის წარმომადგენლის თქმით სოფელში ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები და ადგილზე სწავლობენ არსებულ სიტუაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: