მთავარი,სიახლეები

„გამგებელი არც რიჟვაძესთან გვიშვებს“ – სოფელი, რომელსაც მეწყერი ემუქრება, დახმარებას ითხოვს

28.11.2023 • 2478
„გამგებელი არც რიჟვაძესთან გვიშვებს“ – სოფელი, რომელსაც მეწყერი ემუქრება, დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სოფელში მეწყრის საშიშროებაა.

„სოფელი ბუთურაული არის სეისმურად აქტიური… დღითიდღე მატულობს მიწის გადაადგილება. ამასთან, ზამთრის თვეა და ესეც ხელს უწყობს მიწის გადაადგილებას. ხალხი პანიკასა და შიშში ცხოვრობს.

გვჭირდება დახმარება, გვსურს საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილება, რათა მოხდეს ადამიანების სოფლის ტერიტორიიდან გაყვანა.

არავინ იცის, როდის მოხდება ტრაგედია. ახლა გვჭირდება დახმარება… თუ მოხდა შოვის მსგავსი ტრაგედია, შემდგომში გოდება, გლოვა და მისამძიმრება ნულის ტოლფასია. სიცოცხლეში დაგვიცავით და დაგვეხმარეთ, რათა გადავრჩეთ“ – ეს წერილი „ბათუმელებს“ ბუთურაულიდან მოსწერეს.

წერილის მიღების შემდეგ „ბათუმელები“ ბუთურაულელებს დაუკავშირდა.

46 წლის რომან დიასამიძის თქმით, მთელი სოფელი საფრთხეშია, თუმცა ყველაზე მწვავე მდგომარეობა იმ უბანშია, სადაც თვითონ, 5-სულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რომანის თქმით, ამ უბანში სულ 20 ოჯახია.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენთან. გასული წლის 13 მარტს გააქტიურდა მეწყრული პროცესები და მას შემდეგ გამგეობა და მთელი მათი სამყარო გვევაჭრება, არა დღესო, არა ხვალო, არა ქირით გაგიყვანთო…

ჩვენი უბანი განსაკუთრებულად ცუდ დღეში ვართ. აგერ, მეზობლის სახლი უკვე უნდა წაიქცეს, ისეთ დღეშია. კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გამგებელს ვუთხარით, რიჟვაძესთან შეხვედრა გვინდაო და არ შეგვახვედრა.

გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე იყო ჩვენთან და დასკვნაც დაიდო, რომ გასასახლებლები ვართ აქედან. გეოლოგების დასკვნა არსებობს ამის შესახებ. გვითხრეს, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო, მაგრამ… გამგეობა გვევაჭრება და ვერ მივდივართ.

გვეუბნებიან, რომ [კომპენსაცია] წელს 40 000 ლარია და თუ მოიცდით, მომავალ წელს 50 000 ლარი იქნებაო. ჩვენ არც 40 ათასი ლარი გვინდა და არც 50 ათასი. ჩვენ გვინდა, რაც 5-სულიან ოჯახს ეკუთვნის, საცხოვრებელი სახლი უსაფრთხო ადგილზე. ეს ვუთხარით გამგებელს და ეს არ იქნებაო. არც რიჟვაძესთან გვიშვებს და საერთოდ არსად“, – ამბობს რომან დიასამიძე.

მისი თქმით, ოჯახების უმრავლესობა, რომლებიც ქირით გადავიდნენ ბუთურაულიდან, საცხოვრებლის ქირის თანხას თავად იხდიან.

მეწყრის მიერ დაზიანებული სახლი სოფელ ბუთურაულში

„ქირით წასული არიან და არაფერი გადაუხდიათ მათთვის. დღეს იქნება, ხვალ, ამ კვირაში, იმ კვირაში… 2 ოჯახს გადაუხადეს მხოლოდ ქირა და მორჩა.

არანაირი ყურადღება არ არის არც შუახევიდან, არც ბათუმიდან, არც თბილისიდან.

შოვში რომ მოხდა, ისე თუ მოხდება აქაც, მერე მათ მოსვლას რაღა აზრი ექნება? ავდარი იწყება, თოვლი და წვიმა წამოვა და სახლში ვერავინ დავიძინებთ“.

რომან დიასამიძის თქმით, როცა 112-იდან იღებენ შეტყობინებას – „იყავით ფრთხილად“, პანიკაში ვარდებიან და კიდევ უფრო ეშინიათ.

„ფურცელი გამოგვიგზავნეს გამგეობიდან, დატოვეთ სახლები და გადით ქირით საცხოვრებლადო. ქირით გავიდე, ვნახავ რამეს 500 ლარად?! შევაფარებთ თავს?!

ვართ შიშში, არ გვძინავს. ოჯახის წევრებიდან ერთი ყოველთვის ფხიზლადაა, თუ რაიმე მოხდება, გაიქცეს და სხვები გააღვიძოს.

სულ დახეთქილია მიწა, წყალი მოდის. ჩემი სახლის მისაღებში წყალი შემოდის. მისაღების კედლებიც დაბზარულია. ორი წელია გამგეობას ტრაქტორს ვთხოვ და არ მომცეს. წყლის ასაცილებლად მინდოდა ტრაქტორი ორი საათით და არ არის, გაფუჭებულიაო.

მინდა, ჟურნალისტები მოვიდნენ და სოფელი, ჩვენი უბანი გადაიღონ. მოსახლეობას გვკითხონ, რა მდგომარეობაში ვართ“, – გვეუბნება რომან დიასამიძე.

ბუთურაულის ამავე უბანში ცხოვრობს 18 წლის გიორგი დიასამიძეც.

გიორგის თქმით, მდგომარეობა, რომელიც ახლა მათ აქვთ, დღითიდღე რთულდება და ძალიან უჭირთ სიმშვიდის შენარჩუნება.

გიორგი ხუთსულიანი ოჯახის წევრია, სადაც 2 არასრულწლოვანია.

„მოსწავლეების სკოლაში სიარული, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რისკია. ერთი წელია, რაც დავასრულე სკოლა, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, დიდი ნალექის მოსვლისას არ მივდიოდი, რადგან მეწყრის მეშინოდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, სადაც ახლა სკოლაა, მიწის დიდი მასის გადაადგილება მოხდა. ეს პროცესი დროებით შეჩერებულია, მაგრამ უხვი ნალექი რომ მოვიდა, ამის გამო ისევ არის გააქტიურების მაღალი რისკი. რა დროს რა მოხდება, არავინ იცის“, – ამბობს გიორგი და დასძენს, რომ საღამოობით რაღაც გაურკვეველი ხმები ესმით მიწის სიღრმიდან და ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს ეს.

„ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსს, მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა.

„ჩვენი დასკვნის მიხედვით, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები ყველა ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. მეწყერია იქ და მორჩა. მათი იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია“ – გვითხრა მან. 

„ბათუმელები“ დღეს, 28 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. შუახევის მერიიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

__________________

ფოტოზე: მეწყრული პროცესები ბუთურაულში. კადრები ვიდეომასალიდან, რომელიც „ბათუმელებს“ სოფლიდან მოაწოდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: