კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რა სჭირდებათ ხელოვნების პედაგოგებს

13.05.2016 • 4835
რა სჭირდებათ ხელოვნების პედაგოგებს

სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში.

ხელოვნების მიმართულებით უფროსი მასწავლებლის სტატუსი საქართველოში ამ დროისთვის მხოლოდ 329 პედაგოგს აქვს. ხელოვნების მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის არც ეს საგანი და არც მისი პედაგოგები პრიორიტეტი არ არის. რას ითხოვს სახელმწიფო ხელოვნების პედაგოგებისგან და რა არის პედაგოგთა უკმაყოფილების მიზეზი?

მაია მახარაძე პირველი საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელია – 11 წელია სკოლაში ასწავლის. ის ამბობს, რომ თავისი საგანი უყვარს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სკოლიდან წავიდეს კიდეც. პედაგოგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელოვნების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაფერს აკეთებს.

„ტრენინგები არ არის. ახლახან შემოგვთავაზეს და ველოდებით. შარშან იყო მხოლოდ ერთი ტრენინგი, მაგრამ რომ გითხრათ, გავგიჟდი და ძალიან მომეწონა, არა“.

მაია მახარაძე თავს პროფესიონალ პედაგოგად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ საგნობრივი გამოცდების შიში მაინც აქვს.

„არ ჩამიბარებია გამოცდა, რადგან თავმოყვარეობის საკითხია, რომ არ გამომივიდეს“, – გვეუბნება ის. შიშის მიზეზი კი საგამოცდო საკითხებია, რომლებიც, მისი აზრით, ზოგადი განათლების პედაგოგს არ უნდა მოეთხოვებოდეს.

„ელექტრონული საგამოცდო ვერსია რომ ვნახე, კინაღამ შოკში ჩავვარდი. ექვსი მთავარი, გამსვლელი საკითხი შეტანილია მუსიკიდან. უნდა გაიკეთო ყურზე „ნაუშნიკი“, მოისმინო მუსიკა და შემდეგ გაარჩიო კომპოზიციურად (მაჟორი, მინორი და ა.შ), დაადგინო ავტორი, ეპოქა, რაც ორ წუთში წარმოუდგენელია. ასეთი ექვსი საკითხია შეტანილი. ამას საჯარო სკოლის პედაგოგი არ უნდა აკეთებდეს, ეს არის პროფესიული სკოლის საკითხები და არა ზოგადი დონე“, – გვეუბნება ის.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ მისი დიპლომი არ იძლევა ამის კომპეტენციას. „კონსერვატორიადამთავრებული ადამიანი კი სკოლაში პედაგოგად არ მიდის. ნაწარმოების მოსმენას და კომპოზიციურ გარჩევას სკოლის პროგრამა არ მავალდებულებს, არც პრაქტიკაში გვქონია არასდროს, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ვაბარებდეთ ამ საკითხებს“, – გვეუბნება მაია მახარაძე. მისი აზრით, არც ანაზღაურება და არც პროფესიული კარიერა ამდენ შრომად არ ღირს.

„ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, რადგან იტყვიან, რომ მასწავლებელი თავის განვითარებაზე, კარიერაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ერთ დღეს, ალბათ მომიწევს სკოლიდან წასვლა. მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელს ითხოვენ“, – ამბობს პედაგოგი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაია მახარაძე მიიჩნევს, რომ ხელოვნების გაკვეთილები მოსწავლეებს მოსწონთ. „იცით, როგორ უყვართ ბავშვებს ჩემი გაკვეთილი? – გვეუბნება და მოსწავლეებს გვაცნობს. – „ძალიან კარგ აუდიო-ვიდეოპრეზენტაციებს, კროსვორდებს აკეთებენ ხელოვნებაზე“.

„მე მხატვარი მინდა გამოვიდე. ისეთი ნახატები მინდა დავხატო, ევროპაში რომ მაღიარონ და სახელი გავითქვა“, – გვეუბნება ნიკა აგირბა.

გიგას მუსიკა უფრო მოსწონს. „ყველაზე მეტად პაგანინი დამამახსოვრდა, საუკეთესო მევიოლინე იყო. მხოლოდ ის არ მომეწონა, რომ მას ეშმაკეული უწოდეს და შურიანმა ადამიანებმა კონცერტის წინ სიმებიც კი დაუჭრეს ვიოლინოზე, მაგრამ მან მაინც შეძლო და ერთი სიმით დაუკრა“.

ელენე გოგოტიშვილი „მომავლის სკოლაში“ სწავლობს. ხელოვნება და მუსიკა მეცხრე კლასის ცხრილში საერთოდ არ ჰქონიათ. `არ ვიცი რატომ, ალბათ, სხვა საგნები უფრო მნიშვნელოვანია. ისე, ეს საგანი არც სხვა სკოლაში მაინტერესებდა, ყოველთვის მოსაწყენი გაკვეთილები იყო და თითქმის მეძინა“, – გვეუბნება ის.

მაია მახარაძის აზრით, „ის, რომ მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს იჩენენ ამ საგნის მიმართ, ან მომავალ პროფესიად ხელოვნებას არ ირჩევენ, ოჯახის გავლენითაცაა. ამიტომ, სკოლამ ხშირად უნდა ატაროს ბავშვები თეატრში, კონცერტზე და ა.შ“

მაია მახარაძე ამბობს, რომ არასწორადაა შედგენილი მუსიკის სახელმძღვანელოც – _ ზოგადი განათლების დროს ბავშვს არ სჭირდება მაჟორების, მინორებისა და გამების სწავლა, რაც შეტანილია სახელმძღვანელოში: „როცა მე-6 კლასელ მოსწავლეს აძლევ ეტიუდს და ეუბნები, დაადგინე რომელი სტოკატოა, რომელი ლეგატო თუ ინტერი, ამას ბავშვი ვერ გაგიკეთებს, თუ არ აქვს სპეციალური მუსიკალური განათლება. ამის გარჩევა მუსიკის მასწავლებლებსაც კი უჭირთ. ბავშვმა უნდა ისწავლოს მხატვრების, მუსიკოსების… ცხოვრება, მათი შემოქმედება. სხვა დანარჩენი უკარგავს ინტერესს“.

მაია მახარაძის თქმით, პირველ საჯარო სკოლაში მუსიკის 6 და ხელოვნების 4 პედაგოგია, თუმცა საგნობრივი გამოცდა არც ერთს არ აქვს ჩაბარებული.

საგნობრივი გამოცდა არც მე-9 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს, თალიკო აბაშიძეს ჩაუბარებია. კოლეგის მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ თანამედროვე მოსწავლის ყურადღების მისაქცევად ტექნოლოგიებია საჭირო. „თვალსაჩინოება, ვიდეომასალები გვჭირდება. ყველაფერს ჩვენი ხარჯით ვაკეთებთ“, – ამბობს ის.

პედაგოგის თქმით, `ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ხელოვნება მარტო ხატვა ან მუსიკაა და თეორიული განათლება საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ. სინამდვილეში, ხელოვნება ბევრ სფეროს მოიცავს და კარგად თუ გაერკვევი, უმაღლესი რომც არ დაამთავრო, მაინც განვითარებული ადამიანი იქნები, უკეთესი ცნობიერებით“.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, თალიკო აბაშიძე მიიჩნევს, რომ გამოცდების ჩაბარებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს: „47 წლის ვარ, შეიძლება ჩემზე ახალგაზრდებს უღირთ ბრძოლა, მაგრამ რადგან სახელმწიფო მავალდებულებს, შეიძლება მეც ჩავაბარო“. თალიკო აბაშიძეც გვეუბნება, რომ ის თავის სკოლაში ხელოვნების ერთადერთი პროფესიონალი პედაგოგია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: