კვირის ამბები

ორი იმპერიის სამართალი აჭარაში – ყადი მოსამართლედ

18.11.2015 • 3204
ორი იმპერიის სამართალი აჭარაში – ყადი მოსამართლედ

 

სწორედ ეს ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ოსმალეთის იმპერიის კანონები, მის განაპირა რეგიონში – აჭარაში, დიდად არ მოქმედებდა. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ამბავი (გარდა გადასახადებისა), იმპერიის გულში მაინცადამაინც არც აწუხებდათ, აქ მცხოვრებლებს კი მით უფრო. სამეზობლო დავა, ცოლის მიერ ქმრის ღალატი, ოჯახის გაყოფა თუ სხვა პრობლემები  ჩვეულებათა სამართლით განიხილებოდა.

 

აი, რას წერდა გაზეთი „დროება“ 1876 წელს:

 

„მმართებლობის წევრებს ხალხის შინაურს ცხოვრებაზე არავითარი გავლენა არა აქვს… მმართებლობისაგან დანიშნული ყადი და ხალხისაგან ამორჩეული მეჯლიშები მხოლოდ მსაჯულები არიან… იმათი გადაწყვეტილება ქობულეთელის დანაშაულობისა ცარიელ გადაწყვეტილებადა რჩება, თუ დამნაშავემ თითონ არ ისურვა და მსაჯულების წინ თავის ნებით არ გამოცხადდა. თუ გადაწყვეტილება რამე შედგა ქობულეთელზე და თითონ ის გამოეცხადა მმართებლობას, ის შეიქმნა ამითი ფირალად… ამ გვარად ქობულეთში თითქმის მუდამ არის ასობით ფირალები, რომელთაც სასამართლო მაინცა-და-მაინც ვერ ჰკიდებს ხელსა და აღარც დიდი მონდომებით ეძებს; თითონ ხალხი კი თავის დღეში არ გასცემს, თუკი სისხლი არ მართებს, და სისხლიც რომ ემართოს, სამართალში არ მიიქცევა, თუ მეტად აბდალაი (უხეირო) არ არის“.

 

იმავე ჩანაწერების მიხედვით, ყადს აჭარაში ნაკლებად ენდობოდნენ ორი მიზეზის გამო – ეს იყო მექრთამეობა და ენის ბარიერი. სწორედ ამაზე გვიყვება იურისტი ოთარ ზოიძე თავის კვლევაში „სასამართლო ორგანიზაცია აჭარაში ჩვეულებითი სამართლის მიხედვით“. როგორც ოთარ ზოიძე წერს, კორესპონდენციაში გადმოცემულია ანონიმი ქობულეთელის საუბარი, რომელიც 1876 წელს “სასოფლო გაზეთის” პირველ ნომერში გამოქვეყნებულა და იმ პერიოდს ეხება, როდესაც აჭარა ჯერ კიდევ ოსმალეთის შემადგენლობაშია:

 

„ჩვენ ყველამ თათრული თუ ვიცოდეთ, რაცხას კი გავაგონებთ, მარა არ ვიცით, ზოგიერთმა აღაებმა კი იციან, მარა იგინს ვინ კითხავს; თარჯიმანიც კი გვყავს, მაგრამ მაინც ვერაფერი სამართალი კაიმაკამმა ვერ ქნა ძიავ; მოვა, დაჯდება ბუსავით ოდაში, დაიძახებს: „ბუირუმო ყადიო აღიებოვო, ოთურ მენჯლიშო!“ დაჯდებიან, ილაპარაკებენ, ყავეს და თუთუნს სმენ და მერმე ილოცვენ და გათავდა მათი სამართალი… თათარში, ძიავ, ეს სამართალია: მობრძანდი ძიავ, ფარა, ბუირუმ – ფარა, სალამ-ალეიქუმ – ფარა, ოთურ – ფარა, ადექი – ფარა, წადი – ფარა! სულ ფარა და ფარა! ჩვენ ფარას ვინ მოგვცემს ძიავ, ფუხარა ვართ და ქე მოგვეღო ბოლო სუნთლად ძიავ!“

 

ოთარ ზოიძის კვლევის თანახმად, ყადების მექრთამეობაზე კიდევ ერთი თქმულება მიუთითებს. აი, ეს თქმულებაც: „ყადისთვის ერთ მომჩივანს ქრთამად ერთი ცული მიუტანია. მოპირდაპირე მხარეს ეს რომ გაუგია, დეკეული მიუყვანია მისთვის; სასამართლო პროცესზე თურმე ყადი აშკარად იცავდა დეკეულის მიმყვანს. როცა ეს ცულის მიმტანს შეუნიშნავს, უფიქრია, ალბათ, ყადს დავავიწყდიო და დაუძახია: „შენმა სამართალმა ცულივით უნდა გასჭრასო“. ყადმა კი თურმე მას ასე უპასუხა: „შენს ცულს ტარზე დეკეულმა გადააფუნაო“.

 

მაგრამ, ცხადია, არც ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იმპერიის ტერიტორიაზე სრულად იგნორირებული იყო ყადის ინსტიტუტი. ესეც გიორგი ყაზბეგის ჩანაწერები, რომელმაც აჭარაში 1874 წელს, ანუ თურქული მმართველობის პერიოდში იმოგზაურა: „ღორჯომში სოფლის მმართველობა მეჯლისის ხელშია, რომელსაც ყადი თავმჯდომარეობს და შედგება რამდენიმე არჩეული პირისაგან. კვირაში ერთხელ (პარასკეობით) მართლმორწმუნენი მეჩეთში იკრიბებიან, სადაც ლოცვის შემდეგ მეჯლისი არჩევს მცხოვრებთა საჩივარს“.

 

1874 წელსვე აჭარაში თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ყვება დიმიტრი ბაქრაძეც: „ხულაში… ყოველდღე ახლო-მახლო სოფლებიდან საქმეზე ჩამოსულ უამრავ ხალხს ვხედავდი. საერთოდ ასეთი თავყრილობა იყო ყველგან ჩურუქ-სუსა და აჭარაში კაიმაკამებისა და მუდირების ადგილსამყოფელში, როგორც ადმინისტრაციისა და სასამართლოს დაბალი ინსტანციების რეზიდენციაში…“

 

მაგრამ წარმოიდგინეთ აჭარლები, რომლებიც ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ, შესაბამისად, ზაფხულობით იაილებზე გადაჰყავთ პირუტყვი და მათი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ამ პირუტყვის დაცვაა როგორც ნადირისგან, ისე ქურდებისგნ. და მაინც, თუ ვიღაცამ მოიპარა პირუტყვი, როგორ შეიძლება დაზარალებული დაელოდოს ყადის გადაწყვეტილებას, რომელიც იაილებზე არ იმყოფება. ამიტომ პირუტყვის მესაკუთრე იაილებზევე მყოფ „წინა კაცების“ ჩარევით ცდილობს ნაქურდალის დაბრუნებას. და ზოგ შემთხვევაში ახერხებს კიდეც ამას, საადათო სამართლის საფუძველზე.

 

ოთარ ზოიძის აზრით, ოსმალეთის იმპერიის მცხოვრებ აჭარლებში „წესი“, ანუ ჩვეულებითი სამართლის ნორმა ვერ დაჩაგრა რელიგიურმა ნორმამ“: „შარიათი… ქურდისთვის ხელის მოკვეთას მოითხოვდა, მაგრამ აჭარაში საერთოდ არ არსებობდა დამასახიჩრებელი სასჯელები, ქურდს ნაპარევს ანაზღაურებინებდნენ ხოლმე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნაპარევის ანაზღაურებასთან ერთად, გამაწბილებელ სასჯელს მიუსჯიდნენ“.

 

მაგრამ ყადებს, ერთგვარი ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ განქორწინების საკითხებში, ერთი შეხედვით, ეს ასე ჩანდა. თუმცა, სინამდვილეში თემი ამ საკითხსაც ხშირად თავისი შეხედულებით წყვეტდა.

 

ოსმალეთის იმპერიის მცხოვრები აჭარლები ქორწინებისა და განქორწინების პროცესში ერთობ საინტერესო ფორმით ურთიერთობდნენ და ამ წესრიგს უფრო ოსმალური საფუძველი ჰქონდა: ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობას არეგულირებდა წინასწარ შემუშავებული ერთგვარი „ხელშეკრულება“, რომელსაც აჭარლები „ნიქაღს“ ეძახდნენ. „ნიქაღი“ ფორმდებოდა ქორწინების წინა პერიოდში, რომელსაც თავის „ბეჭედს“ ასვამდა ყადი, ზოგ შემთხვევაში კი „სოფლის წინაი კაციც“.

 

„ნიქაღის“ დოკუმენტში ზედმიწევნით ზუსტად იწერებოდა, თუ რას ჩუქნიდა შეყვარებული მამაკაცი თავის მომავალ მეუღლეს – ეს, ძირითადად, იყო ოქროსა და ვერცხლის ნივთები, სამკაულები, ზოგ შემთხვევაში კი უძრავი ქონებაც. მაგრამ, როგორც წესი, ქალს უძრავ ქონებას, ვთქვათ, მიწის ნაკვეთს იშვიათად ჩუქნიდნენ. „ნიქაღის“ ფურცელს თითქმის იურიდიული ძალა ჰქონდა და სავალდებულოდ შესასრულებელი იყო მამაკაცისთვის: განქორწინების შემთხვევაში „ნიქაღის“ ფურცელში შეყვანილი ყველა ნივთი, ქონება, ყოველგვარი განხილვის გარეშე ქალს რჩებოდა საკუთრებაში.

 

განქორწინების „წესრიგის“ შემადგენელი ნაწილი ყოფილა აჭარაში „შვილის საკითხის“ გადაწყვეტაც. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიის წესებით, წყვილის განქორწინების შემთხვევაში, თუ მამა მოისურვებდა შეეძლო შვილი დედისთვის წაერთმია, აჭარაში ასე არ ხდებოდა – განქორწინებული ოჯახის შვილი დედასთან რჩებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედა თავად არ იტყოდა უარს შვილის მასთან დატოვებაზე. სამართლის ნორმებით, დედისთვის შვილის წართმევაზე პრეტენზია მამას იმ შემთხვევაშიც შეიძლებოდა გამოეთქვა, თუ განქორწინების საფუძველი ქალის მხრიდან „ბოზობა“ იყო.

 

განქორწინების შესახებ ცნობებს, როგორც წესი, ბევრი ტკივილიანი ისტორა ახლავს თან. ხშირად საქმის გარჩევებში მონაწილეობას იღებდნენ განქორწინების მოსურნე ორივე წყვილის ნათესავები (ძირითადად, გვარების უფროსები) და დიდხანს ბჭობდნენ შესათანხმებელ დეტალებზე. თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, შემდეგ საქმეში ერეოდა „ბერების მოყრა“ (ასაკოვანი მამაკაცები). ოჯახები საქმის გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თავად იწვევდნენ „წინაი კაცებს“.

 

რაც შეეხება ქალის მხრიდან ქმრის ღალატს, ეს ოსმალეთის იმპერიის დროინდელ აჭარაში დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა, ცოდვად და, შესაბამისად, სასჯელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ამ შემთხვევაში, როგორც ოთარ ზოიძე წერს, საქმეში შემოდის სრულიად ახალი ინსტიტუტი – „მოყრიანობა“. აი, რას წერს ამაზე ოთარ ზოიძე თავის კვლევაში:

 

„მოყრიანობა თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც სასამართლოს ფუნქციითაც იყო აღჭურვილი. მოყრიანობა, როგორც სასამართლო ორგანო, იკრიბებოდა მხოლოდ მაშინ, როცა სოფელსა თუ თემში რაიმე მძიმე დანაშაული (ღალატი, ბოზობა, ქურდობა…) მოხდებოდა. მოყრიანობაზე დასწრების უფლება ჰქონდა მხოლოდ სრულწლოვან მამაკაცს. მას წარმართავდნენ თავკაცები“.

 

ოთარ ზოიძეს ქმრის ღალატისთვის ქალის სიკვდილით დასჯაზე თავის კვლევაში ვლადიმერ მგელაძის ერთ-ერთი ჩანაწერი მოჰყავს: „…დამნაშავე ქალი ჯოჭოს თემის ოლქობას სიკვდილითაც დაუსჯია“.

 

სიკვდილით ისჯებოდა ადამიანის გატაცება და გაყიდვაც. ამის შესახებაც ვლადიმერ მგელაძეს შეუგროვებია მონაცემები. „ქვედა მარადიდში (კირნათის თემი) ჩაწერილი მასალით, ბავშვის ქურდი მამაკაცი ოლქობის გადაწყვეტილებით ღელეში დაუხრჩვიათ“, – წერს ვლადიმერ მგელაძე.

 

ანუ ოლქმა, მოყრიანობამ, ყოველგვარი ყადის ჩარევის გარეშე მიიღო ისეთი გადაწყვეტილებაც კი, რასაც ადამიანის სიკვდილით დასჯა ჰქვია. ვლადიმერ მგელაძე კირნათში მცხოვრებთა მონათხრობს ასე აღწერს: „ჩხლიდან (სოფელი მარადიდთან ახლოს) ჩამოსულან 25-დან 50 კაცამდე და სოფელში ჩაწოლილან. მომქურდველი ნახეს. ბავშვი უკვე გაყიდული იყო. ქურდი ხაილაღა დააკავეს. სკოლასთან ღრემში ღელისპირზე ხელ-ფეხი შეუკრეს და წყალში გადაუშვეს. ხალხს უთხრეს, ყველას თითო ქვა ესროლა. დაახრჩვეს“.

 

1878 წლამდე აჭარა შედიოდა ლაზისტანის საფაშოში, რომელიც მოიცავდა 11 ოლქს. მათგან 6 ოლქში შედიოდა დღევანდელი აჭარის შემდეგი ტერიტორიები: ბათუმი, ქობულეთი, ზემო და ქვემო აჭარა, მაჭახელა და გონიო. 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: