კვირის ამბები

ბათუმში სტუმრობის ხუთი მიზეზი

16.10.2015 • • 3413
ბათუმში სტუმრობის ხუთი მიზეზი

 

მე ჩემი აზრი მაქვს იმის თაობაზე, თუ რით შეიძლება ბათუმმა მოიწონოს თავი. შევეცდები, რამდენიმე მიზეზი მაინც დაგისახელოთ იმისათვის, რომ აქ ჩამოსვლის სურვილი აღგიძრათ. დარწმუნებული ვარ, ზღვასთან გაშენებული ბევრი ქალაქი გინახავთ, მაგრამ ბათუმი სულ სხვაა. ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინვე დარწმუნდებით, თუ ქალაქს აღმოსავლეთის მხრიდან ეწვევით. ბათუმი ზღვაში შეჭრილი, თავმომწონე, კეკლუცი ქალაქია.

ეს არის ქალაქი, სადაც უნდა ისეირნო. მართალია, ბათუმის არქიტექტურა ვერ დაიკვეხნის ხუთასწლოვანი ციხე-კოშკებითა და უძველესი ნაგებობებით, მაგრამ მის პატარა და ლამაზად მოკირწყლულ ქუჩებში თავისუფლად შეგიძლიათ გაადევნოთ თვალი ქალაქის ისტორიას. სანაპიროდან შეიძლება ძველი ბათუმის უბნებისკენ გამოეშუროთ. ძველი ბათუმის არქიტექტურაში ისტორიული ეკლექტიკა ჭარბობს. თანამედროვე, გამომწვევი არქიტექტურული ქმნილებების ჩრდილში პოლონელების, ბრიტანელების, ბერძნების, რუსი და აზერბაიჯანელი ვაჭრების ორასწლოვანი სახლების გვერდით ლაღად გრძნობენ თავს სტალინის, ხრუშჩოვის და ბრეჟნევის დროინდელი, საბჭოთა, სოცრეალისტურ-ფუტურისტული შენობები, რომლებშიც ხალხი დღესაც ცხოვრობს. ვიწრო, ლამაზი და კოხტა შენობების წყალობით ძველი ბათუმი არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა ქვეყნის კინომატოგრაფისტთა სასურველ პავილიონად. არა-ერთ კინოგმირს უცხოვრია აქ და არაერთი ისტორია გაცოცხლებულა ძველი ბათუმის პატარა ქუჩებში. თუმცა, კინოგმირების გარდა აქ რეალური ადამიანებიც ცხოვრობენ.

 

თუ თქვენს მოგზაურობას წვიმა ხელს არ შეუშლის, თამამად შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ მზიანი ქალაქისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ფლეშმობი, რასაც ჩვენთან ეზოში გასაშრობად გაფენილი სარეცხი ჰქვია. ბათუმისთვის ჩვეული „იტალიური“ ეზოების გვერდით კეკლუცობს ძველი ბათუმის მარგალიტი „პიაცა“. ეს ერთ-ერთი საკვანძო ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველაზე ლამაზი მოედნების ხუთეულშიც კი შედის. აქ არა მხოლოდ არქიტექტურა, კულტურები ერწყმიან ერთმანეთს. ბათუმის მულტიკულტურულ და მრავალეროვან ქუჩებში ერთმანეთის გვერდით იხილავთ მოქმედ მეჩეთს, მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, გრიგორიანულ ეკლესიებსა და სინაგოგას. როცა ძველი ბათუმის ქუჩებში იხეტიალებთ, გახსოვდეთ – აქ ძალიან ბევრ პოეტს, მუსიკოსსა და მწერალს სწვევია უეცარი მუზა. ასე რომ, მზად იყავით. რა იცით, რა ხდება?!

ქუჩებში სეირნობის შემდეგ უთუოდ დადგება მომენტი, როცა თქვენი ორგანიზმი ემოციების გარდა სხვა საზრდოსაც მოგთხოვთ. და სწორედ ეს გახლავთ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს. აქ შეგძლიათ დააგემოვნოთ მსოფლიოს ათ ყველაზე კალორიულ კერძში შესული აჭარული ხაჭაპური. ეს მშვენიერი მიზეზია იმისათვის, რომ მიაკითხოთ ბათუმში ცნობილ და სახელმოხვეჭილ სახაჭაპურეებს – „რეტროს“, „ლაგუნას“ და „ოქროს გასაღებს“. მართალია, მისი მირთმევა ნებისმიერი ქალაქის სახაჭაპურეშია შესაძლებელი, მაგრამ, შეცდომას ნუ დაუშვებთ – სხვაგან ვერსად ვერ ამზადებენ აჭარულ ხაჭაპურს ისე, როგორც ბათუმში.

ლაზური და აჭარული სამზარეულოს უჩვეულო, ზეკალორიული სინთეზი რამდენიმე წუთით დაგავიწყებს ყველაფერს, რაც კი განგიცდია, რაც კი აქამდე გაგიკეთებია. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ, გონზე რომ მოხვალთ, შეძლებთ იმის გააზრებას, თუ რა იყო თქვენი არსებობა აჭარულ ხაჭაპურამდე და რა იქნება მის შემდეგ.

სხვათა შორის, შეგიძლიათ, ერთგვარი სანაძლეოც დადოთ მეგობრებთან და, თუკი საკუთარი თავის იმედი გაქვთ, მოითხოვოთ აჭარული ხაჭაპურის დიდი პორცია. ვინც ამ კერძის ბოლომდე შეჭმას ვერ მოახერხებს, ის იხდის საფასურს. ასეა, სწორედ აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით იწყება თქვენი მოგზაურობა დასავლეთ საქართველოს კერძების კალორიულ სამყაროში.

ნოყიერი სამზარეულოს შემდეგ აუცილებელია გასეირნება. გადატვირთული მოძრაობა და საცობები დღეს თითქმის ყველა ქალაქის პრობლემაა. მართალია, ბათუმიც უჩივის საავტომობილო გზებზე გადატვირთულ მოძრაობას, მაგრამ, საბედნიეროდ, ბათუმს ერთი ძალზე სასიამოვნო ალტერნატივაც აქვს. ეს ველოსიპედები და ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი სავალი ბილიკებია. თანაც არა მგონია, ბათუმის ავტომობილის სარკმლიდან დათვალიერებით ისეთივე სიამოვნება მიიღოთ, როგორც ველოთი სეირნობისას. აქ თავისუფლად შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და ლაღად იმოძრაოთ სპეციალურ წითელ ბილიკებზე ყოველგვარი საცობების გარეშე. ველოსიპედები შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც კერძო გამქირავებლისგან, რომლებიც ბულვარის ტერიტორიაზე თითქმის ყოველ ოც მეტრში შეგხვდებიან, ასევე სპეციალურად დამონტაჟებულ მუნიციპალურ ტერმინალებში. საამისოდ ველობარათის შეძენა დაგჭირდებათ, რომელიც ტურისტულ ინფოცენტრებში იყიდება.

 

მშვენიერი რამაა ველოსიპედი, მით უმეტეს, რომ ბათუმი სწორედ ის ქალაქია, სადაც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიჩნდება სურვილი, შეჩერდე და რაიმე ახალ, საინტერესო სანახაობას შეავლო თვალი. ველოსიპედი, მზე, ზღვის სიახლოვე, მუსიკა ყურსასმენებში და სუბტროპიკულ მწვანეში ჩაფლული ლამაზი ქალაქი – განა ეს ის არ არის, რაც გჭირდება?! თქვენს განკარგულებაში ბათუმის ლამის 40-კილომეტრიანი ველობილიკია.

 

კიდევ ერთი რამ, რასაც ბათუმი… უფრო სწორად ბათუმში სულ სხვაგვარად შემოგთავაზებენ – ეს ყავაა, არც ხსნადი და არც ბარისტას მიერ აპარატით მოდუღებული, არამედ ნამდვილი, ცეცხლზე მოხალული, დაფქული და შემდეგ მოდუღებული ყავა, სწორედ ის „არაბული ღვინო“, რომელიც ფინიკიელმა მწყემსმა თავისი თხების დახმარებით აღმოჩენილი მარცვლების მოხალვის შემდეგ მოამზადა და სწორედ ისე, როგორც საჭიროა.

 

 

ასე რომ, შეგიძლიათ, თამამად ეწვიოთ ბათუმურ ღია ბარებს, მაგალითად, კაფე „ძველ ბულვარს“ სასტუმრო „შერატონის“ წინ, ან კიდევ რესტორან „სანაპიროს“. სხვათა შორის, რესტორანი „სანაპირო“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის მისართმევად ერთ-ერთი უძველესი და უსაყვარლესი ადგილია. წარმოიდგინეთ, ზედ ზღვაზე ჩამწკრივებულ ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდებით თუ არა ხედავთ სხვადასხვა ზომის გემს, თვალს უფრო შორს თუ გააპარებთ, მთა იკვეთება, ამ დროს კი თქვენთვის განკუთვნილ ყავას ამზადებენ, რომლის სურნელიც პირდაპირ თქვენსკენ მოაქვს ზღვის ქარს, რომელიც სხვა სუნებთან ერთან სასიამოვნოდ გაბრუებს. აი, ამ დროს თავი ნამდვილ ზღაპარში გგონიათ. ეს თავისუფლების ზღაპარია.

 

სწორედ “სანაპიროზე” თითქმის 60 წლის მანძილზე ქვიშაზე უგემრიელეს ყავას ადუღებდა ქალბატონი აიკუში. მისი ყავა ისეთი სახელგანთქმული იყო, რომ სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ დასაგემოვნებლად. აიკუშის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ქალაქი გამოვიდა მასთან გამსამშვიდობებლად. ასე რომ, მოითხოვეთ ქვიშაზე მოდუღებული ყავა ბათუმურად და თან დატკბით, როგორც ამ საოცარი სითხის არომატით, ასევე ბათუმის ზღვაში ჩამავალი მზის მშვენიერებით. სხვათა შორის, ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ ვიღაცამ თქვენ მიერ მირთმეული ყავის ცარიელ ფინჯანში დატოვებულ ნალექში თქვენივე წარსული და ამწყო ამოიკითხოს. ბათუმში ყველაფერი ხდება.

 

და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებლად ღირს ამ ქალაქში არა მხოლოდ ჩამოსვლა, არამედ დარჩენაც – ეს ბათუმური ღამეა, რომელიც დაისით იწყება. ძნელად თუ მოიძებნება ქვეყნად ქალაქი, რომელიც ასეთი ლამაზი დაისით იწონებდეს თავს. ამ მოვლენის სანახავად, მზის ჩასვლის დროს, ყოველთვის სავსეა ბათუმის პლაჟი. სწორედ ამ დროს გეჩვენება, რომ მზე მარტო თქვენს მოსასმენად ჩამოვიდა მიწაზე. ამით წაქეზებული წყვილებიც ათეულობით წრფელ და გულითად სასიყვარულო სიტყვებს ეუბნებიან ერთმანეთს. ვინ მზით გამთბარი ზღვის ტალღებში ჩურჩულებს ამას, ვინ პლაჟზე ფეხმორთხმით მჯდომარე. მაგრამ ყველაზე მეტად ბათუმური დაისი მაინც თავგადასავლების, ახალი სასიყვარულო ისტორიებისა თუ, უბრალოდ, ცვლილებების მაძიებლებლებისთვის არის სტიმული… ამისათვის სულ ცოტა უნდა მოინდომოთ…

 

ასეა, ყველა თავისებურად ემშვიდობება ცხელ, საინტერესო, ხალისიან დღეს და ეგებება ბათუმურ ხმაურიან, მომაჯადოებელ ღამეს.
ქალაქი, რომელიც თქვენ დღის მანძილზე იხილეთ, ახლა სულ სხვანაირი, სხვა ფერის, სხვა რიტმისაა და თუ კიდევ დაგრჩებათ ენერგია და ემოცია, ღამის ბათუმი გელით. ეს უკვე სულ სხვა თემაა. თქვენს განკარგულებაში ბარების, კლუბების და კაფეებისა მრავალფეროვანი ჩამონათვალია. მათი პოვნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ უმეტესობა ზღვის სანაპიროზე, ბულვარის გასწვრივაა განლაგებული. ცხელი დღის შემდეგ სწორედ აქ პოვებთ სასურველ ადგილს ემოციებისგან დასაცლელად. მერწმუნეთ, ღამით ბათუმი ხშირად არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დღისით.

ეს ის პირველი ხუთი მიზეზი. ხუთი, საკმაოდ მოზრდილი ქიშმიში იმ უგემრიელეს ფუნთუშაში, რომელიც ასე ძალიან მინდა, რომ თქვენც გასინჯოთ და თუკი ეს მიზეზები მოგწონთ, მერწმუნეთ, კიდევ ათასი სხვა მიზეზი შემიძლია დაგისახელოთ იმისათვის, რომ ბათუმს ეწვიოთ. თუმცა, ჯობია, ეს მიზეზები, ისევე როგორც ქიშმიში, თავადვე აღმოაჩინოთ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: