კვირის ამბები

ბათუმი აქ და ახლა

18.10.2015 • 4225
ბათუმი  აქ და ახლა

წვიმა ბათუმში კარგ ამინდად მიიჩნევა და, ყველაზე მოულოდნელად მოსულიც კი, ჩვეულებრივი ამბავია. იმას რა სჯობს, ამ დროს ბათუმურ კაფეებს რომ შეაფარებ თავს, მყუდრო და დაცული გარემოდან უყურებ, როგორ სველდება გარეთ ქუჩა, მანქანები, შენობები, ხალხი.

ჩემთვის კაფეების კატეგორიაც კი არსებობს ასეთი მომენტებისთვის. თუ წვიმამ აბაშიძის ქუჩაზე მოგისწროთ, „პრივეტ იზ ბატუმაში“ შეირბინეთ. აქ დაგხვდებათ ბათუმური გარემო, კედლებზე ჩამოკიდებული ისტორიული ფოტოებით, კარგი მუსიკით, გემრიელი ყავა-ნამცხვრებით და მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული გამჭვირვალე ფარდაჩამოფარებული ფანჯრებით.
ასეთ დროს კაფე „რენიც“ გამოგადგებათ თავისი პარიზულ-ბათუმური რომანტიკით, გემრიელი სამზარეულოთი, ცოცხალი მუსიკით, წვიმის გადაღების შემდეგაც რომ დაგიტოვებთ დარჩენის სურვილს.

წვიმაშიც და მზეშიც იარეთ „გარდენსში“. ეს არის, როგორც ღია, ასევე დახურული სტილის არტკაფე, რომლის „წიგნიერი“ გარემო ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. შემოიკრიბეთ მეგობრები ლამაზსუფრიანი მრგვალი მაგიდის ირგვლივ. ბარის თავზე რეტროსპექტივას უჩვენებენ და ამ დროს თითქოს კაფეშიც დააბიჯებს 20-იანების სტილში გამოწყობილი ხალხი.
ჰო, არტკაფეზე კიდევ „ფანფანი“ გამახსენდა, ბულვართან, უნივერსიტეტის მიჯნაზე, გარე სამყაროსგან ჯადოსნური ლურჯი კარით გამოყოფილი ადგილი. აქ ყავის დალევა ერთი სიამოვნებაა. კაფე გიმასპინძლებთ თბილ სეზონზე ქუჩაში გაშლილი მაგიდებით, რომლებსაც, გვერდით რომ ჩაუვლით, უყურადღებოდ ვერ დატოვებთ.

თუ თავს მარტო იგრძნობთ და კათხა ლუდზე ახალი მეგობრების გაჩენის და მათთან საუბრის სურვილი გაგიჩნდებათ, ევროპის მოედნის ერთ კუთხეში მოწყობილ „ვინილ ბარს“ ეწვიეთ. ეს ადგილი სახელს ამართლებს. შიგნით, სულ პატარა სივრცეში, ლამაზად მოხატული ვინილებია აკრული კედლებზე, იქვეა ჯიმი ჰენდრიქსის უმაგრესი პოსტერიც, XXს-ის 60-იანების სტილის ამ ბარში ნამდვილად არ მოიწყენთ, საინტერესოდ მოსაუბრე ხალხსაც გაიცნობთ და გემოვნებიან მუსიკასაც მოისმენთ.

თუ საღამოს უფრო აქტიურად და სახალისოდ გატარებას ისურვებთ, მაშინ ახალგახსნილი ბარი „თემა“ თქვენთვისაა. როგორც დამაარსებლები ამბობენ, ეს ის ადგილია, სადაც მიხვალ, დალევ, გაერთობი, შეკრებილ საზოგადოებას გაიცნობ და თვითონაც მოგეცემა წარდგომის საშუალება. აქ 100%-იანი თავისუფლებაა, ეწყობა კარაოკე საღამოები, უქმე დღეებში კი განსაკუთრებული ამბები ხდება, თავისი სკეჩებითა და მონოლოგებით. ფასებიც სრულიად მისაღებია და წვეულებაც გვიან ღამემდე გრძელდება.

კიდევ ერთი უსაყვარლესი პატარა კაფეა აბაშიძის დასაწყისში, „Chocolate and Coffee Room“ ჰქვია, რომელიც ახალგაზრდა, სასიამოვნო წყვილს ეკუთვნის. აქ შევლა მხოლოდ უგემრიელესი და გარეგნულადაც მშვენიერი ქაფქეიქების დასაგემოვნებლადაც ღირს. ასევე, აქ შეგიძლია, ერთ კუთხეში მსხდომ მეპატრონეებს დაეხმარო ლამაზი ნივთების გაკეთებაში, რომლებიც შემდეგ კაფეს ინტერიერს დაამშვენებს.

„წიგნები ბათუმში“ არის ის არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც შეგიძლიათ, წიგნები იკითხოთ, ყავა დალიოთ, მერე „იჭორაოთ“ წაკითხულზე მაღაზიის პერსონალთან და დამაარსებლებთან ერთად. წელს სასიამოვნო სიახლეებსაც გვპირდებიან, ასე რომ, თუ აბაშიძის 60 ნომერთან მოხვდით, აუცილებლად შეიარეთ ბათუმურ წიგნებში, ეგებ სელფის გადაღებაც მოგინდეთ გარემოხატულობის ფონზე, სადაც შეიძლება, თქვენი საყვარელი წიგნის პოსტერები და პერსონაჟები აღმოაჩინოთ.

ბათუმის სულის უკეთ შესაგრძნობად აუცილებლად გაიარეთ ქუთაისის ქუჩაზე, მეჩეთის მიმდებარედ. აქ უმეტესად მუსლიმი თანაქალაქელები იკრიბებიან, სალოცავად ემზადებიან, ან, მეჩეთიდან უკვე გამოსულები, საუბრობენ ქუჩის კუთხეებში. აქვეა ბევრი თურქული ღია და დახურული კაფე, სადაც შეგიძლიათ თურქული კერძები დააგემოვნოთ. მათ შორისაა კაფე „ლივა“. თუ ტკბილეული გიყვართ, გირჩევთ, აქ მიირთვათ თურქული ბაქლავა და ჩაი. ამ უკანასკნელს პატარა შუშის ჭიქით მოგართმევენ. მსუყე და ტკბილ ბაქლავას შესანიშნავად ანეიტრალებს მაგარი, მომწკლარტო ჩაი.

არ დაგეზაროთ და მეჩეთში შესასვლელს ჩაუარეთ, მშვენიერი სანახავია ლურჯ-ყავისფერ-ყვითელი ფერებით მოხატული წინკარი. საერთო ჯამში, ეს ქუჩა ბათუმის ისტორიის ნაწილია, სადაც კარგად ჩანს წარსულში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც აშკარა კვალი დაატყო, როგორც ქალაქს, ისე მოქალაქეებსაც.

მერე პიაცისკენ გაუყევით. თუ კარგი ამინდია, ზედ მოედანზე გაშლილ მაგიდებს მიუსხედით. აქ არის კაფე-რესტორნები: „La Brioche“, „Quite Woman Pub“, „Piazza Batumi“ და სხვები. საღამოობით მოედანზე ჯაზბენდები უკრავენ, ზაფხულობით კი უფრო ფართომასშტაბიანი კონცერტები იმართება. აქ მოწყობილ სცენაზე გამოსულან ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან: სტინგი და კრის ბოტი.

ახლა კი თავს ნებას მივცემ და ჩემი ერთი ტრადიციის შესახებ მოგიყვებით. დავიწყებ იმით, რომ ბათუმის შემოსასვლელში, პორტთან ახლოს არის კაფე „სანაპირო“. ეს არის ნაპირზე დაშენებული პლატო, რომელზეც კაფეა გამართული. მე ვეძახი „ერთ ნაბიჯს ზღვამდე“. ამ კაფეში ერთი მარშრუტით დავდივარ ხოლმე – პიაციდან ხულოს ქუჩაზე ვუხვევ, სადაც სომეხ წყვილს არაჩვეულებრივი მაღაზია აქვს. აქ შეიძენთ გემრიელ ჩირებს, ცუკატებს, ტკბილეულს და, რაც მთავარია, ირისს. ძირითადად ორ ხაზად შეხვეულ რამდენიმე კუბიკს ვყიდულობ, მერე პირჩამტკბარი მივდივარ სანაპიროსკენ. აქ საფირმო, ქვიშაზე მოდუღებული ყავა სულ რაღაც 55 თეთრი ღირს. შეგიძლია დაჯდე ჯებირებთან, სადაც ზღვა სულაც არ მთავრდება და დააკვირდე, როგორ მანევრირებენ გემები პორტში, როგორ დასჭყივიან თოლიები ანძებს და როგორი მდუმარებით ელოდებიან მეთევზეები ანკესზე თევზის წამოგებას. შეგიძლიათ, თვალები დახუჭოთ და იფიქროთ, რომ ახლა სწორედ იქ ხართ, სადაც დაბერებას ისურვებდით.

ჰო, ასეთი ქალაქია ბათუმი, „თუ შეგიყვარა, სულსაც გაატან“. აქ ყველანაირი გასართობის გარეშეც შეგიძლია იპოვო ბედნიერება, აი, ისეთი, იმ მომენტშიც რომ გრძნობ კარგად ყოფნას.

იმედი მაქვს, ზემოთ ჩამოთვლილთა შორის აღმოაჩენთ თქვენს ფავორიტ ადგილებს (თუ ეს უკვე არ მომხდარა) და კიდევ უფრო შეიყვარებთ ბათუმს. ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს, რომ ბევრი მასზე შეყვარებული ადამიანი დააბიჯებდეს მის ქუჩებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: