კვირის ამბები

როდის უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა

24.04.2015 • 23702
როდის უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა

– ბატონო ჯუმბერ, რა სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს, რომ საკეისრო კვეთა გაკეთდეს?

– 2013 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკეისრო კვეთის ეროვნული გაიდლაინი, სადაც გაწერილია, თუ რა ჩვენებები აქვს საკეისრო კვეთას. ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მარტო მედიცინის მუშაკებისათვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის.

საკეისრო კვეთის ჩვენება დამოკიდებულია დედის ან ნაყოფის მდგომარეობაზე. მაგალითად, დედის მხრივ საკეისრო კვეთის ჩვენება შეიძლება იყოს სამშობიარო მოქმედების სისუსტე, კლინიკურად ვიწრო მენჯი; ინფექციები; ექსტრაგენიტალური დაავადებები; საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა; არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი; ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზით და სხვა. ნაყოფის მხრივ ჩვენება შეიძლება იყოს ნაყოფის არაკეთილსაიმედო და არასწორი მდებარეობა; ნაყოფის მენჯით ან ჯდომით, ტერფით ან მუხლით მდებარეობა, ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; ნაყოფის ანომალია, დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა 4 500 გრ) და სხვა. ეროვნული გაიდლაინის მიღებამდე, ხშირად, ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა: მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, მიოპია (ახლომხედველობა) და ა.შ. გახლდათ საკეისრო კვეთის ჩატარების მიზეზი. ამჟამად, თუ დიდი პათოლოგია არ არის (მაგალითად, მიოპია მინუს – 6) არ ითვლება ჩვენებად საკეისრო კვეთისთვის, ხოლო თუ ღრმად წასული პათოლოგიაა მხედველობის მხრივ, ოკულისტი იძლევა ჭინთვების პერიოდის გათიშვის რეკომენდაციას, ხოლო მეან-გინეკოლოგი წყვეტს, თუ რა გზით შეასრულოს აღნიშნული რეკომენდაცია.

– რამდენად ხშირად მოითხოვენ ქალები საკეისრო კვეთის გაკეთებას ჩვენების გარეშე და თქვენი აზრით, რატომ?

– მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით ჩვენთან უფრო ძვირი ღირს ეს პროცედურა, ზოგჯერ დღეში 4-5 საკეისრო მაინც კეთდება, ანუ მაღალი ფასიც კი არ არის ამ შემთხვევაში დამაბრკოლებელი ფაქტორი. ჩვენს კლინიკაში საკეისრო კვეთისთვის მაჩვენებელი 34%-ს აქვს, ყველა დანარჩენი საკეისრო მოთხოვნით ტარდება. შარშანდელთან შედარებით წელს მოთხოვნით საკეისრო კვეთის მსურველების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია. ეს უპირველეს ყოვლისა, გამოიწვია იმან, რომ დაიხვეწა გაუტკივარების მეთოდები და საკეისრო კვეთის ტექნიკა. დღეს ჩვენ მაქსიმუმ 20 წუთი გვჭირდება ამ ოპერაციის ჩასატარებლად. გამოიყენება ძალიან კარგი საკერავი მასალა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ იოლად გაიწოვება, არ არის ალერგიული, არ ტოვებს ანთებით კერებს და ა.შ. საკეისრო კვეთის გართულებებიც მინიმუმამდეა დაყვანილი. კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ ქალებს არ სურთ ტკივილის შეგრძნება და არის ის ფაქტორიც, რომ საკეისრო კვეთის შედეგად მეტი გარანტია აქვთ, ბავშვი უფრო ჯანსაღი გააჩინონ, თუმცა არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ გართულებები საკეისრო კვეთების შემდეგ, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ, ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბუნებივი მშობიარობისას.

– რა უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, საკეისრო კვეთასთან მიმართებაში? და პირიქით – საკეისრო კვეთის უპირატესობები რა არის?

– მშობიარობა ქალისთვის უფრო ბუნებრივია, ვიდრე საკეისრო კვეთა. მშობიარობის შემდეგ ქალს უფრო ადრე მოსდის რძე, უფრო მალე დგება საშვილოსნო მწყობრში. ასევე, მშობიარობისას ქალი კარგავს ნაკლებ სისხლს – 200 მილილიტრს, რაც ფიზიოლოგიურად მიიჩნევა, ხოლო საკეისრო კვეთის დროს საშუალო დანაკარგი 500 მილილიტრამდეა. სტატისტიკურად გართულებები საკეისრო კვეთის დროს არის 12-ჯერ ანუ 1200%-ით უფრო მეტი, ვიდრე მშობიარობის შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს სისხლის დენა, თრომბოემბოლია, ემბოლია (სისხლძარღვების სანათურების დახშობა) სანაყოფო წყლებით, ცხიმოვანი ემბოლიები, რომლებიც შედარებით უფრო ხშირია და სხვა. დედის სიკვდილობა სტატისტიკურად უფრო მაღალია საკეისრო კვეთისას, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას.

გარდა ამისა, მშობიარობა ძალიან კარგია ნაყოფისთვისაც, ეს ბავშვისთვის არის დიდი სტიმულაცია, მისი თირკმელზედა ჯირკვლებისა და საერთოდაც, მყარდება მისი იმუნიტეტი, ბრძოლისუნარიანობა გაცილებით მეტია ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ, ვიდრე საკეისრო კვეთის შემდეგ. თუმცა გარანტია იმისა, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი ბავშვი მიიღოს დედამ საკეისრო კვეთის დროს – უფრო მაღალია.

– ხშირად თავს იკავებენ სპინალური თუ ეპიდურალური ანესთეზიისგან, იმის გამო, რომ ეშინიათ გართულებების, როგორ კეთდება რეგიონული გაუტკივარება და რამდენად უსაფრთხოა ის?

– ეს სრული აბსურდია. ჩვენ 20-ზე მეტწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ, გვიმუშავია ამერიკელ და გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, გაგვიკეთებია ათასობით ოპერაცია ასეთი გაუტკივარებით და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ისეთი გართულებებით, როგორიცაა: ფეხის მოწყვეტა, დაკოჭლება და ა.შ… ასეთი ფაქტი არც ლიტერატურაში არ არის აღწერილი. რეგიონალური ანესთეზია 10-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე საერთო ნარკოზი. გარდა ამისა, საერთო ნარკოზს ნეგატიური ზეგავლენა აქვს ნაყოფზე.

ადგილობრივი გაუტკივარება გარდა საკეისრო კვეთისა, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კეთდება. ამ დროს ორგანიზმში მხოლოდ ერთი წამალი – ადგილობრივი ანესთეტიკი შეჰყავთ და მშობიარე ხდება მომსწრე ბავშვის დაბადების, ისე, რომ ტკივილს ვერ გრძნობს. რეგიონალურ ანესთეზიას მიეკუთვნება ე.წ. ეპიდურალური ან სპინალური გაუტკივარება, ან ორივეს კომპლექსური გაკეთება. ეპიდურალური, სპინალურისგან განსხვავებით არ შედის ზურგის ტვინში, სპინალური უფრო ღრმა ანესთეზიაა. ორივე მათგანი ტკივილს აყუჩებს იმ ადგილის ქვევით, სადაც შეყვანილია ანესთეზია.
რეგიონალური ანესთეზია დამატებითი 150 ლარი ღირს და თვეში ერთი ან ნული შემთხვევა თუ არის, რომ მშობიარობისას სრული გაუტკივარება მოითხოვოს ქალმა. მშობიარობისას სპაზმების შესასუსტებლად ან მოსახსნელად არსებობს სპაზმოლიტიკები, მაგრამ რეგიონალური გაუტკივარების გარეშე, სრული გაყუჩება ძალიან რთულია. მშობიარობისას რეგიონალურ გაუტკივარებას ახასიათებს ჭინთვების სისუსტე, მშობიარობის გაჭიანურება ნაყოფისთვის არ არის კარგი, თუმცა, ამ გართულებას ჩვენ კარგად ვმართავთ.

– როგორ და სად შეიძლება ორსული ქალი მოემზადოს ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის?

– ქალი მშობიარობისთვის უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც, საამისოდ ჩვენთან უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს ”მშობელთა სკოლა”, სადაც წყვილი მოდის ერთად და ქალს ასწავლიან თუ, როგორ უნდა ისუნთქოს, როგორ გაიჭინთოს, გაიყუჩოს ტკივილი; ასევე ასწავლიან სუნთქვით ვარჯიშებს, პრესის ვარჯიშებს და ავარჯიშებენ იმისთვის, რომ შორისი იყოს უფრო ელასტიური. თვეში ორი შეხვედრა გვაქვს და მეცადინეობები უფასოა. აქ არიან ქალთა კონსულტაციის ექიმები, ნეონატოლოგები (პედიატრები) და ფსიქოლოგი. სამწუხაროდ ცოტა აგდებულად დადიან, მიაჩნიათ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ყველა ვინც ითხოვს საკეისრო კვეთას, მიდის ფსიქოლოგთან, მაგრამ 20-დან შეიძლება მხოლოდ ერთის გადარწმუნება მოხერხდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: