კვირის ამბები

შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი

13.09.2014 • 26270
შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი
  • ქალბატონო ირმა, რა დაავადებაა შაკიკი?

შაკიკი არის მორეციდივე მწვავე თავის ტკივილი, რომელსაც ფეთქებადი ხასიათის ტკივილი ახასიათებს, უმეტესად სამწვერა ნერვის ზონაში. ადრე მიიჩნეოდა, რომ თავის ტკივილის მიზეზი მხოლოდ სისხლძარღვოვანი სპაზმი იყო (საწყის ეტაპზე ვითარდება ცერებრული ვაზოსპამი, რაც იწვევს აურულ სიმპტომებს. შემდგომ ხდება ვაზოდილატაცია, რასაც ტკივილი მოყვება), რაც მოგვიანებით გამოირიცხა და ითქვა, რომ ტკივილი ამ დროს თავის ტვინში მთელი რიგი ცვლილებებით (მაგალითად, გამოიყოფა პროსტაგლანდინი E2-ის სხვა) არის გამოწვეული.

  • რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს?

ინტენსიური და პულსირებადი ხასიათის ტკივილი თავის ნახევარ მხარეს, რომელიც ძლიერდება სიარულისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. ტკივილი შეიძლება 3-დან 72 საათამდე გაგრძელდეს. შეტევების სიხშირე სხვადასხვანაირია, შესაძლოა ზოგს ყოველდღიურად სტკიოდეს თავი, ზოგს კი წელიწადში რამდენჯერმე. ტკივილის დროს პაციენტს ზოგჯერ მომატებული აქვს მგრძნობელობა სინათლესა და ხმაურზე. შესაძლოა ტკივილს თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება ან/და ღებინება.

  • რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები განსაზღვრული არ არის, თუმცა მიიჩნევა, რომ დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა დღის არასწორი რეჟიმი, არასწორი კვება (არაჯანსაღი საკვები და ასევე საკვების ჭარბად მიღება), ასევე ძილის ნაკლებობა და დიდხანს ძილი. დიდ როლს თამაშობს ჰორმონალური ცვლილებებიც, მაგალითად, გარდატეხის პერიოდამდე გოგონებსა და ბიჭებში  შაკიკის გავრცელება ერთნაირია, გარდატეხის პერიოდის შემდეგ კი, დაავადება გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება.

  • რა შეიძლება გახდეს უშუალოდ შეტევის მიზეზი?

შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა. პაციენტს შესაძლოა შეტევა დაეწყოს ძლიერ სინათლეზე, უეცარ ხმაურზე, სტრესული მდგომარეობისას, შიმშილის გამო და იმ საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, რომელმაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს, ასეთი საკვებია: ყველი, შოკოლადი, თხილი, ალკოჰოლი (განსაკუთრებით წითელი ღვინო).

  • როგორ მკურნალობენ შაკიკს?

არსებობს შაკიკის სპეციფიკური და არასპეციფიკური მკურნალობის მეთოდები. სპეციფიკური მეთოდი გულისხმობს ექიმთან კონსულტაციის შედეგად იმ მედიკამენტების მიღებას, რომლებიც პროსტაგლანდინის დაბლოკვისთვისაა მიმართული და არასპეციფიკური მედიკამენტები, რომლებიც, უბრალოდ, ტკივილს ხსნიან. მკურნალობა რამდენიმე წელსაც შეიძლება გაგრძელდეს და ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი ენიჭება პაციენტის ცხოვრების სტილის შეცვლას, მან თავი უნდა მოარიდოს სტრესულ სიტუაციებსა და შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორებს. იმ შემთხვევაში, თუ შეტევა ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული,  ტკივილი შესაძლოა უბრალოდ ჩაძინებითაც მოიხსნას.

  • რა შეიძლება გაკეთდეს პროფილაქტიკისთვის?

პროფილაქტიკისთვის პირველია დღის სწორი რეჟიმი, კარგი ძილი და სწორი კვება. გარდა ამისა, პაციენტების უმრავლესობამ იცის, თუ რა იწვევს შაკიკის შეტევას კონკრეტულად მათ შემთხვევაში. შესაბამისად, ისინი სწორედ ამ ფაქტორებს უნდა მოერიდონ, რის გამოც შესაძლოა ტკივილი დაეწყოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: