კვირის ამბები

როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია

01.07.2014 • 1822
როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია

„ჟილინის არხად“ წოდებული სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა მთისძირის ქუჩიდან იწყება. იგი დასაწყისში მცირე ზომის მიწის არხია, რომელიც თანდათან იზრდება და ზღვასთან მიერთების წინ, მისი სიგანე 6-8 მეტრს აღწევს. არხის საერთო სიგრძე 3320 მეტრია. „ჟილინის არხზე“ ნიაღვრის წყლების მოდინების ჯამური ფართობი 285,7 ჰექტარს შეადგენს.

 

არხის კვეთები შეზღუდულია მოსახლეობის მიერ აგებული კედლებით, ბოგირებით, ფარდულებით, ბეტონის ფილებითა და სხვადასხვაგვარი ხელოვნური ნაგებობებით, რაც, როგორც მერიაში აცხადებენ, არხის გამტარუნარიანობის შემცირებას და ინტენსიური წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას იწვევს.

 

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს არხში განზრახ თუ შემთხვევით მოხვედრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი, რომლითაც ჩახერგილია არხის ფერდობები, მიმდებარე დასახლებაში (გენ. ასლან აბაშიძისა და ინასარიძის ქუჩები), შექმნილია ანტისანიტარული გარემო და დაბინძურებულია ზღვასთან მიერთების ადგილი.

 

არხის მთელ სიგრძეზე არსებობს კანალიზაციის წყლების მიერთება კერძო სახლებიდან და დასახლებული უბნებიდან, დღესდღეობით „ჟილინის არხთან“ სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის მიერთების 160 წერტილია.

 

„ჟილინის არხის“ უდიდესი ნაწილი წარმოადგენს მიწის ღია ნაგებობას, თუმცა გამონაკლისია არხის მცირე უბანი, ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ინასარიძის ქუჩამდე. ამ უბანზე ჩაწყობილია რკინა-ბეტონის მილები, თუმცა ქანობი იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარჯის გატარებას და თავისთავად იწვევს მიმდებარე ტერიტორიების პერიოდულ დატბორვას.

 

ბათუმის ძირითადი ტერიტორია დაბლობია (0,8-დან 10 მეტრამდე ზღვის დონიდან), ხშირად წვიმს (წელიწადში 170 დღე), „ჟილინის არხი“ კი ხშირ შემთხვევაში დასილულია, მას არ გააჩნია საკმარისი ქანობი, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს მოსული წვიმის წყლის გატარებას.

 

პროექტის მიხედვით, „ჟილინის არხის“ ღია სისტემიდან დახურულ სისტემაში გადასვლა ითვალისწინებს მთელ სიგრძეზე მიწის არხის შეცვლას რკინა-ბეტონის სწორკუთხა კვეთის არხებით. ახალ საპროექტო სისტემაში უცვლელადაა ჩართული არხის ის ნაგებობები, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ასეთებია ახალაშენებული წყალგამტარები ორ უბანზე – ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე, ახალი გზის ქვეშ, სიგრძით 35 მ. და ზღვის სანაპიროსთან ახლოს წყალგამტარი, სიგრძით 60 მეტრი. აღნიშნული ნაგებობები თავისი განივი კვეთის ზომებით უზრუნველყოფენ მაქსიმალური სანიაღვრე წყლის გატარებას.

 

არხის ღია სისტემიდან დახურულ სისტემაში გადასვლისას გაუქმდება ყველა ის ნაგებობა, რომლიც აშენებულია ღია არხზე – ბოგირები, რკინა-ბეტონის ფილები, მეტალის მცირე ზომის ხიდები, „უნებართვოდ აგებული ფარდულები და სხვა“ (მთლიანობაში გაუქმდება რკინა-ბეტონის 100-მდე ბოგირი და ხიდი და ათამდე ფარდული).

 

შეეხება თუ არა სამუშაოები კერძო საკუთრებას – მერიაში ვერ აკონკრეტებენ. პროექტში კი, რომელიც მერიის დაკვეთით სამი წლის წინ შეიქმნა, რაიმე საკომპენსაციო თანხა გათვალისწინებული არ არის.

 

დახურულ სანიაღვრე სისტემაზე გადასვლისას არხში შემავალ ყველა მიერთების წინ დაიდგმება ზედაპირული წყლის გისოსებიანი მიმღები, რაც, როგორც პროექტის ავტორები მიიჩნევენ, გამორიცხავს არხში და შემდეგ ზღვაში უცხო საგნების მოხვედრას. გაუქმდება ყველა სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის მიერთება, სამუშაოების მიმდინარეობისას ეს არხები გადაერთებული იქნება ქალაქის ახალ საკანალიზაციო სისტემაზე.

 

ამასთან, ყველა წვიმმიმღებ ჭაში გათვალისწინებულია 0,5 მ სიღრმის დასალექი ზონის მოწყობა. ამ შემთხვევაში სანიაღვრე კოლექტორები ნაკლებად დაისილება და ამოივსება, მაგრამ საჭირო იქნება წვიმმიმღები ჭების ხშირი ამოწმენდა.

 

განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისაგან, „ჟილინის არხი“ წარმოადგენს წყალსატარს, რომელშიც წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის დროს. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის რაოდენობაშია. ნალექის მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლიტრს/წამში. ხოლო მინიმალური ნალექის დროს (მაგალითად, გვალვის პერიოდში) 50 ლ/წმ-მდე მცირდება.

 

აქედან გამომდინარე, „ჟილინის არხზე“ სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს. უშუალოდ არხის გასაწმენდად საჭირო იქნება 16 ათასამდე ტონა ლამისა და 38 ათასი ტონა ზედმეტი გრუნტის გატანა 10 კმ-ზე; შემდეგ კი, თხრილის შესავსებად 20 000 კუბ/მ ახალი ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტის შემოტანა.

 

მერიაში მიიჩნევენ, რომ ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს. ამიტომ  იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ.

 

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი არხის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 12 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. სატენდერო თანხა 6 322 964 ლარია.

 

ტენდერში გამარჯვებული პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა და მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციისა თუ მტვრის გავლენა გარემოზე. საჭიროების მიხედვით შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით ჩამოაყალიბებს მშენებარე ობიექტზე გეოდეზიურ ზედამხედველობას.

 

„ჟილინის არხის“ რეკონსტრუქცია 2015 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: