კვირის ამბები

გიდი, როგორც სავიზიტო ბარათი

08.09.2013 • 4552
გიდი, როგორც სავიზიტო ბარათი

საქართველოს გიდების ასოციაცია, რომელიც გიდს სერტიფიკატს აძლევს, ამ დროისათვის 120 გიდს აერთიანებს. გიდების გადამზადება ხორციელდება ბათუმშიც. ეკა ჭანიშვილი, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ გიდების გადამზადების პროგრამა აჭარაში ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. წელს სააგენტომ სულ 35 გიდი გადაამზადა ორკვირიანი კურსებით. 

 

ეკა ჭანიშვილი გიდების კვალიფიკაციის დონეზე საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე უცხო ენის ცოდნა არ განაპირობებს გიდის პროფესიონალიზმს:

 

„ნებისმიერი ადამიანი გიდი ვერ გახდება. მსურველს გარკვეული უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს. გიდმა უმაღლეს დონეზე უნდა იცოდეს გეოგრაფია, საქართველოს ისტორია. უნდა ჰქონდეს გადმოცემის უნარი. გიდობის მსურველებს გარკვეული შესამოწმებელი ეტაპების გავლა უწევთ. ტრენინგებსა და მასტერკლასებს ექსპერტები ატარებენ“. 

ქეთი მელაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში კვალიფიციური გიდების ნაკლებობაა. საკმარისია თუ არა ორი კვირა კვალიფიციური გიდის მოსამზადებლად? ქეთი მელაძე პასუხობს: „ჩვენი ასოციაციის კურსდამთავრებულების 90 პროცენტი დასაქმებულია. ორკვირიანი ტრენინგები შეიძლება ეცოტავოს ვინმეს, მაგრამ ეს ცოტა არ არის, დღეში 6 საათი გრძელდება მასტერკლასი, სამოცი საათი გამოდის. მეც რომ სააგენტოს ვხსნიდე, გეტყოდით, რომ არ იქნება ორი კვირა საკმარისი, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კარგად მუშაობენ ეს გიდები. სხვა ქვეყნებში შეიძლება უფრო მეტი დრო ეთმობა სწავლებას, მაგრამ სტანდარტები, რითაც ჩვენ ვასწავლით, იდენტურია“.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე, გიდის სპეციალობა ცალკე არ ისწავლება, თუმცა აქ ისწავლება საექსკურსიო საქმე. ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე ეთანხმება იმას, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გიდის ინსტიტუტის განვითარება:

 

„გიდი არის სავიზიტო ბარათი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იმ მოთხოვნებს, რაც ტურიზმის ბაზარს გააჩნია, აკმაყოფილებს გიდების კვალიფიკაციის დონე, ამიტომ ვცდილობთ საგანმანათლებლო პროგრამაში კურსად  გვქონდეს საექსკურსიო საქმე. ამ ინსტიტუტის განვითარებას ხელს უწყობს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაწყებული გიდების გადამზადების პროგრამა. ასევე მუშაობს ამ კუთხით უნივერსიტეტის მეცნიერებათა ჯგუფი, რომელიც წლის ბოლოსთვის სახელმძღვანელოს გამოუშვებს სახელწოდებით – „მხარეთმცოდნეობა“. წიგნში აღწერილი იქნება მთლიანად აჭარა, მისი ეთნოგრაფია, ღირსშესანიშნაობები, მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები და ასე შემდეგ. ეს სახელმძღვანელო გიდებისთვის საფუძვლიანი ცოდნის მიღების საშუალება იქნება“.

მიმართავენ თუ არა ქართველ გიდებს უცხოელი ტურისტული სააგენტოები? ქეთი მელაძე ამბობს, რომ მათ ხშირად უკავშირდებიან: „ჩვენს საიტზე განთავსებულია ჩვენ მიერ გადამზადებული გიდების მონაცემები, ნებისმიერს შეუძლია ტურისტული კომპანიების გარეშე მათი არჩევა, ამ შემთხვევაში ანაზღაურებაც უფრო მეტი აქვთ გიდებს. ძირითადი პრობლემა თურქულ ტურებთან გვაქვს, გიდის მომსახურებით არ სარგებლობენ. ეს ჯგუფები, ძირითადად, ტურლიდერებს ქირაობენ, ალბათ, ამიტომაც ჩივიან, რომ ტურისტებს სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. ჩვენ სწორედ ამიტომ სპეციალურად თურქული ენის მცოდნეების გადამზადება დავიწყეთ“.

 

ანიჭებენ თუ არა მნიშვნელობას სერტიფიკატის ქონას ტურისტულ სააგენტოში? „ბათუმელებმა“ ეს კითხვა რამდენიმე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს დაუსვა. სააგენტოებში ამბობენ, რომ კი. „გიდებს სერტიფიკატის გარეშე არ ვიღებთ. ისინი ჩვენთან მოსვლამდე გადიან სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს. აუცილებლად მოეთხოვებათ რუსული და ინგლისური ენის ცოდნა. ასევე გვყავს გერმანულენოვანი გიდები. მათ გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი“, – ამბობს ტურისტული კომპანია „ფრეშტურის“ წარმომადგენელი ჯონი საბაშვილი. რაც შეეხება გიდების დატვირთვას, ჯონი საბაშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია ტურისტების ნაკადზე.

 

თემურ შავაძე 14 წელია გიდია. ამბობს, რომ პროფესიით ეკონომისტია, თუმცა სხვა სამსახური რომ ჰქონდეს, გიდობით მაინც იქნებოდა დაკავებული. მას მუშაობა უკრაინელ, რუს და თურქ ტურისტებთან უწევს: „ძირითადად უცხოელები მომმართავენ. საქართველოში ქართველებზე გიდობის გაწევა ცოტა უხერხულიც კია. იშვიათად ხდება, როცა გიდობისთვის მომმართავენ ადგილობრივები აღმოსავლეთ საქართველოში: კახეთში, თუშეთში…“

 

რამდენად დაკავებულნი არიან გიდები, არის თუ არა ეს საქმიანობა მათი შემოსავლის ძირითადი წყარო? გიდი არჩილ ტოტოჩავა ამბობს, რომ გიდების სამუშაო სეზონი დაახლოებით ოთხთვენახევარს გრძელდება: „დანარჩენ დროს სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული. უცხოურ ტურისტებს ვუწევ გიდობას, ძირითადად, ისრაელიდან ჩამოსულებს. ადგილობრივ კომპანიებთან იშვიათად ვმუშაობ, ამ პრინციპს შეკვეთა განსაზღვრავს“.

 

ია ამიროვასათვის კი გიდობა მეორადი პროფესიაა, თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა ტურიზმს უკავშირდება: „სარფში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და ბათუმის ტურიზმის სააგენტოში ვმუშაობ. მეორე წელია პარალელურად გიდობით ვარ დაკავებული. მუშაობის სიხშირე დამოკიდებულია ჩემს დროზე, როცა დრო მაქვს, მაშინ ვახერხებ გასვლას. საინტერესოა გიდობა. როცა სხვადასხვა ადამიანს ხვდები, უწევ პოპულარიზაციას შენს ქვეყანას, აცნობ შენს კულტურას, ისტორიას“, – ამბობს ია.

 

რა არის საჭირო კარგი გიდისათვის? როსტომ ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, გარდა კარგი განათლებისა, გამოყოფს გიდისთვის აუცილებელ დამახასიათებელ თვისებებს: ადამიანებთან ურთიერთობის ხერხებსა და კომუნიკაბელურობას: „მნიშვნელოვანია გიდს ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი, იყოს მომღიმარი, ფლობდეს ენებს და ჰქონდეს მოცემული ტურის საფუძვლიანი ცოდნა“.

 

ეკა ჭანიშვილი, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს დირექტორი, ამბობს, რომ გასულ წელს აჭარაში გიდები გრანტის ფარგლებში გადაამზადეს: „წელს კი მინიმალური თანხის – 150 ლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხას ისინი ორ-სამ ტურში უკან იბრუნებენ. ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ გიდების გადამზადება. პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები იღებენ სერტიფიკატებს. გამორჩეულებს საქართველოს გიდების ასოციაცია გადასცემს სპეციალურ ბარათს, რომელიც მოქმედებს ორი წლის განმავლობაში. ამ ბარათის მფლობელი სერტიფიცირებული გიდია და უფრო მეტი უპირატესობა აქვს. თუმცა, ამისთვის დამატებითი გამოცდა უნდა ჩააბარო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: