სპორტი

რა უნდა იცოდეს მწვრთნელმა

12.12.2014 • 2032
რა უნდა იცოდეს მწვრთნელმა

ნიკა თოდაძე

ნიკა, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ფეხბურთში?

14 წლის ვიყავი, ბათუმის „დინამოში” რომ მივედი 1981-იანების გუნდში. კოტე გობეჯიშვილი იყო პირველი ტრენერი. იქ ვვარჯიშობდი სამი წელი. მერე ასევე სამი წელი ვთამაშობდი ლანჩხუთის „გურია 2″-ში. 23 წლიდან დავანებე ფეხბურთს თავი. 24 წლის ვიყავი მწვრთნელობა რომ დავიწყე ჯაბა ჭანტურიასთან ერთად. ისიც ფეხბურთზე დადიოდა და დაანება თავი. მაშინ სასტუმრო „მარინაში~ გაიხსნა კლუბი „ბათუმი” და დავიწყეთ ვარჯიში. მერე ერევანში მოვხვდი, იქ საფეხბურთო კლუბ „ლუკას” მწვრთნელებიც იყვნენ და შემომთავაზეს თანამშრომლობა. შვიდი წელი „ლუკაში”, ჯერ 1999 წელში დაბადებულებს, შემდეგ კი 1999-2000 წლიანებს ვწვრთნიდი. ბათუმის „დინამოში~ მწვრთნელად ორი წელია რაც ვარ და U13 გუნდი მაბარია. საფეხბურთო კლუბი „დინამო~ ბათუმის ბაზაზე, ჯაბა ჭანტურიას ძალისხმევით, 2014 წლის ზაფხულში აჭარის ნაკრებისგან ჩამოყალიბდა საპლაჟო გუნდი „დინამო ბათუმი” და ამ გუნდის ტრენერიც ვარ.

 რატომ დაანებე ფეხბურთის თამაშს თავი 23 წლის ასაკში და აირჩიე მწვრთნელობა?

ფეხბურთში დიდი ვარსკვლავი ვიყავი-მეთქი, ვერ გეტყვით. უფრო მწვრთნელობა მინდოდა.

 რა არის მნიშვნელოვანი მწვრთნელობაში, როგორ უყურებთ ამ საქმიანობას?

მწვრთნელს უნდა შეეძლოს ბავშვის აღზრდა, ფეხბურთელთან სწორი მიდგომა, საბაზისო ტექნიკის შესწავლა. მწვრთნელობა არის დიდი პასუხისმგებლობა. მშობელს მოჰყავს ბავშვი, გაბარებს შენ, რომელსაც სწავლასთან ერთად უნდა შეაყვარო და არ შეაძულო ფეხბურთი. საქართველოში ისეთი ტენდენციაა, რომ ფეხბურთზე შემოყვანა უკვე უჭირთ მშობლებს. თუმცა ამ ეტაპზე ბათუმის „დინამოში” სხვადასხვა ასაკის ბევრი ბავშვია. 6-8 წლის ასაკამდე ფეხბურთით ერთობიან, 10-12 წლიდან ვითხოვთ ბავშვებისგან ტექნიკური თვისებების გამოვლენას.

 საფეხბურთო სფეროში მუშაობის განმავლობაში რომელია თქვენი ყველაზე წარმატებული პერიოდი?

მწვრთნელობა, პატარებთან მუშაობა. გუნდი, რომელსაც ახლა ვავარჯიშებ 2001 წლიანები, 13 წლამდელები, მე და ჯაბა ჭანტურიამ შევკრიბეთ. ბათუმის “დინამოს” უფასო 16 კლუბის პროგრამიდან კარგი ბავშვები მოვიდნენ, მაგალითად, ორი ისეთი ფეხბურთელი გამოვლინდა, რომელიც U13-ში შეუცვლელია და მათ დიდი შანსი აქვთ დიდ ფეხბურთში თამაშის.

 

რამდენად არიან ბავშვები ფეხბურთით დაინტერესებული, რამდენად მოგყვებიან?

ჩვენთან დაახლოებით 23 ბავშვია. მე და ბაჩანა აბაშიძე, რომელიც ჩემი დამხმარე მწვრთნელია, ერთად ვმუშაობთ ბავშვებთან. გარდა ვარჯიშებისა, გვაქვს თეორიული სწავლებაც, ვესაუბრებით ფეხბურთის შესახებ. ჯერჯერობით მოგვყვებიან და მერე უკვე მათზეა დამოკიდებული. ჩვენი მოვალეობა ამ ეტაპზე არის ის, რომ დიდებს, ბათუმის „დინამოსა” და „დინამო 2″-ს გავუზარდოთ ფეხბურთელები. იქ რომ მოხვდება ფეხბურთელი, მერე თვითონ უნდა იფიქროს წინსვლაზე. ბათუმის „დინამოში” მოხვედრის შემდეგ ფეხბურთელს შეუძლია ევროასპარეზობაზე გასვლა.

საქართველოს აქვს ფეხბურთის დიდი წარსული. რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ფეხბურთის დონემ აიწიოს?

ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, 17 და 19 წლამდელები. მანამდე ბევრი ევროპაზეც მოხვდა, ელიტრაუნდებშიც გადიან. ვფიქრობ, სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია. უნდა გაიხსნას და განვითარდეს საფეხბურთო აკადემიები. მარტო თბილისში, დინამოს ერთი აკადემია არ შველის ფეხბურთის განვითარებას.

გადაბეჭდვის წესი