სპორტი

”შუქურამ” ”ზუგდიდი”ერთი გოლის სხვაობით დაამარცხა [ფოტორეპორტაჟი]

10.08.2014 • 1577
”შუქურამ” ”ზუგდიდი”ერთი გოლის სხვაობით დაამარცხა [ფოტორეპორტაჟი]

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 17:30 საათზე დაიწყო. პირველი მატჩი ”შუქურასა”და ”ზუგდიდს” შორის ქობულეთში, ”ჩელე არენას” სტადიონზე გაიმართა

2014-2015 წლის საქართველოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სამი გოლი გავიდა და “შუქურამ” 2:1 სძლია “ზუგდიდს”. პირველი გოლი 24 წუთზე შუქურას ფეხბურთელმა ზვიად მეტრეველმა გაიტანა. თუმცა “ზუგდიდის” კაპიტანმა შოთა ლომიამ 47 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი, “შუქურასთვის” გადამწყვეტი აღმოჩნდა პენალტი, რომელიც “ზუგდიდელთა” მესამე ნომრის, დავით ლომაიას მიერ თამაშის წესის დარღვევის გამო დანიშნა მსაჯმა. უხეში თამაშის დროს მცირე დაზიანება თვითონ დავით ლომაიამაც მიიღო, თუმცა მსაჯისთვის ამ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშლია და ფეხბურთელი წითელი ბარათით დააჯარიმა.

პენალტი ზუსტად შეასრულა “შუქურას” კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ, რითაც 59 წუთზე საკუთარი გუნდი 2:1 ანგარიშით დააწინაურა. მატჩის ბოლომდე ორივე კარის მიმართულებით კიდევ იყო რამდენიმე საგოლე მომენტი თუმცა გოლი აღარ გასულა.

აღნიშნულ მატჩში ერთი წითელი დ ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა მსაჯმა და ორივე დავით ლომაიას მიმართულებით. შეხვედრას ფიფას არბიტრი თბილისიდან გიორგი ვადაჭკორია მსაჯობდა.

“ზუგდიდისა” და “შუქურას” მატჩი ქობულეთში 6000 მაყურებლიან, გულშემატკივრებისგან ნახევრადცარიელ სტადიონ “ჩელე არენაზე” ჩატარდა. მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემდა.

ფეხბურთის თამაშის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია ქობულეთიდან პირველად განხორციელდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: