მთავარი,ჯანმრთელობა

„დეკემბერ-იანვარი იქნება ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა“ – ივანე ჩხაიძე

08.12.2021 • 1431
„დეკემბერ-იანვარი იქნება ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა“ – ივანე ჩხაიძე

„ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას.

ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი იქნება ამ მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა,” – განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

 „ვაქცინაცია და მეორე მექანიზმი, რომელიც ასევე მარტივია და ვერ ვიყენებთ – ეს არის ნიღბის ტარება. ნიღბის ტარების ბოლო მაჩვენებელი არის 22%, მაშინ, როდესაც გვჭირდება 70 და 80%. ნიღბის ტარება ყველაზე მარტივი, ეფექტური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება, საქართველოში არის სრულიად უგულებელყოფილი და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე. 

მისივე განმარტებით,ზამთრის პერიოდში ისეც იზრდება ქვეყანაში ეპიდსიტუაციის საფრთხეები, ახლა კი ამ საფრთხეს კორონავირუსის ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამი „ომიკრონიც“ დაემატა.

„ზამთრის პერიოდი, რა თქმა უნდა, სავარაუდო საფრთხეებს ზრდის და ამ სავარაუდო საფრთხეებს დაემატა სრულიად მოულოდნელად, 25 ნოემბერს, ჯანმოს მიერ შეფასებული ახალი მუტაცია ომიკრონის ვირუსი,  რომელსაც გამორჩეული თვისება, ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი რაც გააჩნია, ეს არის მისი უფრო იოლი გავრცელება, უფრო იოლი გადამდებლობა, დანარჩენზე ინფორმაცია არ არის, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ომიკრონი იყოს განხილული, როგორც სერიოზული საფრთხე.

სულ რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს ომიკრონი 52 ქვეყანაშია.

ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირების და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა… რამდენად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით, არის თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხე, ეს ალბათ მომდევნო კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი, როდესაც ჯანმო მოამზადებს საბოლოო დასკვნას.

იცით, რომ წინა კვირას დაფიქსირდა გრიპის პირველი შემთხვევა. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ გავრცელების თვალსაზრისით ომიკრონის მაჩვენებლები შემაშფოთებელია:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ომიკრონი არ დაფიქსირებულა, ის ციფრები, რასაც სამხრეთ აფრიკელი კოლეგები გვაძლევენ, ძალიან შემაშფოთებელია.

მინდა შევადარო დელტა და ომიკრონი გავრცელების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის მაგალითზე.

საქართველოში 15 მაისს შემოვიდა პირველი შემთხვევა დელტასი, პირველ აგვისტოს დავაფიქსირეთ, რომ დელტა გახდა დომინანტური ვარიანტი. ორნახევარი თვე დასჭირდა დელტას იმისათვის, რომ ქვეყანაში მთლიანად ჩაენაცვლებინა ალფა ვარიანტი.

იმავე სიტუაციაში, სამხრეთ აფრიკაში, ორი კვირა დასჭირდა ომიკრონს, რომ გამხდარიყო დომინანტური. ორი კვირა – ორნახევარი თვის საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, ქვეყნების შედარება ასე პირდაპირ არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, თუ საქართველოში მომდევნო კვირას ან ხვალ [ამას ვერავინ გათვლის – როდის] შემოვა ომიკრონი, შემოსვლიდან ძალიან სწრაფად გახდება დომინანტური, ეს ცხადია.

სწორედ ეს არის ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისება, ამისთვის ორი რეკომენდაცია აქვს ჯანმოს – ვაქცინაციის გაზრდა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ და ბუსტერ დოზების აქტიური გამოყენება.

ბუსტერ დოზის გაკეთება არის ერთადერთი გზა, ვინაიდან ბუსტერით მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე პირველი ორი დოზის გაკეთების შემდეგ.

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა მოვემზადოთ დელტას სავარაუდო ჩანაცვლებისთვის ომიკრონის სახით, აქცენტი უნდა გავაკეთოთ ბუსტერდოზების უფრო მეტ აქტიურ გამოყენებაზე,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: