აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით, 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამავე წყაროს ცნობით, ვიზიტორების სიმრავლის მხრივ ყველაზე გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც მარტო ივნის-აგვისტოში 160 259 ვიზიტორი ეწვია, „რაც გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტია“. რვა 8 თვის მონაცემებით კი, ბოტანიკურ ბაღს 198 259 ვიზიტორი ესტუმრა.
ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩევა დელფინარიუმიც, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში 143 885 ტურისტი ეწვია. ხოლო რვა თვის განმავლობაში დელფინების შოუ 158 894-მა ვიზიტორმა ნახა. „სტატისტიკურ მონაცემებში არ არიან შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.
ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტი ვიზიტორი ჰყავდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო.
მეტი მომხმარებელი ჰყავდა ბათუმის საბაგიროსაც. „ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი ესტუმრა“.
მტირალას ეროვნულ პარკს 28 047 (+20%) ვიზიტორი ეწვია. რვა თვის განმავლობაში კი მტირალას პარკი სულ 35 571-მა ტურისტმა მოინახულა.