სიახლეები

ლექტორები სტუდენტების მოთხოვნაზე

24.12.2014 • 2369
ლექტორები სტუდენტების მოთხოვნაზე

კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ცხრავე ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, საერთო რაოდენობის 30 %. როგორც კომისია რექტორთან შეთანხმდა, თუ კვლევა დაადასტურებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ბოლო წლებთან შედარებით, ბარიერი დარჩება 21 ქულა, ხოლო თუ კვლევა აჩვენებს, რომ სწავლის ხარისხი გაუარესდა ან იგივეა ბოლო წლების განმავლობაში, საგამოცდო ბარიერი დარჩება 16 ქულა.

როგორ აფასებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ უნივერსიტეტი სწავლას არ უნდა აძალებდეს? წაიკითხეთ მათი მოსაზრებები.

ნანა ტრაპაიძე, ასოცირებული პროფესორი: სწავლა შრომაა. ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. სწავლა, როგორც შრომა, შეიძლება დააკისრო, მოსთხოვო საკუთარ თავს, ან დაგაკისროს, მოგთხოვოს სხვამ (მშობელმა, მასწავლებელმა, ლექტორმა). პირველი თვითიძულებითია და მეორისგან იმით განსხვავდება, რომ უკავშირდება ინტელექტუალური განვითარების მოთხოვნილებას და პასუხისმგებლობის შეგნებას, რომელიც არ საჭიროებს გარედან “ბიძგებს”. სტუდენტი თავის ასაკში ასეთი პასუხისმგებლობის მატარებელი უკვე უნდა იყოს. სამწუხაროდ, სწავლის კულტურისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობა სცდება საკუთრივ უნივერსიტეტის პრობლემების სფეროს.

არ ვიცი რას ნიშნავს “სწავლას აძალებენ”, რა კონკრეტული შინაარსი დევს ამ უკმაყოფილებაში. თუ ეს უკავშირდება საგამოცდო ბარიერის აწევას 21 ქულამდე, მაშინ უკმაყოფილების მიზეზი თავისთავად ეს ფაქტი კი არ უნდა იყოს, არამედ ის მიზეზები, რომელთა გამოც ბარიერის დაძლევა მათი აზრით ძნელი ხდება.

როგორც არ უნდა იყოს, უნივერსიტეტი ვალდებულია სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს. ეს გულისხმობს ხარისხზე პასუხისმგებლობას ქმედითი მექანიზმებით, რომელმაც უნდა იმუშაოს სისტემურად და გათვლილი იქნება დიდ დროზე. ვფიქრობ, უნივერსიტეტში ხდება ცვლილებები, რომელიც სწორედ დროში განვითარებას უკავშირდება.

პაატა ჩაგანავა, ასოცირებული პროფესორი: არავინ არაფერს არ აძალებს სტუდენტს უნივერსიტეტის ფარგლებში, ვისაც სურვილი აქვს სწავლის, ის მოდის უნივერსიტეტში. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამას ამბობენ სტუდენტები. ამ გამონათქვამიში რამდენიმე ასპექტს ვხედავ, ერთი ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ყველას დიპლომი უნდა ჰქონდეს სახლში, მშობლები აძალებენ შვილებს ჩაბარებას უნივერსიტეტში. არიან სტუდენტები, რომლებსაც არ მოსწონთ ის სპეციალობა, რომელზეც სწავლობენ, შესაბამისად სწავლის პროცესზეც გული არ მისდით. მეორე პრობლემა დგას შრომის ბაზარზე, დამსაქმებელი ითხოვს მხოლოდ დიპლომიან ადამიანს, რომელსაც მნიშვნელობა არა აქვს რაში აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, მაგალითად, ფილოლოგი მუშაობს ბანკში. სტუდენტები ხედავენ, რომ დაბალი კვალიფიკაციის სამსახურისთვის მეტი არ არის საჭირო, ამიტომაც „გაძრომას~ ცდილობენ. მესამე პრობლემას ჩემს თავში ვხედავ, ამას რომ იტყვის ჩემი სტუდენტი, ესე იგი მე ვერ ვარ კარგი პედაგოგი, ისე ვერ ვაწყობ სასწავლო პროცესს, რომ სტუდენტს ეს აზრი არ გაუჩნდეს.

თუ ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტებმა უკეთ ისწავლონ, ეს მხოლოდ მათთვის და მათი მომავლისთვის კეთდება. რა თქმა უნდა, სახელზეც ვფიქრობთ, თუ ბევრ კარგ პროფესიონალს გამოუშვებს უნივერსიტეტი, გაიზრდება რეიტინგიც და შესაძლებლობებიც. სტუდენტი არის ჩვენი მთავარი შემფასებელი და დამკვეთი, ამიტომ ყურადღებით უნდა შევხედოთ სტუდენტების მოსაზრებას, მაგრამ სამწუხაროდ ისინი არ არიან ყოველთვის სამართლიანები. მე ხარისხის ცენტრში ვმუშაობ, გამოკითხვებში ცუდ შეფასებებს იმსახურებენ მკაცრი და მომთხოვნი ლექტორები, ვინც `ადვილად~ წერს ნიშნებს მას მაღალ შეფასებებს აძლევენ, ამიტომაც მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებთ. ყველა უნივერსიტეტს აქვს ხარვეზები სწავლებასთან დაკავშირებით, სისტემური სახე აქვს მოგვარებაზე ზრუნვას.

ასიკო ცინცაძე, ასოცირებული პროფესორი: სამწუხაროა, რომ სტუდენტები აქცენტს აკეთებენ ქულებზე და არა იმაზე, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება. მათ უნდათ დაბალი ბარიერი იმისათვის, რომ ნაკლები ისწავლონ, სტუდენტი მაქსიმალური ქულისთვის უნდა ემზადებოდეს და არა 21-ისთვის. სემესტრულად მომუშავე სტუდენტს 21 ქულიანი ბარიერი არ უნდა აშინებდეს, ეს არის საშუალო ცოდნა, მაღალი კი არა დაბალია ეს ბარიერი. გამოცდისთვის რომ ემზადები, 40 ქულაზე უნდა მოემზადო. სამწუხაროდ, სტუდენტი, რომელიც ამას აპროტესტებს, აქ მოდის არა განათლებისთვის, იმისთვის რომ გახდეს მაღალკვალიფიციური კადრი, არამედ მას სურს `გაძვრეს~ და ისე მიიღოს დიპლომი.

ვფიქრობ, სტუდენტებს სასწავლო კუთხით უნდა ჰქონდეთ პრეტენზიები, აკადემიურად მაღალ დონეს უნდა ითხოვდნენ, კვალიფიციურ კადრებს და არა ბარიერის დაწევას. პროფესორის მოვალეობაა, სალექციო მასალასთან ერთად სტუდენტებს გაუღვიძოს სწავლის სურვილი, პასიური სტუდენტისგანაც მიიღოს შედეგი, ბავშვური სიზარმაცე გადაალახინოს და სტუდენტურ ცხოვრებაში გააქტიუროს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასაქმება პირდაპირ კავშირშია მაღალ კვალიფიკაციასთან, ბარიერი უფრო გააუმჯობესებს სტუდენტების მობილიზაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: