სიახლეები

ექნება თუ არა ბათუმს ქალაქის განაშენიანების გეგმა

09.12.2014 • 1876
ექნება თუ არა ბათუმს ქალაქის განაშენიანების გეგმა

 

ბათუმი
ბათუმი

გერგეს არარსებობის გამო ქალაქის განაშენიანება მკაცრად დადგენილი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს. არც მერიაში და არც საკრებულოში  არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რამდენი ლარია ქალაქმშენებლობის განაშენიანების გეგმის შექმნისთვის საჭირო და რატომ ვერ მოიპოვა ეს თანხა თვითმმართველობამ ბიუჯეტში. 

 

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ქალაქის გენერალური გეგმის შექმნამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი.

 

„გენგეგმის წინმსწრებად ჩვენ მივიღეთ შესყიდვების გეგმა და ახლა ტენდერს ვაცხადებთ აქტივების ელექტრონული რუკის პროექტის შესაქმნელად. პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორებთან, რომ ძალიან სერიოზულად გავთვალოთ ყველაფერი“, –  აცხადებს თენგიზ აფხაზავა.

 

მისი აზრით, ელექტრონული რუკის პროექტი იყო აუცილებელი პირველი ეპატი, ქალაქმშენებლობის გეგმის შექმნამდე. 

 

„ამ პროექტის შემდეგ, რომელიც 60 ათასი ლარი ჯდება, ჩვენ საბოლოოდ გვეცოდინება, რა მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს ვფლობთ. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ როგორ ვიყენებთ ამ რესურსს. ჩვენ ჯერ არც კი ვიცით, რა რესურსით ვმართოთ ქალაქი, რადგან ქაოტური ინფორმაცია გვაქვს. რამდენი დაჯდება მთლიანობაში ეს გეგმა, რთული სათქმელია“, – ამბობს თენგიზ აფხაზავა. მისი თქმით, ქალაქის ინვენტარიზაცია შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, დაახლოებით 450 ათასი ლარი დაჯდა.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, თუ დონორები დაგვაფინანსებენ, უფრო მაღალი ხარისხის რუკას გავაკეთებთ. შეგვიძლია ვიქირაოთ თვითმფრინავი, რომელიც ზემოდან გადაიღებს ქალაქს და შემდეგ, 3D ვარიანტში შეგიძლია დავთვალოთ თითოეული შენობის, ქუჩის სიგრძე, სიმაღლე, თითოეული ბუჩქი და ყვავილი“. 

 

თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ამ პროექტის მომზადებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება. „ის, რასაც ახლა ვაკეთებთ ელექტრონული რუკების სახით, ქალაქმშენებლობის გეგმის დაახლოებით 40 პროცენტია. პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადებულია და გვინდა, რომ იანვარში უკვე დაიწყოს მასზე მუშაობა.  გარდა ამისა, დეკემბრის შუა რიცხვებში ხელს მოვაწერთ გაეროს განვითარების პროგრამაზე  და პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებში ვეძებთ დონორებს. თუ მივიღეთ დაფინანსება, ეს იქნება უზარმაზარი საპილოტე პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში არ იქნება“. 

 

თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ქალაქის განაშენიანების რეგულაციების გეგმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების ფინანსურ მენეჯერთანაც: „ისინი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმას გვთავაზობენ, რომელიც ძალიან ახლოს დგას ჩვენს გეგმებთან. თუ კარგად ვიმუშავებთ, დაახლოებით წელიწად-ნახევარში ძალიან სერიოზული მასალა გვექნება“. 

გადაბეჭდვის წესი