მთავარი,სიახლეები

უკონტაქტო პატრულირების ნიშნები ბათუმში

09.07.2017 • 6688
უკონტაქტო პატრულირების ნიშნები ბათუმში

ბათუმში უკონტაქტო პატრულირების სივრცეები გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი სივრცე ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთია, გორგილაძის ქუჩის კვეთაში. აქ უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ სპეციალური ნიშნები უკვე განთავსებულია.

პოლიცია კანონითაა  ვალდებული ასეთი ნიშნები განათავსოს, თუმცა, რამდენ ადგილზე ხორციელდება ბათუმში უკონტაქტო პატრულირება, ინფორმაცია საპატრულო პოლიციიდან ვერ მივიღეთ. შესაბამისი ინფორმაცია არც შსს-ს ვებგვერდზე იძებნება.

კანონით, უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე. ბრძანების გამოცემისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობას, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობას, პოლიციის სარგებლობაში არსებული სტაციონარული ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემების რაოდენობასა და განლაგებას, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებს. დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება უკონტაქტო პატრულირების განხორციელების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ გასაცნობად და აღსასრულებლად ეგზავნება ცენტრს და თავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“.

პოლიციას, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან, მიეცა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მათ შორის ისეთზე, რომელსაც არ აქვს სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

შესაბამისი კანონით, უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს; სხვა შემთხვევაში ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში უნდა განადგურდეს.

უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე იწერება ფულადი ჯარიმა.

უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებისას [ისევე როგორც ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე] ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. ანუ, უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები არ დააკლდება.

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, გარკვეულ შემთხვევებში, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებასაც იწვევს. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისი / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /

უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისი / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /

უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასასრული / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /

უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასასრული / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /

ukontaqto qaver

გადაბეჭდვის წესი


ასევე: