სიახლეები

რატომ ვერ დახარჯა აჭარის მთავრობამ ფული

27.09.2014 • 1618
რატომ ვერ დახარჯა აჭარის მთავრობამ ფული

 

“ფული მნიშვალოვანი ბერკეტია სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად – ბერკეტი გაქვს, რომელსაც ვერ იყენებ მაშინ, როცა ეს სფეროები არც თუ ისე მოწესრიგებულია. აქ ან დაგეგმვაშია შეცდომა დაშვებული ან კიდევ საშემსრულებლო პოლიტიკაა გადასახედი”, – აჭარის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში შეუსრულებლობას ასე განმარტავს ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი მურმან ცეცხლაძე.
დაგეგმილი 78 მილიონიდან აჭარის მთავრობამ ექვს თვეში მხოლოდ 39 მილიონი დახარჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ 50 პროცენტით შესრულდა. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ამ შედეგების გამო უსაყვედურეს, თუმცა ანგარიშის ცნობად მიღების საკითხს სხდომაზე დამსწრე ცხრამმეტივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

მინისტრმა დავით ბალაძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზებს შორის არჩევნები და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვაც დაასახელა. მინისტრმა განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო მუნიციპალიტეტებმა თანხები ვერ აითვისეს, რის გამოც სამინისტროს არ მიეცა საშუალება მათთვის გათვალისწინებული ტრანსფერი გადაერიცხა. მის ამ არგუმენტს უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია არ იზიარებს:

 

“თუ ზუსტი თარიღი არა, დაახლოებით მაინც ხომ იცოდნენ როდის იქნებოდა არჩევნები. დაგეგმვისას უნდა გაეთვალისწინებინათ”, _ განმარტავს უმაღლესი საბჭოს წევრი `ნაციონალური მოძრაობიდან” ეკატერინე თარგამაძე. მისივე განმარტებით, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების პრობლემა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ.
საბოლოო ჯამში თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ტრანფერებიდან, რაც საანგარიშო პერიოდში 17 მილიონ 909 200-ს შეადგენდა, მხოლოდ მილიონ 713 100 ლარია გადარიცხული, რაც გეგმის 9, 6 პროცენტია.

 

ანგარიშის მიხედვით, აუთვისებელი თანხიდან 5 მილიონი ლარი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის განმავლობაში მდინარე ჭოროხისა და მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან 200 000 კბ.მ. ნატანის ამოღებას და აჭარის ზღვის სანაპიროს 3 წერტილში (ადლია, დაბა ჩაქვის სანაპირო ზოლი და ქობულეთი) ჩაყრას ითვალისწინებს. ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წლის I-II კვარტალში დაგეგმილი იყო დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. მდინარე ჭოროხზე წყლის დონის მომატების გამო ვერ მოხერხდა ინერტული ნატანის ამოსაღები ტერიტორიების მოძიება, ვერ მომზადდა ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და, შესაბამისად, არ იქნა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.

 

ტურიზმის დეპარტმენტს ჰქონდა ასევე დაგეგმილი საერთაშორისო სარეკლამო კამპანია, რომელსაც ტენდერებიდან ეკონომია მორჩა. გარდა ამისა, სარეკლამო კამპანია ჩაიშალა უკრაინაში, იქ განვითარებული მოვლენების გამო. `შესაბამისად, წარმოიქმნა ეკონომია 280,0 ათასი ლარი. ჯამში 140,0 ათასი ლარის ეკონომია წარმოიშვა პოლონეთის, თურქეთის, ლიტვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სარეკლამო კამპანიების შესყიდვების დროს, რაზეც აღნიშნულ ქვეყნების სოციალურ ქსელებში დამატებით რეკლამის განხორციელებაზე გამოცხადდა ტენდერი. ამასთან, სარეკლამო კამპანიები აზერბაიჯანში – 80,8 ათასი ლარისა და სომხეთში _ 77,2 ათასი ლარის ღირებულებით, დასრულდა ივნისის ბოლოს და დაფინანსება გადავიდა ივლისის თვეში”.

 

ასევე დაგვიანებით გადაერიცხა ქობულეთის მუნიციპატეტს ტრანსფერის სახით გათვალისწინებული ხუთი მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოები შესრულებული იყო, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, გადარიცხვა დაგვიანდა.
თანხები მორჩა გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტსაც. საანგარიშო პერიოდში ამ დეპარტამენტს 3 713 000 ლარი უნდა დაეხარჯა კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, თუმცა ხარჯმა მხოლოდ 948 300 ლარი შეადგინა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზებზე საუბრისას, ტენდერებისგან მიღებული ეკონომიის გარდა, ექსპერტიზის საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ: `ხშირ შემთხვევებში ხელშეკრულება ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზას. ეს პროცესი დროში იწელება, რადგან უმეტესი ორგანიზაცია მიმართავს სამხარეულის ბიუროს. ვთქვათ, თუ მაისში დასრულდა სამუშაოები და უნდა მოხდეს ანაზღაურება ივლისში. ამის შემდეგ ექსპერტიზის გაჭიანურება იწვევს დაგვიანებით ანაზღაურებას”.

 

მურმან ცეცხლაძის განმარტებით, ის, რომ ვიღაც ვალდებულებას ვერ ასრულებს, საშემსრულებლო დისციპლინის საკითხია, რაც დამკვეთის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს: “ისეთ კომპანიასთან არ უნდა გააფორმო ხელშეკრულება, რომელიც არ არის მზად დავალების შესასრულებლად. საშემსრულებლო დისციპლინა თავის ადგილზე თუ არ დადგა, მიზეზები არ დაილევა. მიზეზის ნახვა ყოველთვის შეიძლება. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თავიდანვე რომ არ ყოფილიყო დაშვებული შეცდომები, ასეთ დიდ გარღვევას ადგილი არ ექნებოდა. მოქალაქეს სულ არ აიტერესებს სამინისტროს რა მიზეზები აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ხალხის განწყობაზე.”

გადაბეჭდვის წესი