ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარსა და პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელსაც ჩატარდება. შესაბამისი ტენდერები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 ივლისს დასრულდება.
ფიჭვნარში გათხრები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება, რისთვისაც 22 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პეტრას ციხეზე გათხრები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 22 ათას 500 ლარია გამოყოფილი. არქეოლოგიური გათხრები აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს:
[checklist]
- ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების წარმოება გამარჯვებული პირის მიერ მომზადებული არქეოლოგიური პროექტის შესაბამისად;
- პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრების წარმოება კი, იმ პროექტის შესაბამისად, რომელსაც გამარჯვებულს გადასცემს სააგენტო.
[/checklist]
არქეოლოგიური გათხრების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უნდა გადაეცეს:
[checklist]
- შესწავლილი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები.
- არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა;
- კროკები;
- არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში.
[/checklist]
ფიჭვნარის არქეოლოგიურ გათხრებში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 2 არქეოლოგი, რომელთაც ექნებათ მინიმუმ 2 მსგავს ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება. გათხრებში ასევე უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ ერთი მხატვარ-არქიტექტორი, რომელსაც ექნება მინიმუმ ერთ მსგავს ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება.
პეტრას ციხის არქეოლოგიურ გათხრებში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 3 არქეოლოგი, რომელთაც ექნებათ მინიმუმ 3 მსგავს ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება. ასევე მინიმუმ ერთი მხატვარ-არქიტექტორი, რომელსაც ექნება მინიმუმ ერთ მსგავს ექსპედიციაბში მონაწილეობის გამოცდილება.
ამავე თემაზე:
ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება
ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე