მთავარი,სიახლეები

რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს

26.05.2017 • 2299
რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს

აჭარის მთავრობამ ახალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური შექმნა. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს. დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს.

დებულების მიხედვით, ახალმა სამსახურმა სამინისტროებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის უნდა უზრუნველყოს „ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული ინფორმაციული-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა“.

გარდა ამისა, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ასევე ინფორმაციული სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა-განვითარებაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ახალი პროგრამული პროდუქტის ტესტირებაც უნდა მოახდინოს, დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

სამსახურის დაკომპლექტების შემდეგ, სამთავრობო უწყებების არსებული ინტერნეტსაიტების განახლებულ ვერსიებსაც უნდა ველოდოთ. დებულებაში წერია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ვებსაიტების დიზაინის კორექტირებაზე უნდა იზრუნოს, ასევე საპრეზენტაციო მასალების რედაქტირებაზე, შესაბამისი თანამდებობის პირების მოწმობების და საშვების მომზადებაზე.

ახალ სამსახურში სამი განყოფილება იქნება:

[checklist]

  • ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნვლეყოფის
  • ტექნიკური მხარდაჭერის
  • ონლაინმარკეტინგის და სოციალური მედიის

[/checklist]

დებულებაში დაკონკრეტებული არ არის, ჯამში რამდენი ახალი საშტატო ერთეული დასჭირდება ახალ სამსახურს.

რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური წერილობით ანგარიშებს წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე ჩააბარეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მთავრობას – მოთხოვნისთანავე, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.

ახალი სამსახურის საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მისი შემოსავლების წყარო შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

[checklist]

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება;
  • თავდებობა;
  • საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
  • სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: