მთავარი,სიახლეები

ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს

25.05.2017 • 3346
ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს

ქობულეთის ცენტრში არსებული წრიული და ქუჩის გამყოფი ზოლები, რომლებიც ბეტონით შემოსაზღვრულ გაზონებს წარმოადგენს, ჯერ კიდევ დილით ამ ადგილზე მოშლილი იყო.

გუშინ ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე გადაიტანეს.  დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანისთვის, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო.

„ჩვენგან თანხა არ იხარჯება, ეს ყველა ვალდებულება შპს „ანაგს“ აქვს აღებული, რომელმაც უკვე უზრუნველყო ყველა სამუშაო საკუთარი რესურსებით – ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მალხაზ რომანაძე – მაღალი გაბარიტული ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით მომართვაც ჰქონდა გაკეთებული ჩვენთან, ჩვენ შევისწავლეთ და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე გადაიტანა… მოშალა და შესაბამისად, აღდგენითი სამუშაოებიც თავად ჩაატარა“.

გადატანილი ევკალიპტის ხე გელაურის დასახლებიდან

გადატანილი ევკალიპტის ხე გელაურის დასახლებიდან / როინ გუნდაძის ფოტო

გელაურის დასახლებიდან ევკალიპტის გადატანისას დაზიანდა წყლის სისტემის მაგისტრალი, რის გამოც ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.  მალხაზ რომანაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია – „ყველა კომუნიკაცია მწყობრშია რაც ამ სამუშაოების გამო დაზიანდა. წყლის გარდა საავადმყოფოს დასახლებას არ მიეწოდებოდა გაზი და ისიც აღდგენილია ამ დროისთვის” – ამბობს ის.

ფოტოების ავტორი: ანა ბერიძე.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: