სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაციონალები სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას

09.06.2014 • 1556
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაციონალები სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას

„ორ თვეში შემოვიარე საქართველო, ძალიან დიდი გაჭირვება  დამხვდა ყველგან. დაუჯერებელიც კი არის სად წავიდა ამდენი ფული, რაში დაიხარჯა.  ელემენტალური პრობლემები არ აქვს ხალხს მოგვარებული.  არის ისეთი სოფლები საქართველოში რომლებსაც დენი საერთოდ არ მიეწოდებათ. ჩვენ ყველამ ვიცით რაში დაიხარჯა ეს თანხა. ეს დაიხარჯა ერთი კაცის  და წინა ხელისუფლების სასახლეების შენებაში.  ხალხს კი მუდმივად ატყუებდნენ რომ ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა არასდროს ქვეყანაში. დღესაც ამას ბედავენ და იტყუებიან.

და თუ ეს ასე იყო რატომ არის ჩვენი ხალხი ასეთ გაჭირვებაში? რატომ ვერ მოხერხდა ელემენტალური პრობლემების მოგვარება? სწორედ ამიტომ გამოუტანა ჩვენმა ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოაშორა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ არის მოახლოებული არჩვენები მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას –  ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე ისაუბრა და საკუთარ გამოსვლაში ყოფილი ხელისუფლება არაერთგზის გააკრიტიკა. ასევე რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.  ღარიბაშვილმა გამოუძიებელი საქმეების გამოძიების პირობაც დადო, მოსახლეობას ემოციების შეკავებისაკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ იქნება დასჯილი.

„ყველა ის საქმე, რომლის გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ყველა დამნაშავე იქნება ბოლომდე დასჯილი კანონის შესაბამისად,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა რომ სამაგალითო არჩევნები უნდა  ჩატარდეს.

„ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისთვის რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. და ეს არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ ვითარებაში. და ერთადერთი ვინც ამას ვერ ეგუება და ამის აღიარება არ უნდა ეს არის ნაციონალური მოძრაობა.  ვინაიდან მათ იციან რომ დარჩათ რამდენიმე დღე რომ ისინი საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დასასრულს პრემიერმა აჭარის მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი   დავით დუმბაძეა, ქობულეთის სულხან ევგენიძე, შუახევის  ტარიელ ებრალიძე, ხელვაჩაურის ნადიმ ვარშანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის  ბესიკ ბაუჩაძე. ბათუმის მერობისთვის კი გიორგი ერმაკოვი იბრძოლებს.


გადაბეჭდვის წესი