მთავარი,სიახლეები

რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში

01.05.2017 • 3090
რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია უნდა აიკრძალოს.   არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასში ამ ეტაპზე არ შედის  სხვადასხვა  ცხიმზე დამზადებული ცომეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. რას ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციები და რა სანქციები გატარდება მეიჯარის წინააღმდეგ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში?

საქართველოს განათლების სამინისტროს, პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის  მაია მუშკუდიანის განმარტებით, უკვე შემუშავებულია იმ კონკრეტული საკვების ჩამონათვალი, რისი რეალიზაციაც სკოლებში უნდა აიკრძალოს.

„ეს არის ჩიფსი, სუხარიკები, ნებისმიერი კანფეტი, შოკოლადი, გაზიანი სასმელები და მაიონეზით შეზავებული პროდუქტი. რაც შეეხება ცომეულს, ამის ამოღება გათვალისწინებული გვაქვს მეორე ეტაპისთვის, რადგან პირველ ეტაპზე, ცომეულის აკრძალვა ძალიან მკაცრი იქნებოდა მეიჯარეებისთვის ფინანსური თვალსაზრისით.

იმას, რომ არ იყოს გამოყენებული მეორადი ცხიმი ცომეულის დამზადების დროს, გააკონტროლებს სურსათის უვნებლობის სამსახური,“ – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა მიიჩნევა სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით ჯანსაღ კვებად? მაია მუშკუდიანი ამბობს: „მენიუში სავალდებულოდ უნდა შევიდეს ხილი და ბოსტნეული, იქნება ეს სალათის სახით ან უმად.

ბოსტნეული შეიძლება იყოს დაჭრილი სახით  და მოსწავლეები თავიანთი გემოვნებით შეაზავებენ სალათს.  საუბარია ხილის სალათებზე და რძის პროდუქტზე, – ხაჭო, იოგურტი.  სასმელს რაც შეეხება, რეკომენდაციაში არის მხოლოდ ბუნებრივი  წვენები, კისელი, ჩაი და კაკაო“.

მაია მუშკუდიანის თქმით, ამის პარალელურად იგეგმება ჯანსაღი კვების კამპანია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად სტუდენტებიც იქნებიან  ჩართული.

„კამპანიის დროს ის პროდუქტები იქნება აქტიურად წარმოდგენილი, რის მიღებასაც გვინდა რომ შევაჩვიოთ ბავშვები.  იგეგმება კვების ფესტივალი, კულინარიული შეჯიბრებები და სხვადასხვა აქტივობა“.

მაია მუშკუდიანის თქმით,  რეკომენდაციები მეიჯარეებისთვის სავალდებულოა და მისი შესრულება მიმდინარე სასწავლო წლიდან უნდა დაიწყოს.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეიჯარეს გაუუქმდება ხელშეკრულება.  „ჩვენ მეიჯარეს დავეხმარებით, რომ ჯანსაღი პროდუქტი შეიტანოს კოლაში და მის გაყიდვაშიც დავეხმარებით,“- ამბობს მაია მუშკუდიანი.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ბუფეტი იჯარით ციალა დიასამიძეს აქვს აღებული.  ის ამბობს, რომ სამინისტროს რეკომენდაციები მას ჯერ არ მიუღია.

„კრეკერები, ჩიფსები და ტკბილეული – ისედაც არ შემომქონდა სკოლაში. ცომეულს – ფენოვანს, იმერულ  ხაჭაპურს და ფუნთუშებს ვყიდით, მაგრამ  ზეთზე და სხვა ცხიმზე დამზადებული, ვფიქრობ, არ უნდა იყიდებოდეს, რადგან  ხშირია შემთხვევები, როცა  მეორადი ზეთი გამოიყენება, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის,“- გვეუბნება ის.

ციალა დიასამიძის თქმით,  ბავშვები და მოზარდები ჯანსაღ კვებას რომ მიეჩვიონ, მარტო სკოლის ბუფეტების კონტროლი არ არის საკმარისი, რადგან სკოლის ირგვლივ უამრავი მაღაზიაა, სადაც  არაჯანსაღი საკვები იყიდება.

„ვფიქრობ, ჯანსაღი კვების კულტურა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს და კარგი იქნება, თუ სალათებს და ხილს შევთავაზებთ მოსწავლეებს. ეს არ აისახება ფასებზეც და ვფიქრობ, ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვისაც“.

ციალა დიასამიძის თქმით, შეიძლება პრობლემა გაჩნდეს გაზიან სასმელებთან დაკავშირებით, რადგან მასზე მოთხოვნაა. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიაში მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობაც, რადგან  არაჯანსაღ პროდუქტებს მშობლებიც  ყიდულობენ.

ამავე თემაზე:

სადილობა ტკბილეულით

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: