მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის 

14.02.2017 • 3196
სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბათუმის ორ ქუჩაზე [ტაო, ხიხანი] მცხოვრებ ოჯახებს, ექსპროპრიაციის წესით საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ართმევს. როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.

კერძო მესაკუთრე ნაირა იაკობაძე ამბობს, რომ მას და მის მეზობლებს „გროშები შესთავაზეს“. „3400 მეტრი მიწა მაქვს, 180 კვადრატული სახლი და 500 ძირზე მეტი ხეხილი. შემომთავაზეს 150 ათასი ლარი. მე მყავს სამი ობოლი, ჩემმა ქმარმა ეს ქონება დაუტოვა თავის სამ შვილს. მე ისინი ამ ქონებით უნდა დავაყენო გზაზე. მათი შვილები სკოლებშიც კი საზღვარგარეთ სწავლობენ, ჩემს შვილებს იმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ საქართველოში ისწავლონ უნივერსიტეტში? რა ვქნა 150 ათასი ლარით, ვიყიდი ერთ ბინას და ეგაა. ჩემს მიწაზე ხეხილი მაქვს, ბოსტნეული მომყავს, დარწმუნებული ვარ, რომ შვილები მშიერი არ დამრჩება, დავთესავ ბაღჩაში ყველაფერს და გამოვკვებავ, მაგრამ ერთი ბინით რა გავაკეთო?“ – ამბობს ტაოს ქუჩაზე მცხოვრები ქონების მესაკუთრე.

ნაირა იაკობაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ასევე სახელმწიფოსგან  ღირსეულ მოპყრობას ითხოვს: „მე სახლში არ მაქვს რემონტი და ევრორემონტის ფასს არც ვითხოვ, მე ვითხოვ მშენებარე ბინის ფასს. 350 დოლარი ღირს ჩვენთან მშენებარე ბინის კვადრატი და მე მაძლევენ 200 ლარს, რა ვიყიდო. 60-დან 100 დოლარამდე ღირს მიწის კვადრატი, მე მაძლევენ 20 ლარს. მაინც ჩამოგართმევთო. გამოიჩინოს სახელმწიფომ ჰუმანურობა და იზრუნოს თავის მოქალაქეებზე. არ შეიძლება ჩვენი გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდნენ სხვები. მე ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ მოგვექცევიან ძაღლებივით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ქონება წესიერად შეაფასონ. მეტს არაფერს“.

იმავე ვითარებაშია ტაოს ქუჩაზე მცხოვრები უმიან წითელაძის ოჯახი. ამ ოჯახს საკუთრებაში აქვს 1160 კვ/მ მიწის ნაკვეთი ნარგავებით და  85 კვადრატული მეტრი სახლი. „მიწაში – ერთ კვადრატულ მეტრში 20 ლარს მთავაზობენ. მთლიანობაში ჩემი კარმიდამო შეაფასეს 102 ათას ლარად, ეს გამოდის 35 ათასი დოლარი. რა უნდა ვიყიდო ამ ფასად, ალბათ, ვიყიდი ერთ პატარა ბინას, მაგრამ მე არ მინდა ბინაში ცხვორება. ეგეც რომ არ იყოს, იმ ბინაში რითი უნდა ვიარსებო, ახლა ოჯახი მეურნეობით ვირჩენთ თავს. ეზოში მაქვს პროფილაქტიკა და მაგით ბანკის ვალებს ვიხდი. ამ წუთში სამხარაულის ექსპერტიზაზე არიან წასული მეუღლე და მეზობლის მამაკაცები… 9 მოსახლე ვართ, ვისაც ეს გვემუქრება. ასევე ეს ეხება 20-მდე მოსახლეს, რომლებსაც მიწები აქვთ დარეგისტრირებული, მაგრამ სახლის აშენების უფლება არ მისცეს“, – ამბობს უმიანი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 100 345 ლარი შესთავაზა იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ქოქოლაძეების ოჯახს. სოფიო ქოქოლაძე ამბობს, რომ ამ ფასად არ დათმობენ ორსართულიან სახლს: „250 კვადრატი ახალგარემონტებული სახლი მაქვს და სახლის ჩათვლით მიწა – 500 კვადრატია. სახლის ერთი კვადრატი 513 ლარად შემიფასეს, ხოლო მიწა – 20 ლარად. არ მინდა გადასვლა, ძლივს მოვიწყე ცხოვრება. ბინა არ გვინდა, მიწა გვინდა ვიყიდოთ და სახლი ავაშენოთ. ასე უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს“.

ოჯახები ამბობენ, რომ არ იციან როგორ შეინარჩუნონ გარემო და ქონება, რომელსაც მთელი ცხოვრება ქმნიდნენ; მაგრამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრმა, გიორგი შარკოვმა იცის, რომ ეს ოჯახები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებენ ამ ქონებას, რადგან ტერიტორია უკვე ელექტროსისტემის საკუთრებაა და არა მოქალაქეების:

„მათი მოთხოვნა ეხება კომპენსაციების ოდენობას. საკომპენსაციო თანხის ოდენობა დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან და საქართველოს ხელისუფლებასთან. დამტკიცებულია განსახლების გეგმა და სწორედ ამ განსახლების გეგმის მიხედვით, რაც ეკუთვნით კომპენსაცია იმ თანხას გავცემთ. მათ საკომპენსაციო პაკეტს ვთავაზობთ. მათი უკმაყოფილება არის ის, რომ არასაკმარისად მიიჩნევენ თანხის ოდენობას. ჩვენ არაერთხელ ავუხსენით, რომ თუ ისინი არ ეთანხმებიან კომპენსაციის ოდენობას, მაშინ მივდივართ ექსპროპრიაციის გზით. ეს ნაკვეთები ტაოს ქუჩაზე უკვე ჩვენს საკუთრებაშია. რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, მათ შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და თუ დაადასტურებენ, რომ საკომპენსაციო თანხა უფრო მეტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით სასამართლო გადაწყვეტილებას“.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ექსპროპრიაციის შემთხვევაში მოქალაქეების მდგომარეობა არ გააურესოს. გიორგი შარკოვი მიიჩნევს, რომ ეს ასეც არის: „ნამდვილად არ არის ამ ხალხის უფლებები იგნორირებული, ჩვენ სახელმწიფოს სახით დავიქირავეთ დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელმაც შეაფასა მათი ქონება აგურ-აგურ. მე ვერ გეტყვით ბათუმში ეს ქონება რა ღირს, ეს დაადგინა აუდიტორმა, მე მის რევიზიას ვერ გავაკეთებ, ეჭვის ქვეშ ვერ დავაყენებ აუდიტის დასკვნას. შეუძლიათ მოიწვიონ ალტერნატიული აუდიტი, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე მიიტანონ ეს სასამართლოში და პრობლემის გარეშე ვალდებული ვიქნებით შევასრულოთ ეს გადაწყვეტილება“.

გიორგი შარკოვი ვარაუდობს, რომ სასამართლო დავები წლობით არ გაიწელება, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედის. მაგრამ იქვე დასძენს, რომ თუ კომპანია ჩათვლის საჭიროდ, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს სხვა ინსტანციებში, რაც თავისთავად გულისხმობს დავის წლობით გაგრძელებას.

გარდა ამისა, გიორგი შარკოვი სამართლიანობაზე საუბრის დროს დაბეჯითებით აცხადებს, რომ მათი შეთავაზება მოქალაქეებისადმი სამართლიანია და ეს სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან „ამ პროცესს აკვირდება მსოფლიო ბანკი. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე, მოსახლეობა არ უნდა იყოს დაჩაგრული, მსოფლიო ბანკი არ დაუშვებს მოქალაქეების პირობების გაუარესებას“.

გიორგი შარკოვი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ მსოფლიო ბანკში კომპენსაციის გაცემა სამი წლის წინ არსებული ლარის კურსით.

„მსოფლიო ბანკის პოზიციის გასაგებად შეგიძლიათ მიმართოთ მსოფლიო ბანკს. მე ვერ გეტყვით. მე გითხარით, რომ ეს შეთანხმებულია, ჩემთვის შეთანხმება ნიშნავს, რომ ის ეთანხმება ამას.“, – განუცხადა მან „ბათუმელებს“.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამი წლის წინ გაწერილ სამოქმედო დოკუმენტში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იყო 1,65. გიორგი შარკოვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს დღესაც იმავე კურსით სთავაზობს კომპენსაციას: „მიდგომა არ შეცვლილა იმიტომ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმაში არსებული თანხები დამტკიცებული და შეთანხმებული იქნა მაშინ. გეთანხმებით, მითითებული იყო კურსი“.

შეკითხვაზე – სახლების დასანგრევად ძალას თუ გამოიყენებენ, გიორგი შარკოვი პასუხობს: „ჩვენ მივმართავთ კანონით დადგენილ ყველა საშუალებას, ვინაიდან ეს პროექტი არის რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში ექსპროპრიაციის გზით მოქალაქეებს სახლები დაუნგრიეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა 2012 წელს, როდესაც სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაუნგრია მოქალაქეებს კარმიდამო, მათგან ერთ-ერთი მესაკუთრე, მარტოხელა ქალი მოგვიანებით სახლის ნანგრევებზე გარდაცვლილი იპოვეს”.


ფოტო: საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: