სიახლეები

„ქეთო და კოტეს“ შემდეგ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი

28.02.2013 • 2381
„ქეთო და კოტეს“ შემდეგ  ბათუმის მუსიკისა და  ხელოვნების ცენტრი

ბათუმის მუსიკისა და  ხელოვნების ცენტრი ამ ეტაპზე გასტროლების რეჟიმში მუშაობს, ადგილობრივი მაყურებლისთვის კი საოპერო სპექტაკლის „კარმენის“ დადგმა იგეგმება. ცოტა ხნის წინ ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლი „სოფლის ღირსება“ შესთავაზა. ცენტრის ახალი დირექტორი გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, თუმცა იმ მასშტაბის გამოხმაურება, რაც ბათუმში სამთავრობო ხარჯებით დაფინანსებულ „ქეთო და კოტეს“ და „ვერის უბნის მელოდიებს“ მოჰყვა, არც ერთ სხვა სპექტაკლს არ მოჰყოლია.

 

გახმაურებული ბავშვთა ოპერა აჭარაში, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა კიდევაც, თავის დროზე ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდებოდა. გარემიქსებული „ქეთო და კოტე“ კი, რომლის პრემიერითაც ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის რესტავრირებული შენობა გაიხსნა, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. ამ სპექტაკლის ხარჯებს, რომლისთვისაც ჯამში ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიდხანს ასაიდუმლოებდა. სპექტაკლის პოპულარიზაციას კი გახსნამდე და გახსნის დღიდან თავად პრეზიდენტიც ეწეოდა. ~

 

მიხელ სააკაშვილის სახელს უკავშირდებოდა განახლებული მიუზიკლი „ვერისუბნის მელოდიებიც“, რომლის დადგმაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ამ სპექტაკლის რეპეტიციებზე ბათუმში მსახიობებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები ეცვათ, რაც დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო რესურსის გამოყენებად შეაფასეს.   ეს სპექტაკლიც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა.

 

სამთავრობო პროექტების ჩავლის შემდეგ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მაშინ მოექცა, როცა ახალრესტავრირებულ შენობაში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ კი ამ შენობაზე ან იქ გამართულ სპექტაკლებზე ბევრი არავის ულაპარაკია და თითქმის არაფერი დაწერილა, თუ არ ჩავთვლით აჭარის ტელევიზიის გადაცემა „სცენის“ ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს. კულტურის სახლის შენობის განახლება აჭარის მთავრობის პროგრამით განხორციელდა.

 

ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე, რომელიც არჩევნებამდე ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში კი ბავშვთა საოპერო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, არ უარყოფს, რომ ყველაზე გახმაურებული სპექტაკლები ძირითადად პოლიტიკოსების დაკვეთა იყო და მათივე სახელს უკავშირდებოდა: „დიახ, ეს შეიძლება მათი პიარიც იყოს, თუმცა ამაში ცუდი არაფერია“.

ცენტრში გვერდითა შესასვლელიდან შევდივარ. ხუთსართულიანი შენობა თითქმის ცარიელია, დაცვის წევრი მთავარი დარბაზის შესასვლელამდე მაცილებს. საკონცერტო დარბაზის სცენა შენობაში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც ცენტრის თანამშრომლების ნახვა მოვახერხე: „…ტექნიკოსები ვართ, მალე სპექტაკლი იგეგმება და განათების სისტემას ვარემონტებთ“ – მეუბნებიან. მათი მუშაობის პროცესის ფოტოზე აღბეჭდვის ნებართვა მობილური ტელეფონის მეშვეობით ცენტრის ახალი დირექტორისგან ავიღე. მოგვიანებით ახალ დირექტორსაც შევხვდი, რომლისგანაც ცენტრის სამომავლო გეგმებზე მივიღე ინფორმაცია: „ადგილობრივი მაყურებლისთვის ვდგამთ საოპერო სპექტაკლს  „კარმენი“, გეგმაში გვაქვს ასევე ლეონ კავალოს „ჯამბაზების“ დადგმაც. ახალგაზრდულ თეატრს ექნება მინიმუმ ერთი სპექტაკლი ახალ ფორმატში, ისეთივე, როგორიც ჩვენ მაყურებელს უკვე ვაჩვენეთ, ეს არის როკოპერა, ანუ თანამედროვე ფორმა.

 

ოქტომბერში გაიმართება ქეთი დოლიძის ფესტივალი „საჩუქარი“, არის ასეთი ფესტივალი, თუმანიშვილის სახელობისაა. ჩვენ გავხსნით ამ ფესტივალს  ოქტომბერში ბათუმში. არის მისი საზღვარგარეთ გატანის იდეაც. გვინდა ბავშვების როკოპერის გატანაც, ამ ბავშვებს ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები აქვთ. ანუ წლის განმავლობაში იქნება სამი ახალი სპექტაკლი და კლასიკური მუსიკის საღამოები. ასევე ოქტომბერში ჩვენს თეატრს უსრულდება 20 წელი, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი“, – ამბობს გიორგი მიქელაძე.

კულტურის ცენტრი ბათუმის მუსიკალური ცენტრის ბაზაზე შეიქმნა და ის სიმფონიურ ორკესტრს, კაპელას, საოპერო სტუდიას, ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრს და კვარტეტ „ნოტას“ აერთიანებს. ამ დროისათვის ბათუმის კულტურის ცენტრში 350-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: