მთავარი,სიახლეები

სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა

20.12.2016 • 2615
სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საქმეს განიხილავს. მოდავე მხარეები ამ დრომდე ერთ ოჯახში ცხოვრობენ: მანანა დ.-მ და ომარ წ.-მ დაახლოებით 10 წლის წინ გააფორმეს სამისდღეშიო ხელშეკრულება, რაც იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ომარი მანანას რჩენის ვალდებულებას იღებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მანანას საცხოვრებელ ბინას ომარი მიიღებდა წერეთლის ქუჩაზე.

მანანა დ. ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. „თვითმხილველი ვარ, ეს ბატონი არის თათღლითი… მან რამდენჯერმე იძალადა მანანაზე და პოლიციის მესამე განყოფილებამ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა კიდეც“, – მიმართა მოსამართლეს ჟანა გ.-მ. ის მანანას ინტერესებს იცავს სასამართლოში. თავად მანანა სასამართლო პროცესს დღეს არ დასწრებია.

სასამართლო სხდომაზე მოწმეების თანდასწრებით მივიდა ომარ წ. თქვა, რომ ბინაში წლების წინ არც კი იცხოვრებოდა, ბანკიდან სესხი, 6 ათასი ლარი გამოიტანა და ამით გაარემონტა ბინა. ირწმუნება, რომ საკვებით, შეშით და მედიკამენტებით უზრუნველყოფს მანანას და მისი პრეტენზია სამართლიანი არ არის.

„საჩივრის მიზეზი არის ის, რომ ეს ქალი ეჭვიანობს ომარზე, მოითხოვს მასთან ინტიმურ ურთიერთობას,“ – უთხრა მოსამართლეს ომარის ადვოკატმა, ირაკლი ზაქარიაძემ.  ადვოკატის თქმით, საქმე არსებითად უნდა განიხილოს სასამართლომ და გაირკვეს, ვინ არ შეასრულა სამისდღეშიო ხელშეკრულების პირობა.

„მე ვარ მანანას რეალური შვილი. 18 წლის ვიყავი, როცა დედა გავიცანი“, – გვითხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟანა გ.-მ. მისი თქმით, ის დაბადებისთანავე გააშვილეს და ბიოლოგიური დედა მას შემდეგ გაიცნო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა: „ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები ვართ. დედა გავიცანი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მიმიღო… არ უნდოდა ჩემთან ერთად ცხოვრება. ასე გადაწყვიტა თვითონ, რომ ხელშეკრულება ამ კაცთან დაედო. ომარი თავის ცოლ-შვილთან ერთად მანამდე მანანასთან ქირით ცხოვრობდა. ფიზიკური ძალადობის ფაქტებს მეზობლებიც ადასტურებენ“.

ჟანა გ. ამჟამად მანანა დ.-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში. სხვა სამართლებრივი ურთიერთობა მას მანანა დ.-თან არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: