მთავარი,სიახლეები

მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

14.12.2016 • 6228
მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

მერია ბათუმის ბულვარს მართვაში არ იბრუნებს, ამის მიზეზად კი ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სასამართლო დავებს ასახელებს. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ინიციატორი რატომღაც არა ბათუმის მერი ან მერიაა, არამედ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია. სხდომაზე საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურისტს არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეძლებს ბულვარის საქმეების გაგრძელებას მერიის „აიპი“, რომელიც სპეციალურად ბულვარის სამართავად შექმნეს.

ბათუმის მერის, ასევე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მოსაზრებით, უმჯობესია მერიამ ბულვარი მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ გადაიბაროს აჭარის ფინანსთა სამინისტროსგან. ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს სხდომაზე განმარტა:

„გახსოვთ თქვენ, თუ რამ გამოიწვია ჩვენი აღშფოთება, მათ შორის ჩემიც. ეს იყო გასული წლიდან დაწყებული პროექტი, რომელიც შეთანხმდა ბათუმის მუნიციპალიტეტთან და კაპიტალური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა, რაც არ ცვლიდა ბულვარის სტრუქტურას. იქ არ იყო გათვალისწინებული მესამე ხეივნის გაუქმება. ამან გამოიწვია ჩვენი სამართლიანი აღშფოთება და ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2016 წლის ბოლოს შეგვექმნა აიპი ბულვარის სამართავად, მაგრამ როდესაც მე ორი დღის წინ დავინტერესდი ბულვარში მიმდინარე პროცესებით, მივიღე ინფორმაცია დაუმთავრებელი პროექტების შესახებ, როგორც ფინანსთა სამინისტროსგან, ასევე ბულვარის ადმინისტრაციისგან. ახლა იქ ე.წ. „ტყუპებიდან“ „კემპინსკამდე“ ალეების კეთილმოწყობითი სამუშაოები, ასევე `საოცრებათა პარკიდან~ იახტკლუბამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მერიასთან შეთანხმებით. მივიღე განმარტება და ეს დაანონსებულიც იყო, რომ უნდა მოხდეს დავის საგნად ქცეული „რვაფეხას“ მთლიანად აღდგენა და რესტავრაცია. ეს არის დაუმთავრებელი პროექტები, რომელთა დასრულებაც აუცილებელია.“

გიორგი ერმაკოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებაზე გასულ წელს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და რომ „თავადაც სხვებივით იყო აღშფოთებული“, თუმცა, ბათუმის მერის საჯარო აღშფოთება ამ თემაზე საზოგადოებას არ ახსოვს.

მერს არ დაუკონკრეტებია, რატომ დაინტერესდა ბულვარში მიმდინარე პროექტებით მას შემდეგ, რაც 2017 წლის ბათუმის ბიუჯეტში, ბულვარის სამართავი აიპის დასაფინანსებლად 3 მილიონზე მეტი ლარი და ასამდე საშტატო ადგილი გაითვალისწინა, ან რატომ მიაჩნია მას ამ სამუშაოების გაგრძელება მერიის აიპის მიერ შეუძლებლად.

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაგრძელება და სასამართლო დავები მერიას ახალი აიპისთვის რომ გადაებარებინა, ეს სამართლებრივად პრობლემებს არ შექმნიდა. ასე მიიჩნევენ საკრებულოს ის წევრებიც ოპოზიციიდან, რომლებმაც ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირეს. „ჯამში ეს დავები ეხება მხოლოდ 180 000 ლარის ღირებულების შეუსრულებელ სამუშაოებს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.

რატომ გადაიფიქრა გიორგი ერმაკოვმა ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნება 2017 წელს, მისი უფლებამოსილების მიწურულს, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი ითხოვდა? ან რატომ იყო წარმოების შეწყვეტის ინიციატორი საკრებულოს ფრაქცია `ქართული ოცნება~ და არა თავად მერი? – ეს კითხვები გიორგი ერმაკოვს ვერ დავუსვით. ტელეფონს არც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე პასუხობს. გარდა ამისა, ბათუმის მერიის პრესსამსახურმა რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად მერიაში ვერ გამონახა კომპეტენტური პირი, რომელიც ამ საკითხებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხებდა.

არაოფიციალურად კი [მთავრობასთან დაახლოებული რამდენიმე ინფორმირებული პირის განმარტებით], გიორგი ერმაკოვი მართლა გეგმავდა ბულვარის მერიისთვის დაბრუნებას, საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე შეეწინააღმდეგა. ასე იქცეოდა პატარიძის წინამორბედი არჩილ ხაბაძე და მისი მთავრობის აწ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრიც.

ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ისაუბრა ბულვარის კონსერვაციის შესახებ ინიციატივაზე, მაშინ, როცა ქონების მეპატრონე ბათუმის მუნიციპალიტეტია და არა აჭარის მთავრობა.

ბათუმი ბულვარი, ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი ბულვარი, ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხს საკრებულოში „რესპუბლიკელებიც“ ითხოვდნენ, თუმცა ამჯერად მათ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს იმ პირობით, რომ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შევლენ როგორც საკრებულოს წევრები, ასევე მერიის მოხელეები და ის პირები არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პირვანდელი სახის შენარჩუნებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, ბულვართან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება შემდგომში ამ საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ საკრებულოს წევრებს პირობა მისცა, რომ მოიწვევდნენ ფინანსთა სამინისტროს საკრებულოში ამ საბჭოს შექმნის მიზნით. გადაწყვეტილება საკრებულომ 2 დეკემბერს მიიღო. ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროში მსგავსი საბჭო არ შექმნილა.

ერთი თვის წინ მერიამ ბათუმის საკრებულოს განსახილველად 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა, სადაც ბულვარისთვის 3 მილიონ 400 000 ლარი გაითვალისწინეს. ვიდრე ბულვარის დამცველები მსჯელობდნენ [ისინი გასულ ზაფხულს ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებდნენ], საკმარისი იქნებოდა თუ არა ბულვარის მოვლა-პატრონობისთვის ეს თანხა, მერმა გადაწყვეტილება შეცვალა და საკრებულოს ბულვარის დაბრუნებასთან დაკავშირებით თითქმის დასრულებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა სთხოვა.

ბათუმის საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, ამის მიუხედავად მერია ბულვარზე უარს არ ამბობს: „უნდა შეირჩეს ოპტიმალური დრო და ხდება მხოლოდ გადავადება ერთი წლით“.

ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ზურაბ პატარიძე არ არის ისე სახიფათო ბულვარისთვის, როგორც არჩილ ხაბაძე იყო. ზოგიერთის მოსაზრებით კი, შარშან თითქოს მერიისთვის ბულვარის დაბრუნებით საზოგადოების ის ჯგუფი დააშოშმინეს, ვინც ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებას აქციებით აპროტესტებდა.

„ახლა ჩემი პოზიცია არ არის ისეთი მწვავე, რადგან შეიცვალა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრი. საფრთხეს უფრო მთავრობის წინა ხელმძღვანელების პერიოდში ვხედავდი. ვგულისხმობ ხაბაძე-ბალაძეს, მითუმეტეს ახლა, როცა ახალმა თავმჯდომარემ დააანონსა, რომ ბულვარის კონსერვაციის გეგმაზე აპირებენ მუშაობას,“ – ამბობს ნანა მეგრელიძე, ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბულვარის“ წევრი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ წინა მთავრობის ხელმძღვანელებმა, ბათუმის მერმა და საკრებულომ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს:

„ყველას კარგად გვახსოვს ქალაქის მერის განცხადება ბულვართან დაკავშირებით. მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობა თანახმა იყო, რომ ბულვარი დაბრუნებოდა მერიას და ვადაც დაასახელა. დღეს კი სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე საზოგადოება შეჰყავდათ შეცდომაში. ეს არის ძალიან ცუდი. როცა გაცხადებულ გადაწყვეტილებას ცვლი, ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადო და აუხსნა საზოგადოებას, თუ რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება.“

ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ უწყებაში ბულვარს, არც თუ იშვიათად, განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო, ანუ სამშენებლო ზონად.

ამავე თემაზე: 

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

#სამივე – აქცია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: