კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში

24.11.2016 • 2307
როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში

აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემა შეიქმნება, რისთვისაც მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 170 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას და მას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ზოგადად, პროგრამების განხორციელებისთვის კი სამინისტრო ახალ ა[ა]იპ-ს შექმნის.

რას ითვალისწინებს ახალი სისტემა და რა შეღავათი ექნება გლეხს? – „ბათუმელები“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტებს მომსახურების ცენტრებისთვის ადგილები უკვე შერჩეული აქვთ. ადგილი შერჩეულია ბათუმშიც, გონიოს ტერიტორიაზე ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად.

„კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, წინსწრებით სამუშაოებს ვატარებთ, რომ ამ შერჩეულ ადგილებზე მალე მოვითხოვოთ პროექტები. უნდა აშენდეს 200 კვ/მ ფართობის შენობები თითოეულ მუნიციპალიტეტში, შემდეგ წლებში შეიძლება გავაფართოვოთ. როგორც კი უმაღლეს საბჭოში დამტკიცდება პროგრამა, გამოვაცხადებთ ტენდერებს,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამ სისტემის შექმნა მსხვილი კოოპერაციული გაერთიანებების შექმნასაც ემსახურება, რომლებსაც გადაეცემათ ეს ცენტრები სამართავად, ოღონდ გარკვეული პირობებით. მანამდე კი ცენტრები ახალი ა[ა]იპ-ის მართვაში იქნება.

„ეს კოოპერატივები გააერთიანებს იმდენ ადამიანს, რამდენსაც პროდუქციის რეალიზაცია უნდა ამ სისტემით. შეიძლება იყოს 200, 500-წევრიანი და მეტი, თუმცა, მკაცრად იქნება გაწერილი რა ფუნქციებით და რა მიზნებით შეეძლებათ კოოპერატიულ გაერთიანებებს ამ ცენტრების გამოყენება – ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი ექნება, გაერთიანებამ უნდა გააწევრიანოს კოოპერატივში და აუცილებლად ყველას უნდა მოემსახუროს,“ – აცხადებს მინისტრი.

როგორ იმუშავებს რეალიზაციის ახალი სისტემა? – მინისტრის თქმით, არც ერთ ეტაპზე ფერმერისგან პროდუქტის შესყიდვა არ ხდება – არც მუნიციპალურ ცენტრებში და არც ლოჯისტიკურ ცენტრში. მთელს ამ პროცესში ფერმერის საკუთრებაში რჩება საკუთარი პროდუქტი და ფაქტობრივად, ის ყიდის მას: „უბრალოდ, ეს სტრუქტურები ეხმარება, ასე ვთქვათ, პროცესის მოწესრიგებაში დოკუმენტალურად და პროცედურულად, რაც არის გარანტია იმისა, რომ ფერმერი მიიღებს გასაყიდი ფასის მაქსიმუმს,“ – განმარტავს მინისტრი.

სქემა ასეთია: ფერმერი ატყობინებს ცენტრს, რომ აქვს ესა თუ ის პროდუქტი, მას აკითხავს სოფელში მანქანა [ოღონდ განისაზღვრება თუ რა რაოდენობის პროდუქტის შემთხვევაში] და მოაქვთ პროდუქცია მომსახურების ცენტრში. აქ ფერმერის თანდასწრებით ხდება პროდუქციის გადარჩევა, აწონვა, დაფასოება, შეფუთვა, რის შემდეგაც პროდუქცია იგზავნება უკვე ბათუმში, ლოჯისტიკურ ცენტრში, ვინაიდან მთავარი სარეალიზაციო ბაზარი სწორედ ბათუმია.

ლოჯისტიკურ ცენტრში მოხდება პროდუქციის რეალიზაცია. პროდუქციის გაყიდვის შემდეგ სარეალიზაციო ფასის 20% დარჩება ცენტრს, ხოლო 80% გადაირიცხება ფერმერის ანგარიშზე.

„საწყის ეტაპზე, თუ საჭირო იქნა სისტემის მხარდაჭერა, ფინანსურად დავეხმარებით, მაგრამ გვაქვს დეტალური საოპერაციო გეგმა. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ საშუალოდ თითოეულ ცენტრში 500 ტონა საქონელი უნდა დატრიალდეს, რომ ცენტრმა შეინახოს საკუთარი თავი. ეს რომ სოფლებზე გადავანაწილოთ, საშუალოდ 7-8 ტონა საქონელია ერთი სოფლიდან,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

რაც შეეხება საქონელს, თუ რისი რეალიზაცია იქნება შესაძლებელი ახალი სისტემით, მინისტრი აცხადებს, რომ ნებისმიერი პროდუქტის, გარდა რძისა: „პირველ ეტაპზე, ანუ 2017 წელს, კონკრეტულად რძეზე თავს შევიკავებთ, რძის ნაწარმის რეალიზაცია კი შესაძლებელი იქნება, ასევე საქონლის ხორცის რეალიზაციაც, ვინაიდან ლოჯისტიკური ცენტრი შესაბამისი მაცივრითაც იქნება აღჭურვილი. უბრალოდ, პირუტყვი კანონის შესაბამისად, სასაკლაოზე უნდა იყოს დაკლული.“

მინისტრის განცხადებით, საქონლის აღრიცხვის სისტემა ცენტრალიზებული იქნება, ყველა ფილიალი ერთ ქსელში მოექცევა, სადაც საშუალება იქნება თითოეული ფერმერის საქონელი გაკონტროლდეს მისივე თვალის მიდევნებით: „ვთქვათ, გამოაგზავნა კარტოფილი ფერმერმა. მას შეუძლია ხულოს ცენტრში მივიდეს და იკითხოს რა მდგომარეობაშია მისი კარტოფილი – რამდენი გაიყიდა, რამდენად და ა.შ.“ ამასთან, ფერმერს უფლება ექნება ჩავიდეს ბათუმში, თავად მოიძიოს კლიენტი და თავად გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ლოჯისტიკური ცენტრიდან.

„დღეს, 90-95%-ის შემთხვევაში, ფერმერს ბაზარში ხვდებიან გადამყიდველები, გასაყიდი ფასიდან კი ის ვერ იღებს 30-40%-ზე მეტს. ამ ახალი სისტემით კი ფერმერი მიიღებს 80%-ს, რაც გააორმაგებს იმ შემოსავალს, რაც მას აქვს დღეს,“ – აცხადებს ლაშა კომახიძე და დასძენს, რომ პრაქტიკა დაალაგებს ყველაფერს, „თუმცა 20% სარეალიზაციო ფასიდან საკმარისია სისტემის შესანახად და მეტიც, ჩვენი გათვლებით წელიწადში სისტემა უნდა წავიდეს ერთი მილიონის მოგებაზე. ეს ერთი მილიონი მოგება კი ისევ ამ კოოპერატივების წევრების იქნება. საბოლოოდ, 145 ათასი მოსახლის პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა სახელმწიფოს მოხსნილი ექნება“.

ახალი სისტემით არ გაიყიდება ციტრუსი, ვინაიდან მინისტრის თქმით, ეს ცენტრები პატარა იქნება საამისოდ და ამასთან „უკეთესი სისტემა არსებობს უკვე პავილიონებისა და ქარხნების სახით. ჩვენ არ დავუყენებთ პირობას კოოპერატივებს, რომ ციტრუსს ვთქვათ, არ შეეხონ… მაგრამ არის რეკომენდაცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციტრუსის დარგი ნორმალურად ვითარდება, შეიძლება ისეთი ტემპით არა, როგორც ყველას უნდა, მაგრამ 38 საწარმომდეა უკვე რეგიონში, მათ შორის ოთხი მსხვილი საწარმოა. აქ სხვა ფორმითაა ჩარევა საჭირო და სიახლეები ამ მიმართულებითაც გვექნება.“

ახალი ა[ა]იპ-ის – „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ შექმნის აუცილებლობას მინისტრი იმით ხსნის, რომ აქამდე ყველა პროგრამა, ტენდერი ხორციელდებოდა თავად სამინისტროს მიერ, „რაც, მიგვაჩნია, რომ არ არის მთლად გამართლებული პრაქტიკა და ჯობია ეს პროცესები იყოს ყოველთვის სამინისტროს გარეთ… როცა გვერდით არის ეს პროცესები, უფრო ადვილია საკონტროლებლად და შეფასებისთვის“.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდი სისტემა აჭარაში 2017 წელს ამოქმედდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: