განათლება,მთავარი,სიახლეები

„ის ხომ შეიძლება, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანონ“ – რისი შეცვლა სურთ მოსწავლეებს

29.03.2024 • 14995
„ის ხომ შეიძლება, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანონ“ – რისი შეცვლა სურთ მოსწავლეებს

„გვაქვს კაბინეტები, რომლებსაც არ ვიყენებთ.

მაგალითად ბიოლოგიაში ხომ უნდა იცოდე ჩონჩხის აგებულება? ის ჩონჩხი მაინც ხომ შეიძლება ამოიტანო კლასში და ბავშვს დაანახო, მაგრამ ესეც არ ხდება.

მიკროსკოპი გვაქვს, ერთხელ ამოიტანეს ისიც. თუმცა, ზოგს ლინზები აქვს გაფუჭებული, ზოგს რაღაც აკლია, დაშლილებია რა, ასე რომ ვთქვათ“, – ამბობს დიანა აბუსელიძე.

დიანა მეცხრეკლასელია და იმ პრობლემებზე გვიყვება, რაც საჯარო სკოლაში სწავლებას ახლავს თან. ის საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც მოსწავლეები იძულებული ხდებიან კერძო მასწავლებლებთან მოემზადონ.

„ახლა მხოლოდ ინგლისურზე დავდივარ, თუმცა მაღალ კლასებში როცა გადავალ, ვაპირებ სხვა საგნებშიც მოვემზადო.

ჩემს კლასში არ არის მაგალითად ისეთი პირობები, რომ გაკვეთილი ისე მოისმინო, როგორც საჭიროა. არ ხდება ცოდნის პრაქტიკაში გადაცემა. გვაქვს ქიმიის, ფიზიკის კაბინეტები. აღარ ვიყენებთ. კოვიდის შემდეგ აღარ გამოგვიყენებია ეს კაბინეტები.

თუმცა ის მაინც ხომ შეიძლება, რომ ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხი მაინც ამოიტანო კლასში და ბავშვს აჩვენო, არა? მაგრამ ეს ჩონჩხიც კი არ გვაქვს“, – ამბობს დიანა.

მას მოჰყავს გეოგრაფიის გაკვეთილი მაგალითად, სადაც პედაგოგი უფრო მეტად იყენებს ვიზუალიზაციას, ვიდრე სხვები.

„სიამოვნებით ვზივარ ამ გაკვეთილზე. „რა ვქნა, კომპიუტერში როდის ჩავრთო?“- გვეუბნებიან მაშინ, როცა ვიზუალიზაცია გვეხმარება უკეთ გავიგოთ მასალა.

ისეთი მასწავლებლებიც არიან, კითხვას რომ უსვამ გეუბნება – „ეს მე აგიხსენი ხომ, მეორედ რატომ უნდა გაგიმეორო?“.

აქვთ ისეთი საუბრებიც, რაც დემოტივაციას უფრო გიქმნის, ვიდრე მოტივაციას. თუ ერთხელ არ ისწავლე გაკვეთილი, გეტყვის – „ვერაფერს ვერ მიაღწევ“, იქნები ეგრე, როგორ მეეზოვეები არიან. მეეზოვეობა საერთოდ არ არის სამარცხვინო, პირიქით, მეეზოვეები ძალიან კარგ საქმიანობა ეწევიან“, – ამბობს დიანა.

მისი აზრით, სკოლაში გაკვეთილისთვის განკუთვნილი 45 წუთის სათანადოდ ვერ იყენებენ.

„იმ 45 წუთიდან შეიძლება 20 წუთი ისე დაიკარგოს რომელიმე ბავშვის გაჩერებაში, რომ ვერაფერი წამოიღო იმ გაკვეთილიდან.

ერთი ბავშვის გამო შეიძლება მასწავლებელი გაჩერდეს და აღარ გააგრძელოს გაკვეთილის ახსნა დანარჩენი 29-30 ბავშვისთვის. იტყვის – „მე თქვენ აღარ გამეცადინებთ ამაში, იმიტომ რომ არ გაინტერესებთ“. მაშინ როცა, შეიძლება მართლა ბევრს აინტერესებდეს ის მასალა. მერე იწყება ამაზე სხვა ბავშვების ნერვიულობა, რომ მე ეს საგანი მჭირდება ეროვნულზეც და მინდოდა მოსმენა. ზოგი ნიშანზე ნერვიულობს, რომ „ნიშანი გამიფუჭდება“, ზოგი ოჯახზე, რომ თუ ცუდი ნიშანი მიიღო, კონფლიქტი ექნება სახლში და ასე შემდეგ.

ცხადია, ძალიან რთულია ეს ყველაფერი“, – მიიჩნევს დიანა აბუსელიძე.

მისი აზრით, „სისტემა საკმაოდ დასალაგებელია“, რადგან  ასეთ პირობებში და გარემოში, ბავშვი ვერ ახერხებს განივითაროს ცოდნა.

ლინდა გობაძეც მეცხრეკლასელია. ის უკვე ემზადება რეპეტიტორთან და მიაჩნია, რომ ამის საჭიროება არსებობს, რადგან არ არის საკმარისად გამახვილებული ყურადღება იმ ყველაფერზე, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ.

„პირველ რიგში, არ არის წიგნები სათანადოდ შერჩეული. ერთი მასწავლებელი 45 წუთში ვერ ასწრებს 29-ვე მოსწავლის გამოძახებას, რომ გაიგოს მათი ცოდნა ან მისცეს რაღაც ცოდნა.

თანამედროვედ რომ მიმდინარეობდეს სწავლება, უფრო მეტად მიეცეთ ბავშვებს გამოხატონ თავიანთი აზრი. ვფიქრობ უკეთესი იქნება.

ამასთან, შესაბამისი საგნის მასწავლებლები უნდა იყვნენ სკოლაში. აი, მაგალითად მათემატიკის მასწავლებელი რომ არ ჰყავს სკოლას, უშვებენ ფიზიკის მასწავლებელს“, – ამბობს ლინდა.

დიანას მსგავსად, ლინდაც პრაქტიკული სწავლების დეფიციტზე საუბრობს.

„პანდემიამდე ლაბორატორიებს მეტ-ნაკლებად ვიყენებდით, თუმცა წელს აღარ გვისარგებლია ამ კაბინეტებით. მე მგონი, წინა წელსაც არ იყო. ჯერ ვირუსს აბრალებდნენ, მერეც აღარ ჩაგვიყვანეს ლაბორატორიაში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბავშვმა საკუთარი თვალით დაინახოს პრაქტიკაში ის პროცესი, რასაც თეორიულად ვსწავლობთ. ყველაფერი უნდა წარმოიდგინო და ყველას არ აქვს წარმოდგენის უნარი“, – ამბობს ლინდა.

რაც შეეხება მე-12 კლასს, ლინდა მიიჩნევს, რომ დამამთავრებელი კლასი ბევრად ეფექტური და გამოსადეგი იქნება აბიტურიენტებისთვის, თუკი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა იმ საგნები აირჩიონ, რის ჩაბარებასაც აპირებენ ეროვნულ გამოცდებზე.

„ახლა არ არის საგნები არჩევითი, შესაბამისად, მოსწავლეებს უწევთ იარონ რეპეტიტორებთან იმ საგნების მოსამზადებლად, რასაც აბარებენ.

მაგალითად, თუ მე სამედიცინოზე ვაბარებ, მინდა ბიოლოგიით ჩავაბარო, ხომ? ეს საგანი მჭირდება, მაგრამ მეთორმეტეში ამ საგანს სათანადოდ აღარ მასწავლიან. ამიტომ ამაზე იხარჯება დამატებითი დრო და ფინანსებიც.

ეს პრობლემა რომ გამოსწორდეს მე-10, მე-11, მე-12 კლასებში უნდა იყოს არჩევითი საგნები და აღარ უნდა იხარჯებოდეს დრო იმ საგნებზე, რომელიც უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად არ მჭირდება“, – გვეუბნება დიანა.

მეცხრეკლასელია ლიკა რიჟვაძეც და მასაც მიაჩნია, რომ მე-12 კლასში რეპეტიტორთან მომზადება დასჭირდება.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ მომზადებას მე-12 კლასში, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი კლასში ძალიან ბევრი ბავშვი ვსხედვართ და 29 მოსწავლისთვის ერთი მასწავლებელი ცოტაა.

ვერ ახერხებს პედაგოგი ყველა ბავშვთან კომუნიკაციას და არც სიწყნარეა კლასში.

ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ბავშვი ან ბავშვები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესს ჩაშლიან. აქედან გამომდინარე გვჭირდება რეპეტიტორი“, – ამბობს ლიკა.

მისი თქმით, ყველას სჭირდება განსაზღვრული დრო რაღაცის სწავლისთვის, განსხვავებულია ბავშვების უნარებიც, ამიტომ საკლასო გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ბევრჯერ მიფიქრია, ახლა მარტო რომ ვიჯდე კლასში ან რამდენიმე ბავშვთან ერთად, უკეთ გავიგებდი ამ მასალას-მეთქი. გარემოსთან ადაპტირება ძალიან მიჭირს, მასწავლებლებიც ყოველ წელს იცვლებიან და ესეც რთულია“, – ამბობს ლიკა.

რატომ ხმაურობენ ბავშვები გაკვეთილზე? – ვეკითხებით მას.

ლიკას აზრით, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის, რომ ბავშვებს არ აინტერესებთ გარკვეული საგნები.

„ზოგს მაგალითად ადრეულ ეტაპზე აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას ირჩევს და იმ საგნებს უფრო სწავლობს, რაც ამ პროფესიის შესასწავლად სჭირდება. შესაბამისად, სხვა საგნის გაკვეთილებზე ხმაურობს. „არ არის ჩემი სფეროს და რატომ ვისწავლო?“ -ამბობს ბავშვი.

სხვა ბავშვებს კი ხელი გვეშლება, ვისაც გვაინტერესებს ვთქვათ ეს საგანი.

პრობლემაა ისიც, რომ ხშირად რომელიმე საგანს ისეთი პედაგოგი გასწავლის, რომელიც არ არის ამ საგნის სპეციალისტი. მაგალითად, ხელოვნების გაკვეთილზე შემოსულა მუსიკის მასწავლებელი და უთქვამს, „მე ხელოვნება არ ვიცი, არ მეხერხება“ და გვაძლევს უფლებას გაკვეთილზე ტელეფონები გამოვიყენოთ. ამიტომ ხელოვნება, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი საგანია, გავატანეთ ქარს“, – ამბობს ლიკა რიჟვაძე.

მისი თქმით, საჯარო სკოლაში სათანადო გაკვეთილები მაინც ვერ ტარდება და ეს არის როგორც პედაგოგის, ასევე სისტემის ბრალი.

„პედაგოგის იმიტომ, რომ ბევრი ვერ ახერხებს ბავშვის გაჩერებას გაკვეთილზე და მთელი დრო მასთან საქმის გარჩევაში გაჰყავს.

სისტემის იმიტომ, რომ კლასში ბევრი ბავშვია და ერთი მასწავლებელი ვერ სწვდება ყველას.

პრაქტიკის ნაკლებობის ბრალიცაა, რადგან როგორც პატარებს, მოზრდილ ბავშვებსაც გვიყვარს თამაშით, კეთებით სწავლა, ასე უფრო გვამახსოვრდება ნასწავლი, ვიდრე ის, რომ დაჯდე და დაიზეპირო“, – ამბობს ლიკა.

მისი აზრით, მოსწავლეს რეპეტიტორის დახმარება იმ შემთხვევაში არ დასჭირდება, თუკი საჯარო სკოლებში რეალურად გახდება ბავშვზე ორიენტირებული.

„როდესაც სკოლებშიც მართლა საფუძვლიანად დაიწყებენ სწავლას, მაშინ შეიცვლება რეალობა“, – მიიჩნევს ლიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: