მთავარი,სიახლეები

„ამბასადორს“ 3-მილიონიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთავრობამ 18 თვით გადაუვადა

28.03.2024 • 3637
„ამბასადორს“ 3-მილიონიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთავრობამ 18 თვით გადაუვადა

მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.

მთავრობის 2023 წლის სექტემბრის განკარგულებით „ამბასადორს“ ახალი საბანკო გარანტია, არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა წარმოედგინა.

ამ ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე, 2024 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომლითაც ზემოთ აღნიშნული ვადა კომპანიას 18 თვით – 2025 წლის 30 სექტემბრამდე გადაუვადეს.

საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის ცვლილებაზე მთავრობის 2023 წლის [მარცხნივ] და 2024 წლის [მარჯვნივ] განკარგულებებიდან

უცვლელი დარჩა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა, რომელიც „აღნაგობის ხელშეკრულების“ შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით, რაც ასევე „უზრუნველყოფს შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას [მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას]“.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ცვლილება უკვე მესამედ შევიდა.

წინა ორ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა.

საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ მოგვაწოდა, მთავრობამ კი – თავისივე განკარგულება.

დოკუმენტების ნაწილი [მათ შორის მთავრობის განკარგულება] „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მაინც მოიპოვა. დეტალების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

როგორ ჩანს ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძული სატელიტიდან

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: