მთავარი,სიახლეები

ავტომანქანის წინა საქარე მინების დაბურვის აკრძალვა მოიხსნა – ახალი ბრძანება

28.03.2024 • 5866
ავტომანქანის წინა საქარე მინების დაბურვის აკრძალვა მოიხსნა – ახალი ბრძანება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ავტომანქანის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირების აკრძალვა გაუქმდა.

ახალი ბრძანებით, 2024 წლის 27 მარტიდან დასაშვებია იმ ავტომანქანის თავისუფლად გადაადგილება, რომლის წინა საქარე მინა დაბურულია 30 ან ნაკლები პროცენტით, ოღონდ, შუქგამტარობა შემცირებული უნდა იყოს ავტომანქანის დამამზადებლის [მწარმოებლის] მიერ.

დაბურულმინებიანი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები საქართველოში 2010 წელს დაწესდა. 2014 წელს კი, ეს წესი შეიცვალა.

შს მინისტრის 2014 წლის ბრძანებაში, რომელიც დღემდე მოქმედებს, ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ „სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია.“

2024 წლის ბრძანებით კი, 27 მარტიდან ეს ჩანაწერი უკვე ამოღებულია.

დღემდე, დამუქებული მინები შემდეგნაირად იყო განმარტებული: „ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%–ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%–ზე მეტი ოდენობით“.

დღეიდან კი, დამუქებულ მინებად ითვლება – „ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ“.

შეიცვალა ასევე მუხლი, რომელიც ეხება ავტომანქანებს, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას. შესაბამისად, 2024 წლის 27 მარტიდან, „სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“ განისაზღვრა შემდეგნაირად:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.

2. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.“.

გადაბეჭდვის წესი