სიახლეები

ვინ არიან ისტორიული მატჩის გოლების ავტორები – დამწყები გულშემატკივრის გზამკვლევი

27.03.2024 • 4254
ვინ არიან ისტორიული მატჩის გოლების ავტორები – დამწყები გულშემატკივრის გზამკვლევი

ავტორები:

თამარ ნერგაძე, არჩილ კახაძე

 
26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთის ნაკრებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

29 წელია საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უშედეგოდ იბრძოდა. წელს ეს რეალობა შეიცვალა და 18 ივნისს დორტმუნდის ვესტფალენშტადიონზე ერთმანეთს საქართველოს და თურქეთს ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ მატჩით იწყება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოდისეა ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 4:2 დასრულდა. ორსაათიანი მატჩისას თითქმის არცერთი წუთი არ ყოფილა დაძაბული წინააღმდეგობის გარეშე. გვიტევდნენ და ვიგერიებდით ან თავს ვესხმოდით და გვიგერიებდნენ, გულშემატკივარი წამით არ მოდუნებულა.

დამატებით დროის დასრულების შემდეგ დანიშნული ოთხი პენალტი გიორგი ქოჩორაშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა, ზურიკო დავითაშვილმა და ლაშა დვალმა გაიტანა.

საბერძნეთთან მოგებამდე 6 დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ფლეი ოფში ლუქსემბურგი დაამარცხა ანგარიშით 2:0, ორივე გოლი ძირითად დროში თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია მეკარე გიორგი მამარდაშვილის წვლილი საბერძნეთთან თამაშისას. მის კარში დარტყმული 4 პენალტიდან მამარდაშვილმა ერთი აიღო, ერთი კარს ააცილეს მეტოქეებმა, ორი პენალტი კი გაგვიტანეს.

დაძაბული თამაშისას რჩებოდა განცდა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ბერძნების უხეშ თამაშს ასევე უპასუხებდნენ, თუმცა ნაკრების ფეხბურთელებზე მოწინააღმდეგის თამაშის აგრესიულ სტილს ემოციური ზემოქმედება არ მოუხდენია და საქართველოს ნაკრებს მოწინააღმდეგისთვის ბრძოლის იმავე უხეში წესებით არ უპასუხია .

ბუდუ ზივზივაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ საბერძნეთის ნაკრებს მოედანზე „კუდიანების დევნა“ ჰქონდა გამოცხადებული და ყველაფერს ცდილობდნენ ქართველი თავდამსხმელები ბურთისთვის ჩამოეშორებინათ: ხელის უხეში კვრით, ფეხის დადებით და მხრებში ხელების წავლებით.

ვინ არიან საქართველოს ნაკრების ბოლო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გმირები, რომლებმაც გუნდს წარმატება მოუტანეს? მათ შესახებ ფეხბურთის ერთგულმა გულშემატკივრებმა ბევრი რამ იციან, მაგრამ 26 მარტის თამაშმა საფეხბურთო ორომტრიალში ჩართო ყველა ის ადამიანი, ვისაც აქამდე ფეხბურთის ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა ბოლომდე ნანახი.

ეს მასალა ბოლო ორი თამაშის გოლების ავტორებსა და მეკარეზე სწორედ იმ მკითხველისთვისაა, ვინც ფეხბურთით ახლახან დაინტერესდა და სხვადასხვა ვებგვერდზე აგროვებს ინფორმაციას ბოლო ორი, ყველაზე ამაღელვებელი მატჩის გოლების ავტორებზე.

მეკარით დავიწყოთ.

  • გიორგი მამარდაშვილი

23 წლის მამარდაშვილი ესპანეთის ვალენსიას და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერია. 2018-2021 წლებში თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო, მაგრამ მის შემადგენლობაში არასდროს უთამაშია. პროფესიონალურ დონეზე მამარდაშვილის დებიუტი საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ შედგა, სადაც 2019 წელს თამაშობდა.

2020 წელს საქართველოს ნაკრების ახლანდელი მეკარე თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, სადაც გაიბრწყინა მისმა საფეხბურთო ტალანტმა. იმ წელს „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპის ლიგის მესამე ეტაპს მიაღწია, რაშიც მამარდაშვილის წილი ერთმნიშვნელოვნად გადამწყვეტი იყო. ქართულმა გუნდმა მეორე ეტაპზე მოსკოვის გაცილებით ძლიერი „დინამო“ გააგდო, თუმცა მესამე ეტაპზე ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდა. მიუხედავად დამარცხებისა, დამაჯერებელი და მაღალი დონის თამაშით მამარდაშვილმა ესპანელი სკაუტების ყურადღება მიიპყრო.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო. 2021 წლის იანვარში კი 20 წლის მამარდაშვილი უეფას მიერ შერჩეული 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანეს.

გიორგი მამარდაშვილი

2021 წელს მეკარე ვალენსიაში გადავიდა ერთწლიანი გამოსაცდელი პერიოდით, სადაც მას სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა. მამარდაშვილმა მალევე მიიქცია ყურადღება, გუნდის ძირითადი მეკარე ამოაგდო შემადგენლობიდან (ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე იასპერ სილესენი) და უცვლელი ადგილი დაიმკვიდრა შემადგენლობაში.

გიორგი მამარდაშვილი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მისი ფასი გავლენიანი საფეხბურთო გამოცემის Transfermarkt-ის მიხედვით 35 მილიონი ევროა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში კი მამარდაშვილი მე-7 ადგილს იკავებს.

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით ლა ლიგის ზედიზედ 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია.

მისმა კლუბმა, „ვალენსიამ”, საქართველოს ნაკრების ბოლო კვირის ორი მნიშვნელოვანი მატჩისას არაერთი პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების და გიორგი მამარდაშვილის მხარდასაჭერად.

  • ბუდუ ზივზივაძე

30 წლის ბუდუ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდის  „კარლსრუეს ფორვარდია. ფეხბურთის თამაში მოზარდობაში, ქუთაისში დაიწყო. შემდეგ კი როგორც ნიჭიერი ფეხბურთელი, „დინამო“ თბილისის სარეზერვო გუნდში აიყვანეს. პროფესიონალური დებიუტი მას საკმაოდ დაუგვიანდა – „დინამოს“ პირველ გუნდში 2014 წელს აიყვანეს.

2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა „სამტრედიის“ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისას.

„კარლსრუემდე“ მას უთამაშია დანიური „ესბიერგის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და უნგრული საფეხბურთო კლუბების: „მეზოკოვეშდის“, „ფეჰერვარის“ და „უიპეშტის“ შემადგენლობაში.

ბუდუ ზივზივაძე

საინტერესო ამბებში გაეხვა ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში თამაშის დროს: როგორც „ფეჰერვარის“ ფეხბურთელმა, დასრულებული თამაშის შემდეგ მან იმჟამინდელ მოწინააღმდეგეს, ანუ თავისივე ყოფილი გუნდის ფეხბურთელს მაისური გაუცვალა და ჩაიცვა, გასახდელშიც ასე შევიდა.

როგორც უნგრული მედია წერდა,  ქართველი ფორვარდი „უიპეშტის“ ფანებსაც მიესალმა, ამ ამბავმა „ფეჰერვარის“ გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელები ძალიან გააბრაზა. ზივზივაძეს ვარჯიშში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს, პირველი გუნდის რიგებსაც დროებით ჩამოაშორეს და ბოლოს გუნდიდანაც გაუშვეს. სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ქართველი ფორვარდი გერმანიის კარლსრუეში“.

ბუდუს ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 700 000 ევროა. საქართველოს ნაკრებში თამაშისას 24 ოფიციალურ შეხვედრაში 7 ბურთი აქვს გადატანილი.

„კარლსრუეს” გულშემატკივარმა ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებზე სათამაშოდ ასე გამოაცილა:

 

View this post on Instagram

 

A post shared by KSC (@karlsruhersc)

  • გიორგი ქოჩორაშვილი

ქოჩორაშვილი 24 წლისაა და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გუნდის, „ლევანტეს“ ნახევარმცველია. მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის „საბურთალოდან“ დაიწყო. „საბურთალოდან“ის ესპანეთის „ჩემიონატში“ გადავიდა, ხირონას ახალგაზრდულ გუნდში, საიდანაც „პერალადაში“ გაანათხოვრეს, შემდეგ ისევ „საბურთალოს“ დაუბრუნდა და მალევე გადავიდა სათამაშოდ „ლევანტეს“ სარეზერვო გუნდში. „ლევანტე“ მაშინ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა.

მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წელს ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში.

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრებში ქოჩორაშვილი პირველად ვილი სანიოლიმ გამოიძახა. მისი დებიუტი 2023 წლის სექტემბერში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც დავმარცხდით. თუმცა ამ თამაშმა ფეხბურთელის გეზი განსაზღვრა და მოედანზე გამორჩეული პერფორმანსის გამო ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახდა.

ქოჩორას ფასი Transfermarkt-ის მიხედვით მილიონი ევროა. ნაკრებში ჩატარებულ 6 ოფიციალურ შეხვედრაში მას ბურთი არ გაუტანია, თუმცა გუშინ, 26 მარტს მოგებული ფინალის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სინიოლიმ, ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქოჩორაშვილმა თავად მოითხოვა პირველი პენალტის შესრულება, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

„ლევანტემ” ქოჩორაშვილის პენალტის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ნაკრებს მოგება მიულოცა და აღნიშნა, რომ 120 წუთი თამაშობდა მოედანზე პენალტის ავტორი ქოჩორაშვილი.

 

  • ნიკა კვეკვესკირი

კვეკვესკირი პოლონური პოზნანის „ლეხის“ ნახევარმცველია. ნიკა გალიდანაა. 31 წლის ნახევარმცველის საფეხბურთო კარიერა ზუგდიდიდან იწყება. თამაშობდა ზუგდიდის „ბაიაში“, საიდანაც „დინამო თბილისში“ გადავიდა. კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბსა და ქვეყნის ჩემპიონატებში ითამაშა. მათ შორის, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და პოლონეთში.

მას პოლონეთის ექსტრაკლასში წელს ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთიც საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. კვეკვესკირის ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 600 000 ევროა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში კარიერას: მას დებიუტი 2016 წელს ჰქონდა, წინა მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის დროს. 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯერ გოლი არ გაუტანია. ის ერთ-ერთია იმათგან, ვინც მონაწილეობდა EURO 2020 –ის წაგებულ ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.

26 მარტს კი ნიკა კვეკვესკირმა საბერძნეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი პენალტი შეასრულა და გაიტანა.

  • ლაშა დვალი

31 წლის ლაშა დვალი კვიპროსში ნიქოზიას „აპოელის“ მცველია. კარიერა საფეხბურთო კლუბ თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო და მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ გამოიცვალა კლუბი, ქვეყნები და დივიზიონები. თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში, ლატვიაში, დიდ ბრიტანეთში, რანგით მესამე დივიზიონში, თურქეთში, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, პოლონეთში, ყაზახეთში, უნგრეთსა და კვიპროსში.

ლაშა დვალი

ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს 2015 წლიდან, 30 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული და გატანილი აქვს ერთი გოლი.

26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ საკლუბო კარიერაში ლაშა დვალს ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა. მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკის ვებგვერდზე whoscored.com, რომელზეც ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობებიც იზომება და ფასდება, ლაშა დასახელდა ორივე გუნდის შემდგენლობაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

Transfermarkt-ზე ის ლაშა დვალის ფასი 750 000 ევროა.

 

  • ზურიკო დავითაშვილი

დავითაშვილი საფრანგეთი ლიგა-2 ის შემტევი ნახევარმცველია. მისი პროფესიონალური კარიერა „დინამო თბილისში” დაიწყო და დებიუტი 2017 წელს, 16  წლისას ჰქონდა.

2018 წელს დავითაშვილი „დინამოდან” „ლოკომოტივში” გადავიდა. ამავე წელს ის ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” მსოფლიოს 60 ტალანტს შორის დაასახელა.

ზურიკო დავითაშვილი

„ლოკომოტივიდან” დავითაშვილი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ყაზანის „რუბინში” თამაშობდა, მაგრამ მალევე გაუშვეს ჯერ ვოლგოგრადის „როტორში”, ხოლო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ტულის „არსენალში“ აღმოჩნდა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კვარაცხელიას მსგავსად დავითაშვილმაც დატოვა რუსეთი და „ბათუმის დინამოს” შეუერთდა. ბათუმის დინამოდან კი ის საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე „ბორდომ” იყიდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავითაშვილმა 33 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. Transfermarkt -ის მიხედვით  23 წლის ნახევარმცველი 2,5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

______________________

მთავარ ფოტოზე: საქართველოს ეროვნული ნაკრები. ფოტო: ეროვნული ნაკრები/faceboook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: