მთავარი,სიახლეები

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ზღვაში 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს

27.03.2024 • 4449
16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ზღვაში 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს.

საუბარია ბათუმში 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს ედავება. ეს პირები მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულთან ერთად იყვნენ კატერზე. მათ პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და ამ საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ბრალდებული ზურაბ საღინაძე ითხოვდა, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგან მას ბრალი არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს. ბრალდებულმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოსაც, თუმცა ეს სარჩელი ჯერ არ განუხილავთ.

საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვნის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, იმიტომ, რომ ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები ვერ აირჩიოს. სარჩელში ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ პროკურატურა ამ გზით აქტიურად ცდილობს, საქმეები ნაფიცი მსაჯულების ხელში არ მოხვდეს.

„ასეთი საქმე მე ჯერ არ მქონია, საერთოდ ვერ დგინდება, სად დაიღუპა ლუკა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი, რომელიც ზურაბ საღინაძის ინტერესებს იცავდა. მისი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„ბათუმში ყველამ ვიცით, საითაა ზღვის დინება – სარფიდან ქობულეთისკენ,“ – სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობამდე ადვოკატმა რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. – „გამოძიების ვერსიით, ლუკა დაიხრჩო ბულვარის შესასვლელის პირდაპირ, მისი ცხედარი კი, „აჭარული სახლის“ მოპირდაპირედ იპოვეს.

დადასტურდა სიმთვრალე სამხარაულის ექსპერტიზით, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, როდის მიიღო ალკოჰოლი ლუკამ.

ასეთი ბუნდოვანი საქმე მე ჯერ არ მქონია. თანაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოძიებას საერთოდ არ უცდია, ამ კითხვებზე მიეღო პასუხი, მართლა გამოეძიებია და გაგვეგო, რა ვითარებაში დაიღუპა ლუკა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.

ამ თემაზე:

რას ჰყვებიან მოწმეები 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე“ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: