მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

სიწითლე და ქავილი თვალებში – როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი

26.03.2024 • 7443
სიწითლე და ქავილი თვალებში – როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი, თვალის შემაერთებელი გარსის (კონიუნქტივის) ანთება, თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მთავარი ნიშანი თვალის ღია ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგის, ზარიმა ჩავლეიშვილის თქმით, კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს გადამდებიც, ამიტომ ასეთ დროს საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა.

ზარიმა ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს ამ დაავადების სიმპტომებზე, მკურნალობასა და უსაფრთხოების წესები ამ დროს.

  • ქალბატონო ზარიმა, რა არის კონიუნქტივიტი, საიდან ჩნდება ის?

ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც უხშირესად გამოწვეულია ბაქტერიებითა და ვირუსებით, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სოკოებით.

არსებობს ალერგიული კონიუნქტივიტიც, როცა ალერგიული ფაქტორი მოქმედებს ლორწოვანზე. მაგალითად, როგორც ცხვირის ალერგიული პოლიპოზის დროს, ალერგიული ფონი თუ აქვს ადამიანს – სურდო ეწყება, ასეა ამ შემთხვევაშიც, მგრძნობელობა თუ აქვს, მაგალითად, გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობაზე, ამას კონტაქტით გრძნობს ლორწოვანი და იწყება ალერგიული კონიუნქტივიტი, რაც გამოიხატება ცრემლდენით, თვალების ქავილით, გაწითლებით. 

ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეიძლება განვითარდეს ზოგადი ინფექციის, მაგალითად ჩუტყვავილას დროს, გრიპის დროს, ანუ კონიუნქტივიტი შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში სხვა დაავადების პარალელურად. სწორედ ასეთია ადენოვირუსული კონიუნქტივიტი – ადენოვირუსი ხვდება ორგანიზმში, ადამიანი ავადობს და ამ ავადმყოფობის პარალელურად თვალის ლორწოვანს ანთებაც მიმდინარეობს. შესაბამისად, საჭიროა პარალელურად მკურნალობა თვალზე, იმ ზოგადი დაავადების მკურნალობის პროცესში.

  • როგორი სიმპტომები ახასიათებს კონიუნქტივიტს?

ვირუსული კონიუნქტივიტის დროს თვალი არის ძალიან წითელი, ხასხასა წითელი ფერის, აღინიშნება ცრემლდენა, ჩირქოვანი გამონადენი – ნაკლებად; თვალის ჭრილი დაპატარავებულია იმ დონეზე, რომ პაციენტს უჭირს თვალის გახელა.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს არის სიწითლე, მაგრამ ზომიერი, შეშუპებაც შედარებით ნაკლები აქვს ლორწოვანს, მაგრამ გამონადენი არის უფრო ჭარბი. 

ზოგჯერ გვხვდება შერეული ფორმა. მაგალითად, პაციენტს დაეწყო ვირუსი, დროულად არ იმკურნალა, შემდეგ დაერთო ბაქტერიაც, მიქს კონიუნქტივიტს ვეძახით ამას, ანუ შერეული ფლორაა – ბაქტერიაც არის და ვირუსიც. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე პრეპარატი სჭირდება პაციენტს, მკურნალობაც უფრო ხანგრძლივია.

ბავშვებში ყველაზე ხშირია ბაქტერიული და ვირუსული კონიუნქტივიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი კი ყველა ასაკში შეიძლება იყოს. 

საერთო სიმპტომებს რაც შეეხება: 

  • ყველა სახის კონიუნქტივიტს ახასიათებს თვალის ჭრილის შეცვლა, ვიზუალურად ქუთუთოების ფორმა იცვლება, თითქოს შუპდება ქუთუთოები; 
  • გამონადენი – ზოგს ცრემლი გადმოდის, ზოგს ლორწოვანი გამონადენი აქვს, ზოგს ჩირქოვანი – სხვადასხვა კონიუნქტივიტის დროს სხვადასხვა გამონადენია.
  • ქავილიც შეიძლება იყოს სამივე კონიუნქტივიტის დროს – ჯერ შეიძლება თვალი არ იყოს წითელი, ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, მაგრამ დაგვეწყოს ქავილი. მეორე დღეს აღმოჩნდება რომ პაციენტს კონიუნქტივიტი დაეწყო.

ზოგ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაც. 

  • კონიუნქტივიტი გადამდებია?

კონიუნქტივიტი გადამდებია, ამიტომ ყველა პაციენტს ნებისმიერი კონიუნქტივიტის დროს, ვაფრთხილებთ, რომ ვინაიდან ბაქტერიული კონიუნქტივიტი კონტაქტური გზით გადადის, საჭიროა ჰქონდეს ინდივიდუალური გამოყენების ისეთი ნივთები, როგორიცაა პირსახოცი, ბალიშის პირი, რადგან შეიძლება კონიუნქტივიტი გადაედოს ოჯახის წევრს.

მაგალითად, სალონში თვალს რომ ტუშით იღებავენ, კონიუნქტივიტიანმა პაციენტმა თუ შეიღება და თუ ფუნჯი არ გასტერილდა, შესაძლოა ზედ ბაქტერია ცოცხალი დარჩეს რამდენიმე საათის გამავლობაში და სხვა ადამიანს გადაედოს. პაციენტმა ხელი უნდა დაიბანოს ჩაწვეთებამდე და ჩაწვეთების შედეგ.

ასევე საფრთხილოა მაღაზიაში კოსმეტიკის ტესტერების გამოყენება. საქმე ის არის, რომ თუ ადამიანს კონიუნქტივიტი არ აქვს მორჩენილი და ბაქტერია არის თვალში,  რამდენიმე საათის განმავლობაში არის 20-30 პროცენტიანი რისკი იმისა, რომ [მის მიერ გამოყენებული ფუნჯიდან/ფანქრიდან], ბაქტერია გადავიდეს სხვა ადამიანზე. ეს იმუნიტეტზეც არის დამოკიდებული, თუ ძლიერი ბაქტერიაა და რომელიმე ადამიანს იმუნიტეტი აქვს სუსტი, ის ბაქტერია მის თვალში გამრავლდება.

ადენოვირუსული კონიუნქტივიტი კი შეიძლება ჰაერწვეთოვანი გზითაც გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე, ამიტომ ადენოვირუსის დროს პაციენტს ვაფრთხილებთ, რომ პირველი სამი-ოთხი (მაქსიმუმ ხუთი დღე), მანამ სანამ გადამდებია, დარჩეს სახლში პირბადით, რომ არ გაავრცელოს.

ალერგიით გამოწვეული კონიუნქტივიტი არ არის გადამდები.

cleveland clinic: კონიუნქტივიტი ვრცელდება სქესობრივი კონტაქტითაც. სქესობრივი გზით გადაცემული კონიუნქტივიტი ვრცელდება, როცა ხელით ეხებით ინფიცირებულ ბიოლოგიური სითხეებს, შემდეგ კი ეხებით თვალებს ხელების დაბანის გარეშე.

  • როგორ ხდება კონიუნქტივიტის მკურნალობა?

გააჩნია რა ფონია. თუ ბაქტერიაა, მაშინ ანტიბაქტერიული პრეპარატი [ანტიბიოტიკი] ინიშნება თვალის წვეთების სახით, თუ ვირუსულია, მაშინ ანტივირუსული პრეპარატი, თუ შერეულია, შეიძლება რამდენიმე პრეპარატი დაინიშნოს ერთად – ანტიბაქტერიული და ანტივირუსული; თუ არის შეშუპება და ქავილი პლუს ანტიჰისტამინური, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტი ინიშნება დასალევად.

თუ გამონადენი ჩირქოვანია, მაშინ უფრო ფართო სპექტრის, ბოლო თაობის ანტიბიოტიკი ინიშნება; თუ მსუბუქი კონიუნქტივიტია, არ არის ძლიერი გამონადენი და სიმპტომებიც მინიმალურია, მაშინ მარტივი, სტანდარტული ანტიბიოტიკით, რამდენიმე დღეში მორჩება.

ასევე, პაციენტს ვურჩევთ ჯერ თვალის ქუთუთოების გვირილით ან ფიზიოლოგიური სითხით ჩამობანას და ასე გასუფთავებულ თვალში წამლის ჩაწვეთებას.

როგორც წესი, შვიდიდან ათ დღემდე გრძელდება მკურნალობის კურსი.

თუ გართულებულ კონიუნქტივიტზეა საუბარი და მერე უკვე კერატიტზე გვაქვს საუბარი, შეიძლება ინიექციებიც დაგვჭირდეს. თუმცა დღეს უკვე ეს ძალიან იშვიათად ხდება.

  • რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს კონიუნქტივიტი?

ზოგჯერ არის, რომ პაციენტი წამალს არ იწვეთებს დროულად, ან იწვეთებს ნაკლები დოზით (მაგალითად დღეში ერთჯერ, 4-ის ნაცვლად), რის გამოც არ ურჩება კონიუნქტივიტი, ურთულდება და გადადის ქვე-მწვავე კონიუნქტივიტში, რის მკურნალობასაც შედარებით უფრო მეტი დრო, ერთი კვირის ნაცვლად, ორი-სამი კვირა სჭირდება. ამ დროს პაციენტს შეიძლება შეეცვალოს ანტიბიოტიკი, უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი დაენიშნოს.

კონიუნქტივიტის დროს არ არის რეკომენდებული ეკრანთან ჯდომა, პაციენტებს ვურჩევთ, რომ ბიულეტენი აიღონ 3-4 დღით, თუმცა ზოგი ამბობს, რომ ვერ ახერხებენ, ასეთ დროს მათთან დამატებით ხელოვნურ ცრემლსაც ვნიშნავთ. 

არის შემთხვევები, როცა მდგომარეობა უფრო რთულდება და ვითარდება კერატიტი, თვალის რქოვანი გარსის ანთება, რაც ბევრად უფრო საშიში და სერიოზული დიაგნოზია მხედველობის დაქვეითების მხრივ. ამიტომ პაციენტებს ვეუბნებით, კონიუნქტივიტი არ არის რთული დაავადება, თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას და მიყვებით ექიმის რჩევებს.

თუ ადამიანს ალერგიული კონიუნქტივიტი აქვს, იქ სადაც მცენარეებია და ყვავილები ყვავის, რეკომენდებულია გავიდეს მზის სათვალით, ეს არ არის მაქსიმალური დაცვა, მაგრამ სათვალე გარკვეულ ბარიერს მაინც ქმნის. ან თუ გადის, ჩაიწვეთოს ანტიალერგიული წვეთი ან მიიღოს ტაბლეტი, რომელსაც ექიმი ნიშნავს პროფილაქტიკისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: