ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა

26.03.2024 • 8938
ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა

დღეს, 26 მარტს, ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა.  ცვლილების მიხედვით დაზუსტდა რამდენიმე მუხლი და პროგრამაში ახალი ტერმინი „ბარაკები“ გაჩნდა.

სხდომაზე ბათუმის საკრებულომ 23 საკითხი განიხილა, აქედან 18 სამშენებლო პროექტების განაშენიანების დეტალური გეგმები, კონცეფციები ან ადრე დამტკიცებულ პროექტებში ცვლილებები იყო. ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე დაპირისპირების საგანიც გახდა.

ცვლილების მიხედვით:

ავარიულ სახლად მიიჩნევა ერთ ან რამდენიმე საკადასტრო კოდზე არსებული ერთიანი კონსტრუქციული სქემის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ერთ ჭერქვეშ არსებობს სამი ან მეტი დამოუკიდებელი საკუთრების საგანი და ეს დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. სახლის ავარიულობის ხარისხი არის V, IV და III კატეგორია და საფრთხეს უქმნის ადა­მიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია, აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით.

მერია საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში დამატებით განმარტავს, რომ საუბარია ე.წ. „ბარაკებზე“.

მერიის განმარტებით, „ცვლილების მიხედვით დაუშვებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე პროგრამით დადგენილი შეღავათების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება ხდება ერთდროულად ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან.“

ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში კი თუ ერთმანეთს ემიჯნება ორი ან მეტი ავარიული სახლი, ავარიული სახლების ადგილად მიიჩნევა ასეთ ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, ასევე ამ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს  ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების ჯამის 1/2-ს, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებთან.

მერიის  ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, „ეს ცვლილება გამოწვეული იყო საზოგადოებრივი ინტერესით და იმ აქტუალური პრობლემებით, რაც იდგა ქალაქში, კონკრეტულად: დავუშვათ იყო რამდენიმე ავარიული შენობით დატვირთული საკადასტრო ერთეული. საშინელ მდგომარეობაში იყო და გაუსაძლისი იყო იქ ცხოვრება.  მას უერთდებოდა ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენდა ავარიულ შენობას. მომიჯნავე შენობის კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც საერთო რამდენიმე ნაკვეთის ნაწილი იყო  ხშირ შემთხვევაში, იმ მიწის ნაკვეთთან შესაერთებელი ფართობი, აღემატებოდა მის ნახევარს, რაც ხელს უშლიდა ყველა მიწის ნაკვეთის განვითარებას.

რჩებოდა მიწის ნაკვეთები ამ განვითარების მიღმა იყო. უამრავი პრობლემაა დღეს ქალაქში, სადაც ვხედავთ, რომ გვერდზე აშენდა მრავალფუნქციური ობიექტი და დარჩა 200- 300 ან 150 მეტრი ნაგებობა, რომელიც ვერაფრით ვერ ვითარდება. შესაბამისად, ამ ხელშეწყობით ინვესტორი განიხილავს ერთიან გარემოს იმ მაკომპენსირებელი ღონისძიების განსახორციელებლად და პატარ-პატარა ნაკვეთები, რომლებიც ვერ ვითარდება აღარ გვექნება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: