სიახლეები

2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

29.03.2024 • 5375
2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს

ბათუმის სანაპიროზე, პირდაპირ ზღვასთან, ცათამბჯენის ასაშენებლად მშენებელმა ადგილი ისევ იპოვა, უფრო სწორად აჭარის მთავრობისგან იყიდა. შპს „სიტი გაიდი“ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათამბჯენს ააშენებს. მშენებლობა ქონების გასხვისების ერთ-ერთი პირობა იყო.

მყიდველის, შპს „სიტი გაიდის“დამფუძნებელი მედეა ბოჭორიშვილია, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე. ის იყო კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი, როცა „სიტი გაიდმა“ ზღვასთან ახლოს ჰექტარ-ნახევარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა. ქონების შეძენიდან მალევე მედეა ბოჭორიშვილმა კომპანიის წილები სიმბოლურ 1 ლარად გაასხვისა.

კომპანიის მეწილეები გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე და ასევე „ოცნებიდან“ კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი, ბუბა ჩანქსელიანი.

3 ცათამბჯენის მშენებლობისთვის ჯერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გასხვისება-შეძენისა და შემდეგ კომპანიაში წილების გადანაწილების ეს კონკრეტული ამბავი გამოდგება მაგალითად, რომლითაც შეიძლება ავხსნათ „ოცნების“ ოპონენტების პოზიცია სამშენებლო კოდექსში რიგი ცვლილებების წინააღმდეგ. მათ ეს გადაწყვეტილებები შეაფასეს, როგორც „მწვანე შუქი კორუფციისთვის.“

შპს „სიტი გაიდი“ 2022 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნეს. 2023 წლის იანვარში კომპანიამ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე მიწის ნაკვეთი, კონკურენციის პირობებში, 16 მილიონ 500 000 ლარად იყიდა. ქონების საწყისი ფასი 10 მილიონ 500 000 ლარი იყო და კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა.

კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მეტწილად აუქციონზე გატანილი ქონება ერთი ბიჯით იყიდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქალაქის ცენტრში, მით უმეტეს თუ ნაკვეთი ზღვასთან ახლოსაა, დიდი ფულისა და დიდი გავლენების ბრძოლა აშკარა და თვალშისაცემია.

დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორებს შორის მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე სამი მრავალსართულიანი კომპლექსის პროექტირებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ერთობლივი რესურსით იმუშავებენ. დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ერთობლივი მიზნების გათვალისწინებით გაასხვისა მედეა ბოჭორიშვილმა წილები სიმბოლურ ფასად.

„სიტი გაიდის“ წილები ასე გადანაწილდა:

33.33 % დარჩა კომპანიის დამფუძნებელ მედეა ბოჭორიშვილს, 47 პროცენტის მფლობელია პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანია შპს „იბერკომპანი“, 19.67 პროცენტი კი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის შვილს, ბუბა ჩანქსელიანს გადაუფორმეს. პარტნიორებს შორის ცალკე გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც პარტნიორთა შორის უფლება-მოვალეობები გაწერეს.

ეს ჩანაწერი კითხვებს და შესაძლოა ვარაუდებსაც აჩენს, განსაკუთრებით მათთვის ვინც იცის, რომ პროექტირება და სამშენებლო ნებართვის მიღება არც კომპანიის დამფუძნებელს, მედეა ბოჭორიშვილს გაუჭირდებოდა, ამ მხრივ „ალიანსს“ ნამდვილად დიდი გამოცდილება აქვს: „სიტი გაიდს“ არ გაუჭირდებოდა, როგორც საპრივატიზებო საფასურის დაფარვა, ასევე ინვესტიციის განხორციელება. იმავეს თქმა შეგვიძლია მედეა ბოჭორიშვილის პარტნიორებზეც – სამშენებლო ბიზნესში დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარებს ვერავინ შეუშლიდა ხელს.

შეთანხმების დოკუმენტებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პარტნიორები გამოუხმობ თანხმობას აცხადებენ, რომ სახელმწიფო ნებართვის მიღების შემდგომ მედეა ბოჭორიშვილი უფლებამოსილია მოითხოვოს „კომპანიიდან გასვლა“, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფის გზით, ასევე მოითხოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის წილის პროპორციული მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. იგივე უფლებები აქვთ სხვა პარტნიორებსაც.

გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. გოდერძი ჩანქსელიანი კი პარლამენტში „ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. სამშენებლო ბიზნესში ორივეს დიდი გამოცდილება აქვს.

პროექტის კონცეფცია

საპროექტო ტერიტორიას, სადაც ორი პარლამენტარი 3 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შავი ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაბალი ინტენსივობის, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან მაღალი ინტენსივობის განაშენიანება, შემდეგ კი თამარ მეფის გამზირი ესაზღვრება, სამხრეთ დასავლეთის მხრიდან კი ემიჯნება მდინარე ყოროლისწყალი.

კონცეფცია- დასაგეგმარებელი ტერიტორია

კომპანიამ მერიას ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფცია წარუდგინა, რომელიც დაამტკიცა ბათუმის საკრებულომ. შემდგომი პროცედურა განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენაა, რომელსაც ასევე საკრებულო დაამტკიცებს. კონცეფცია და დეტალური გეგმა იმ კვარტლის განაშენიანების გეგმის დამუშავებას გულისხმობს, სადაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს.

კომპანიის საკუთრებაში 16 433 კვ.მეტრია, საკვლევი ტერიტორიის საერთო ფართობი კი 4,6 ჰექტარი, საიდანაც 2.4 ჰა ნაშენი ტერიტორიაა. კონცეფციის მიხედვით, კომპანია სამი 54 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სასტუმრო ნომრები, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული დანიშნულების ფართობები, რესტორანი, კაფე-ბარი, ლაუნჯი, საცურაო აუზი, სპა, ჯიმი, საქმიანი შეხვედრის ზონები, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო ზონა, სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

კომპანია სამი ცათამბჯენის მშენებლობისთვის, კოეფიციენტის მაქსიმალურად გაზრდას ითხოვს. ამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტი 2,5-ია, კომპანიას 12,9 სჭირდება. სანაცვლოდ კი ინვესტორი მერიას მიმდებარედ სახელმწიფო ტერიტორიაზე, 5859 კვ.მეტრზე სკვერის მოწყობას ჰპირდება. პროექტს თუ დავაკვირდებით, ეს ადგილი, რომელიც ინვესტორმა სკვერად უნდა აქციოს, ფაქტობრივად 3 ცათამბჯენის ეზო იქნება ზღვის მხრიდან.

რენდერი

კონცეფციაში ვკითხულობთ:

შპს „სიტი გაიდ“-ის ხელმძღვანელობას კერძო ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრული აქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს თანამედროვე სკვერი, კერძოდ: მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, დასაჯდომი სკამები, სპარგე განათებები, დაირგვება მოცემული ტერიტორიის კლიმატური პირობებისთვის შესაბამისი ხე-მცენარეები, რაც საშუალებას მოგვცემს გდგ კვლევის არეალში განლაგებულ დასახლებაში [კვარტალში] გავაჩინოთ საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე გამწვანებული ტერიტორია (სკვერი), სადაც თავშეყრის საშუალება ექნებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სტუმრებს.

მწვანედ მონიშნულია აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული ნაკვეთი სადაც კომპანია მთავრობას და მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს

ჯებირი

მდინარე ყოროლისწყლის გასწვრივ, სამხრეთ დასავლეთით ჯებირი მოუწყვიათ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში: კომპანიის ინფორმაციით, ჯებირი „წარმოადგენს მონოლითური მსხვილი ბლოკების წყობას, რომლის სიგრძე 148 მეტრი, სიმაღლე კი მიწის ზედაპირის ზევით 5 მეტრია…“ ჯებირი დროისა და მდინარის ზემოქმედების გამო დეფორმირებულა და დაუკარგია ფუნქცია. შესაბამისად, საპროექტო ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილია ახალი ჯებირის მოწყობაო.

წითლად მონიშნულია დამცავი ჯებირი

„მცხოვრებთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით“ – 3 ცათამბჯენის კონცეფცია

კონცეფციაში წერენ, რომ მიმდებარე ტერიტორია მდიდარია სარეკრეაციო გამწვანებული სივრცეებით. მშენებელი წერს, რომ ცათამბჯენის სასტუმროს ნომრიდან დამსვენებელი სანაპიროზე ფეხით გავა და ტრანსპორტი არ დასჭირდება, მაგრამ სასტუმრომდე როგორ მივა, ამაზე არაფერს წერენ:

„ფაქტობრივი მდგომარეობით და ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მაცხოვრებელთა გადაადგილება განხორციელდება უმეტესად ფეხით და ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილს, რაც სატრანსპორტო ნაკადების დატვირთვაზე დადებითად აისახება“.

მშენებელი მერიას ასევე წერს, რომ პროექტის არეალში საჭირო იქნება მაგალითად ახალი საგზაო ნიშნების მოწყობა და ტროტუარის კონსტრუქციულად გამოყოფა.

კონცეფციაში მიმოხილულია საგზაო ინფრასტრუქტურაც:

„მიმდებარე ქუჩებზე ძირითადი საქვეითე ნაწილი მოწყობილია, შესაბამისად ქვეითი ძირითადად ახერხებს უსაფრთხოდ გადაადგილებას კონსტრუქციულად გამოყოფილ ტროტუარზე.
ავტობუსების გაჩერება მისაწვდომ საფეხმავლო მანძილზეა… სამანქანო მოძრაობა ხორციელდება ძირითადად დაუბრკოლებლად. ვინაიდან საკვლევ არეალზე გვხვდება სამანქანო შეჭრები ტროტუარის გავლით ასევე არარეგულირებული პარკირებები, ეს შემაფერხებელ გარემოებას ქმნის და ზიანდება არსებული საქვეითე ნაწილი, ასევე ფერხდება ქვეითი. რეკომენდებულია დგომის ამკრძალავი ნიშნის დამონტაჟება ყველა შესაბამის ადგილას. ასევე რეკომენდებულია ყველა შესაბამის ადგილზე შშმ პირთათვის პანდუსების მონტაჟი.

გეგმარებითი ერთეულის არეალში კომუნიკაციების მასშტაბური ქსელური სისტემა არ არსებობს

კომპანიის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გეგმარებით ერთეულს კვეთს 275 -ე ტრანსფორმატორიდან საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში მდებარე 272-ე ტრანსფორმატორამდე მიმავალი მაღალი ძაბვის 10 კვტ. საკაბელო ქსელი, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ბალანსზე არსებული 0,4კვ ქსელის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები (სიპ-კაბელი) და მიწისქვეშა 10 კვ-ის საკაბელო ქსელი, ასევე გეგმარებით ერთეულს კვეთს 110 მმ. დიამეტრის მქონე წყალმომარაგების მილი.

კონცეფციაში წერენ, რომ გეგმარებითი ერთეულის ირგვლივ განლაგებულია გაზმომარაგების, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელი, რაც შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით იძლევა საშუალებას მინიმალური დანახარჯებით განხორციელდეს მაგისტრალში ჩართვა. სუსტი დენები (კავშირგაბმულობა და ტელეკომუნიკაცია) უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე არ გადის, მაგრამ მისი დაერთება შესაძლებელია თამარ მეფის გამზირზე გამავალ ოპტიკურ ბოჭკოვან ხაზზე.

არც წყალმომარაგება

გეგმარებითი ერთეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომარაგების მიზნით ჩაატარეს კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი არ არსებობს, საპროექტო ობიექტის მოსალოდნელი წყალმომარაგების დატვირთვების მოთხოვნა აჭარბებს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაძლებლობის პოტენციალს და აქედან გამომდინარე საჭიროა მოსალოდნელი დატვირთვების ათვისება განხორციელდეს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით.

კონცეფციაში ვკითხულობთ „სანიაღვრე – ქსელის მოწყობა საპროექტო ტერიტორიაზე რეკომენდებულია რამდენიმე სანიაღვრე ჭის საშუალებით, რომელთა ერთად შეკრება შესაძლებელია და არსებულ სანიაღვრე არხზე [მდ. ყოროლისწყალი] დაერთება რამდენიმე დ200მმ (გოფრირებული, პოლიეთილენი) მილით, რომელიც დაკავშირებულია და ჩაედინება პირდაპირ ზღვაში, ვინაიდან მახინჯაურის/განთიადის დასახლებაში არ არსებობს ცენტრალური წყალარინების სისტემა, მიზანშეწონილი იქნება სეპტიკის 1 მოწყობა, რომელიც აღნიშნული ქსელის დატვირთვაზეა გათვალისწინებული და გადავსების შემთხვევაში სპეციალიზებული ასენიზაციის მანქანის მომსახურება იქნება საჭირო.

სოციალური გამოკითხვა – 30 რესპონდენტი და „ღრმა ანალიზი“

სოციალური გამოკითხვა გეგმარებითი დავალების ნაწილია, ასე არკვევს მერია, როგორ ხვდება მოსახლეობა უბანში დაგეგმილ პროექტს და აქვს თუ არა დადებითი მოლოდინები პროექტის მშენებლობის შემთხვევაში. კონცეფციის მიხედვით, შპს „სითი გაიდი“ მერიას ატყობინებს, რომ სამი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის შესაფასებლად უბანში 30 პირი გამოჰკითხა ანონიმურად: „სოციოლოგიურმა გამოკითხვამ მთლიანად მოიცვა მოსაზრებების შეწოვა – შეჯერებისთვის საჭირო არეალი.“

კომპანიის ინფორმაციით: „30 გამოკითხულიდან 30 თვლის, რომ ახალი, თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანი სახლის აშენება და ტერიტორიის განვითარება ხელს შეუწყობს უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და განვითარების დინამიკას.“

კომპანია ასევე წერს , რომ პროექტის საჯარო განხილვაც ჩაატარა, შეხვედრას 8 მოქალაქე დაესწროო.

ინვესტორის შეხვედრა მთავრობასთან – „ყველაფერი კარგად იქნება“

კონცეფციაში წერენ, რომ თამარ მეფის გამზირი #1-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციირების თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიის
ბრძანების საფუძველზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების პროცესში, ჰქონდათ საქმიანი, სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებების გასათვალისწინებლად.

„რათა პროექტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იყოს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი ინფრასტრუქტურების შექმნით და არსებულის გაუმჯობესებით. საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების გადანაწილებით. კერძო პარტნიორის „ნოუ-ჰაუს“ გამოყენება. ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ინვესტორი სრულად დაიცავს მშენებლობის ვადებს, მოუვლის და არ დააზიანებს საჯარო ინფრასტრუქტურას. განაშენიანების დეტალური გეგმა იქნება სწორად შემუშავებული და ხელს შეუწყობს პროექტის გამჭვირვალებას. მოწესრიგდება და განვითარდება ზემოაღნიშნული ტერიტორია. შეიქმნება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავის მხრივ გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე და ხელშეწყობაზე.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: