მთავარი,სიახლეები

„კორპუსთან 2 დღის წინ გამოჩნდა კაცი და ეზოს ნაწილი მოღობა, ჩემიაო“ – აქციაზე ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

25.03.2024 • 3776
„კორპუსთან 2 დღის წინ გამოჩნდა კაცი და ეზოს ნაწილი მოღობა, ჩემიაო“ – აქციაზე ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

„ხანძარიც რომ გაჩნდეს, ჩვენს კორპუსთან მანქანით ვეღარ მიხვალ, ეს პროექტი ხომ შეითანხმა მერიამ, სადაა ახლა?“ – კითხულობენ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #49 წილადი 17-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებლები. მათ დღეს, 25 მარტს, კორპუსებს შორის გამავალი გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 8 წელი ცხოვრობენ, საერთო ეზოს და მანქანით მისასვლელი გზის გარეშე რჩება. კორპუსის ეზოში 2 დღის წინ გამოჩენილა კაცი, ვისაც უთქვამს, რომ კორპუსის საერთო სარგებლობის ეზოს ერთი ნაწილის მესაკუთრე წლებია თვითონ არის. მესაკუთრეს კორპუსში მცხოვრებთათვის რეესტრის ამონაწერი უჩვენებია და მავთულებით და რკინის ბოძებით საკუთრებაც მოუღობავს.

„გაირკვა, რომ ეზოს მეორე ნაწილიც თურმე სხვას ეკუთვნის. ისიც თუ მიიღობავს ეზოს დარჩენილ ნაწილს, ეზო კი არა, კორპუსთან მანქანით მისასვლელი გზაც აღარ დაგვრჩება,“ – განმარტეს აქციის მონაწილეებმა.

„ეს რომ გვცოდნოდა, აქ ბინას არ ვიყიდდით. ეზოს მესაკუთრე სხვა აღმოჩნდა, რომელიც ახლა ითხოვს თანხას,“ – გვითხრა მოქალაქე ვასილ ინჯიამ.

„ჩვენ თავის დროზე არ გვინახავს რეესტრის მონაცემები, ჩვენ არ ვართ იურისტები, რომ ეს ყველაფერი გადაგვემოწმებინა, მაგრამ მერიამ ხომ გასცა ნებართვა?“ – კითხულობს მოქალაქე ზაზა თელია. ის კომპანიის გარდა, რომელმაც კორპუსი ააშენა აბაშიძის ქუჩაზე, პასუხისმგებლობას ბათუმის მერიას აკისრებს, რადგან კორპუსის ეზოს და მისასვლელი გზის გარეშე რჩება.

კორპუსის მეორე მხარეს ბათუმის მერიის დაკვეთით შიდა გზა გაუყვანიათ, სადაც კორპუსებთან ჩავლით ქეთევან წამებულის ქუჩაზე გასვლაა შესაძლებელი. ადამიანებმა, რომლებიც ახლა ეზოს გარეშე რჩებიან, დღეს ბარიკადი ამ გზაზე მოაწყვეს და თქვეს, რომ ვიდრე ბათუმის მერია პრობლემას არ მოაგვარებს, გზაზე მანქანით აღარავის გაატარებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმისთვის, რომ 4 წლის წინ ბათუმის მერიას კორპუსებსა და ორ ქუჩას შორის დამაკავშირებელი გზა მოეწყო, მათი ეზოს ნაწილი დათმეს.

„მაშინ ჩვენი ეზო გვქონდა და მისასვლელი, გზა არ გვიშლიდა ხელს, ამიტომაც არ წავედით წინააღმდეგი,“ – გვითხრეს აქციაზე.

იმის გამო, რომ სხვა საცხოვრებელი კორპუსში მცხოვრები ადამიანები სამანქანო გზის გარეშე დარჩნენ, აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ბარიკადებთან გამოჩნდნენ პოლიციელებიც, თუმცა მათ გზის გათავისუფლება არ უცდიათ.

„მიმართეთ პრესცენტრს“ – ტრადიციული პასუხი დაგვახვედრეს სამართალდამცველებმა.

„კომპანია, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, გვეუბნება, რომ ნებართვის მიხედვით მოაწყო ყველაფერი. შესაბამისად, მერიამ, ზედამხედველობამ უნდა გადახედოს ამ ყველაფერს,“ – მიიჩნევს ზაზა თელია.

„ჩვენ ვითხოვთ ბათუმის  მერიას, მაგრამ მერიის გარდა, ყველა გამოჩნდა – შეხედეთ, რამდენი პოლიციელი მოვიდა,“ – პოლიციელებისკენ მიგვითითა ალბერტ მახარაძემ.

აქცია გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

„ნებართვა არის გაცემული კანონის მოთხოვნების შესაბამისად,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში. აქ მოითხოვენ, რომ სხვა ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

„გადაფარვამ მოწია საზღვრები, მანქანას გაუჭირდება შესვლა“ – მანქანა კორპუსის შესასვლელთან რომ ვეღარ მივა, ადასტურებს კომპანია „ექსტრა 21“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, გელა თურაძეც. იგი განმარტავს, რომ მას უსაფუძვლოდ საყვედურობენ და მესაკუთრეები საჯარო რეესტრს უნდა ედავონ, რადგან „ეს გადაფარვის პრობლემაა“.

„თავის დროზე, რაც საკადასტრომ აჩვენა, იქ დავსვი შენობა… სერვიტუტით იქ გზა გადის და ეს იცოდა ყველამ… დღევანდელმა კადასტრმა კი აჩვენა სხვანაირად: კადასტრი მოიყვანეს და აჩვენა საზღვრები [მესაკუთრეები, რომლებიც კორპუსის საერთო ეზოს მოსაზღვრეები არიან] ორი მეტრის აქეთ, ხალხს აღარ აქვს ეზო,“ – განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი. იგი მიუთითებს იმაზეც, რომ პროექტის მიხედვით, რომლითაც მან წლების წინ ეს კორპუსი ააშენა, საერთო სარგებლობის ეზო თავიდანვე მცირე გამოვიდა – დაახლოებით 70 კვადრატული მეტრი.

„თუმცა ავტომანქანების გასაჩერებელი სივრცე იყო გათვალისწინებული მეორე მხარეს, სადაც გზა გაიყვანეს. იქ გზა რატომ გაიყვანეს, მე არ ვიცი,“ – გვითხრა გელა თურაძემ.

სადავო ეზო გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან

„შესაძლოა, იკვეთებოდეს თაღლითობის ნიშნები“ – მიიჩნევს ადვოკატი ალექსანდრე მეკეიძე და განმარტავს, რომ ჯერ ამხანაგობას საერთო კრებაზე არ გადაუწყვეტიათ, იქნება თუ არა ამ საქმის ადვოკატი. ის არც იმას გამორიცხავს, რომ სამოქალაქო წესით სარჩელით მიმართონ სასამართლოს.

„რა დააშავეს ამ მობინადრეებმა, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეიძინეს ბინები და სარგებლობდნენ ამ ეზოთი? “ – კითხულობს ალექსანდრე მეკეიძე.

კორპუსებს შორის გამავალი გზა ჩაკეტილია. აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ თუ შესაბამისი უწყებები მათი პრობლემით არ დაინტერესდებიან, აქციას ისევ მოაწყობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: