მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ გავუმკლავდეთ ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას – გლოვის 5 ფაზა

25.03.2024 • 8210
როგორ გავუმკლავდეთ ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას – გლოვის 5 ფაზა

ახლო ადამიანის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სტრესული მოვლენაა ცხოვრებაში. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს, მაგრამ გლოვის პროცესი, ერთგვარი ფაზების სახით, მოიცავს სხვადასხვა ძლიერ ემოციას, სადაც შოკის ეფექტს ბრაზის განცდა ენაცვლება, ბრაზს დანაშაულის გრძნობა და ძლიერი სევდა. თანდათან ეს გრძნობები მსუბუქდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება დანაკარგის მიღება და ცხოვრების გაგრძელება დანაკარგთან ერთად.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რა ხდება გლოვის სხვადასხვა ეტაპზე, როგორ დავეხმაროთ მეგობარს ან საკუთარ თავს გამოგლოვებაში და რა მიგვანიშნებს, რომ საჭიროა დახმარებისთვის სპეციალისტს მივმართოთ:

  • ქალბატონო მაია, რა არის გლოვა?

ზოგადად, ადამიანის ტრავმირებას სამი ტიპის  მოვლენა იწვევს – ეს არის გლობალური მოვლენებით გამოწვეული ტრავმა, რომელიც ბუნებრივ კატაკლიზმებს, საომარ მოქმედებებს უკავშირდება; ინტერპერსონალური ტრავმა, რომელიც უკავშირდება ძალადობის გამოცდილებას, მათ შორის ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა და სხვა სახის დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც თავს იჩენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და მესამე – მძიმე დანაკარგის ტრავმა.

დანაკარგის ტრავმის თანმდევი ერთ-ერთ ეტაპი გახლავთ გლოვა, მაგრამ აქამდე ადამიანი გადის სხვა ეტაპებს. ანუ ეს არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება დანაკარგს.

დანაკარგი შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, ასევე განშორებას. ამას გარდა, დანაკარგის ტრავმაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი კარგავს საცხოვრებელს, სამსახურს, სოციალურ სტატუსს, აქვს რაიმე მძიმე ფიზიკური დაზიანება ან დაავადება.

  • რა ეტაპებს გადის ადამიანი დანაკარგის გამოგლოვების პროცესში?

საყვარელი, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება შეიძლება ჰგავდეს მთავარი საყრდენის გამოცლას, არა მხოლოდ ფიზიკურ, ეგზისტენციალურ დონეზეც კი. გარდაცვალების შემდეგ გლოვა კი ბუნებრივი მოვლენაა. ადამიანების უმრავლესობისთვის იგი ბოლომდე არასოდეს სრულდება, თუმცა უკან იხევს და დროთა განმავლობაში დანაკარგის ტკივილიც მცირდება.

დანაკარგის დროს ადამიანი, ბუნებრივად, რამდენიმე ეტაპს გადის, რასაც ბუნებრივი აღდგენის პროცესიც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმიცაა და ადამიანს ეხმარება იმაში,  რომ შეძლოს დრამატულ ცვლილებასთან ადაპტაცია.

პირველი  არის შოკი და მიუღებლობა – შოკის მდგომარეობა დანაკარგის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ჩვეულებრივი რეაქციაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ დანაკარგი უცაბედი და მოულოდნელია. შესაძლოა, არ დავიჯეროთ მომხდარი, რაც ადამიანს გაუსაძლისი ტკივილისგან იცავს.

შემდეგი ეტაპია უარყოფა – გლოვის პროცესში უარყოფა აისახება იმაზე, თუ როგორ გამოვხატავთ ემოციებსა და გრძნობებს. ადამიანების ნაწილი უარყოფს, რომ მათი საყვარელი ადამიანი ნამდვილად გარდაიცვალა. ზოგიერთი კი იმას უარყოფს, რომ ცუდადაა მომხდარის გამო და რთული პერიოდი აქვს.

მომდევნო  ეტაპი დანაშაულის განცდაა – დანაშაულის განცდა უკავშირდება მოვლენებსა და სიტუაციებს, რომელთა გახსენების დროსაც შესაძლოა, სინანულმა შეგვიპყროს, რომ რაღაცის თქმა ან გაკეთება ვერ მოვასწარით საყვარელი ადამიანისთვის. შეიძლება, გაგვიჩნდეს მძაფრი სურვილი, რომ დრო უკან დავაბრუნოთ და რაღაცის სხვაგვარად თქმის ან გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცეს.

მეოთხე  ფაზაა ბრაზი და მერყეობა – ბრაზი მწუხარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დანაკარგის შემდეგ მიუღებლობის გრძნობა შეიძლება გადაიზარდოს იმედგაცრუებასა და ბრაზში. აზრები „რატომ დამემართა ეს მე“ ამ ფაზაში საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს ადამიანი შესაძლოა გაბრაზებული იყოს მთელ სამყაროზე, თითქოს ის ეძებს „დამნაშავეს“, ზოგჯერ საკუთარ თავში, ბრაზობდეს განგებაზე, თვითონ გარდაცვლილზეც კი „ხომ შეეძლო დროულად ეთქვა ცუდად თუ იყო, როგორ დამიმალა?!“ ეს და სხვა აზრები ირაციონალურია, თუმცა ძალიან შემაწუხებელი.

 შემდეგი ფაზაა დეპრესია, მარტოობა – ამ ეტაპზე შეიძლება უფრო მეტად ვიყოთ მზად, მივიღოთ დანაკარგის ფაქტი, მაგრამ მაინც მძიმე იყოს მომხდართან გამკლავება. ამ ფაზის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია მარტოობის განცდა. მას შეიძლება, თან სდევდეს დეპრესიაც, მარტო ან იზოლირებულად ყოფნის სურვილი, ასევე ჭარბი და დაუძლეველი უარყოფითი განცდები, ცრემლიანობა, უპერსპექტივობის განცდა.

მომდევნო ფაზაა აღდგენა – დროის გასვლასთან ერთად შესაძლებლობა გვიჩნდება, ვიყოთ მეტად ქმედითი; ეს არ ნიშნავს იმას, რომ წუხილის, ბრაზის, დანაშაულის ან სხვა გრძნობები სრულიად უნდა გაქრეს, მაგრამ დავიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. შესაძლოა, ყოფითი საკითხების მოგვარება გახდეს პრიორიტეტი. დიახ, ამ ეტაპზე წუხილი და დარდი ისევ ჩვენთან რჩება, თუმცა შეგვიძლია სწორი მიმართულებით სვლა შემდეგი ეტაპისკენ – მიღებისკენ.

ეს არის ბოლო ეტაპი, როცა ჩვენ შეგვიძლია დანაკარგის მიღება და მომხდართან გამკლავება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე „დავივიწყებთ დანაკარგს“. მაგრამ კარგად ყოფნის განცდა ისევ დაბრუნდება. შევძლებთ ვიფიქროთ, ვისაუბროთ და გვყავდეს გარდაცვლილი ადამიანი ფიქრებსა და მოგონებებში, გაუსაძლისი ტკივილისა და მძიმე ემოციების გარეშე.

სხვაგვარად ამას შეიძლება ვუწოდოთ – შუქი გვირაბის ბოლოს: გლოვის ეტაპის ბოლო მონაკვეთი არის, როდესაც გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება, ანუ როდესაც ადამიანი აღიარებს და თვალს უსწორებს დანაკარგს; ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილის ინტენსივობა იკლებს ან დავუშვათ უფერულდება ეს ტკივილი. არა, უბრალოდ ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი თითქოს ბედს ურიგდება და რაღაცნაირად შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება, ამ დანაკარგთან ერთად იცხოვროს ამ ტკივილით.

  • ეს ფაზები ყოველთვის თანმიმდევრულია?

შეიძლება მონაცვლეობა ხდებოდეს ფაზების, მაგალითად შეიძლება ადამიანი იყოს გლოვის ეტაპზე, დაბრუნდეს ბრაზის ეტაპზე, შეიძლება შოკის მდგომარეობაც განუახლდეს.

ეტაპები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, ვის როგორი შინაგანი მდგომარეობა აქვს, ვის როგორი მხარდამჭერი ქსელი ჰყავს (ადამიანის გარემოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს); ცხადია მნიშვნელოვანია, ვის როგორი გამკლავების შინაგანი რესურსები გააჩნია.

არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი გაიჭედება რომელიმე ეტაპზე. მაგალითად, გაიჭედება ბრაზში, შოკის მდგომარეობაში ან გლოვაში.

საშუალოდ ყველა ეს ეტაპი ჯამში ექვსი თვეს ან ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, თუნდაც კულტურაში დამკვიდრებული რიტუალების, ტრადიციების შესაბამისად, იცვლება. მაგრამ თუ პროცესი გახანგრძლივებულია და წლობით გრძელდება (თუნდაც ერთ წელზე მეტი), ამას უკვე გართულებულ გლოვას ვეძახით და ეს არის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.

  • კიდევ რა მიგვანიშნებს გართულებულ გლოვაზე?

მაგალითად, როდესაც წლები გადის და ადამიანი მეტყველებაშიც კი აწმყო დროში ახსენებს გარდაცვლილს, თითქოს ის აქ არის, მის გვერდით – ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს მიღებული რეალობა, ვერ ეგუება ამას და ეს არის გართულებული გლოვა.

ასევე, ზოგჯერ, როცა ადამიანი ისევ იმის გამო, რომ უარყოფს მომხდარს, თვალს ვერ უსწორებს  ტკივილს, ამრიდებლურ ქცევას ირჩევს – არ ერთვება გლოვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რიტუალში, ზოგჯერ არ დადიან სასაფლაოზე, ან შესაძლოა დრო გადის, მაგრამ ტკივილის ინტენსივობა არ იკლებს, ადამიანი ვერ ერთვება ყოველდღიურ ცხოვრებაში, წყვეტს სოციალურ კავშირებს. როცა ტკივილი მუდამ „აქ არის“ და არის ისეთივე ინტენსიური და დაუძლეველი, როგორც დასაწყისში იყო.

არის კიდევ ტრავმული გლოვა – ეს არის მდგომარეობა, რომელიც დანაკარგთან ერთად უკავშირდება ტრავმულ გამოცდილებას, მაგალითად, როცა ადამიანი შეესწრო მეორე ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტს. ეს შეიძლება იყოს საომარი მოქმედების, კატასტროფის დროს, შეიძლება უცაბედი გარდაცვალების დროს, სადაც გარდა დანაკარგისა შემოდის თვითონ კატასტროფული მოვლენის შინაარსი. ტრავმული გლოვა საკმაოდ მძიმედ განიცდება და საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.

  • ხშირად ადამიანი ასეთ მდგომარეობაში გაურბის გარდაცვლილზე ლაპარაკს. ფიქრებსაც ირიდებს თავიდან, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე, როგორ აისახება ასეთი ქცევა გამოგლოვების პროცესზე?

როგორც უკვე ვახსენე, ეს ამრიდებლური ქცევაა, გამოიხატება იმაშიც, რომ მაგალითად საუბარი მინდა ამ ადამიანზე, მაგრამ არ მინდა ვიტირო, ან ტირილი მინდა და არ ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ არ მინდა სხვები შევაწუხო.

ამრიდებლური ქცევა ხელს უშლის გამოგლოვებას, ამიტომ განსაკუთრებით ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი. საქმე ის არის, რომ თუ ვერ გამოიგლოვე, ვერ დადგება მიღების ეტაპი, როდესაც შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება ამ დანაკარგთან ერთად, ჩაერთო ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში.

კარგია მოგონებების გაზიარება, ამ მოგონებებში მოდის ცრემლი, სიცილიც, მოდის სასიამოვნო მომენტების გახსენებაც. ეს ძალიან ბუნებრივია და აი ამ ბუნებრივ პროცესს უნდა გაყვეს ადამიანი, არ უნდა დაბლოკოს და გარემომაც ხელი უნდა შეუწყოს.

  • რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებს გლოვის პროცესში?

ზოგადად, რიტუალები კულტურის, რელიგიის, ოჯახის მიხევდით სხვადასხვა არსებობს, მაგრამ ნებისმიერი რიტუალი ძალიან დიდი როლს თამაშობს გამოგლოვების პროცესში და მათში ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ხშირად არის, რომ მაგალითად ბავშვს, სიმართლეს არ ეუბნებიან, უმალავენ ახლობელი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს, ან მოგვიანებით ეუბნებიან, როცა ყველაფერი ჩაივლის. ცხადია, მიზეზი ისაა, რომ უნდათ ბავშვს ტკივილი შეუმსუბუქონ. თუმცა, ბავშვს ისევე  სჭირდება მომხდარის მიღება და გამოგლოვება, როგორც დიდს. ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაემშვიდობოს და პატივი მიაგოს გარდაცვლილს. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ის გლოვის მძიმე რიტუალის შემსწრე იყოს.

ზოგჯერ ადამიანს უწევს ცრემლის შეკავება სხვადასხვა ფაქტორის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ სევდის საჯაროდ გამოხატვასთან ან არგამოხატვასთან დაკავშირებით, გარკვეული კულტურული კლიშეები არსებობს. ჯობია, ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ბუნებრივად მიჰყვეს ამ ღრმად შინაგან პროცესს, გამოიტიროს, თუ ეტირება, გამოხატოს რას გრძნობს, ილაპარაკოს ამაზე და მას მისმა მხარდამჭერმა ქსელმა, გარშემომყოფმა ადამიანებმა უნდა მისცენ სივრცე. მათ უნდა შეძლონ დაიტიონ ეს განცდები. ესაა რეალური მხარდაჭერა.

გლოვის კულტურაში დამკვიდრებული რიტუალები ეხმარება ადამიანებს გამოგლოვებაში, მათ შორის [მისამძიმრება] თანაგრძნობის მიღება.

ვისაც როგორ შეუძლია, ვიღაც საფლავზე მიდის და ტირის, ვიღაცას თაიგული მიაქვს, ვიღაც  წერილებს წერს, ვიღაც რელიგიურ რიტუალს ასრულებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია გამოგლოვებისთვის.

  • რა აფერხებს გამოგლოვების პროცესს?

გამოგლოვებას ხშირად ხელს უშლის ის, რომ ადამიანი თითქოს საკუთარ თავს არ რთავს ნებას, რომ ჩვეულებრივად იცხოვროს, ანუ დაუბრუნდეს ჩვეულ რუტინას, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ხომ არის, რომ რაღაც ბუნებრივად გამხიარულებს, გახარებს, თუმცა ხშირად ადამიანები ბლოკავენ ასეთ ემოციებს. არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ განიცადონ პოზიტიური ემოცია, თუნდაც გემრიელად ჭამონ, გემრიელად გაიცინონ.

ისეც ხდება, რომ ახლობლები არ აცდიან ადამიანს: „არ შეგეფერება მგლოვიარეს“ – რა თქმა უნდა, ესეც არ არის სწორი მიდგომა, ყველა ისე უმკლავდება დანაკარგს, როგორც შეუძლია. მე ვიცი ადამიანი, რომელიც უმკლავდებოდა იმით, რომ ფორტეპიანოზე უკრავდა და  უკრავდა… და ეს იყო მისთვის გლოვის რიტუალი.

ის ბუნებრივი პროცესი, რაც ადამიანშია, არ უნდა დაიბლოკოს და არც ადამიანმა უნდა დაბლოკოს საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის შედეგად. ამას ხშირად ხელის შეწყობა სჭირდება.

  • რისი თქმა, ან რისი გაკეთება არ არის სასურველი ამ დროს?

მაგალითად, არ არის სასურველი ტვირთის დადება, რომ „შენ ახალ ძლიერი უნდა იყო; მაგარი უნდა იყო; შენ უნდა შეძლო“. საქმე ის არის, რომ ამ დროს ადამიანი თავის თავში ამ ძალას ვერ პოულობს, ხედავს რომ არ შეუძლია, სუსტადაა და ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს მას, კიდევ უფრო მეტად აბრუნებს იმ მოჯადოებულ წრეში. აი, ამ სიმხნევის ტვირთის აკიდებას, რომელსაც ადამიანი ვერ სწევს, ტოქსიკურ პოზიტიურობას ვეძახით.

ჩვენი მხრიდან მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და არა დამუნათება. იყავით ემპათიური, მხარდაჭერა სწორედ ამას ნიშნავს, რომ თანაუგრძნო და მოუსმინო ამ ადამიანს.

თუ ხედავ, რომ გაიწელა, გახანგრძლივდა მისი გლოვა, ან თითქოს და არ აღიარებს დანაკარგს, ან ისევ გაბრაზებულია, ესე იგი მან ეს ფაზა/პროცესი ვერ გაიარა და დღეს ეს მას ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. კარგი იქნება თუ ვეტყვით, რომ ეს ის მდგომარეობაა, როცა დახმარება უნდა ითხოვოს.

მთავარია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ცხოვრება არასოდეს იქნება იგივე, რაც იყო, მაგრამ ის მაინც გრძელდება და რომ ის კვლავ შეძლებს განიცადოს სიმშვიდე და ბედნიერება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: