მთავარი,სიახლეები

რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

22.03.2024 • 4022
რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

„ფაქტობრივად არარსებულ სისტემაში ერთ შენობას აწყვეტინებ თითქოს პრობლემას. ვერ გადაწყდება ასე ეს პრობლემა,“ – კატეგორიულია ბავშვთა უფლებების იურისტი, ანა არგანაშვილი, რომელსაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ვესაუბრეთ.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების იზოლირებულ საცხოვრებელში მოთავსებას.

„მაგალითად, ერთი ბავშვია, გვარს არ დავასახელებ, 13 წლის არის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი – აფთიაქში, დანით შესვლა, წართმევა და ა.შ. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ არის და მე მგონი, უცხოეთშიც არ იქნება და არც რუსეთში…

ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები: სკოლა, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი…“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„ეს არის არაპროფესიონალიზმი,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი. ბავშვთა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ხელისუფლება ბავშვის საჭიროებებზე უნდა ზრუნავდეს და არა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების სადღაც შენობაში გამოკეტვაზე. ეს მიდგომა რომ არ მუშაობს, საქართველოშიც არაერთხელ გამოჩნდა.

„იუნისეფის“ თბილისის ოფისში თქვეს ისიც, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეუსწავლიათ, თუმცა მსოფლიოს წარმატებულ მოდელებს შორის, რასაც შემდეგ „იუნისეფის“ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები დაეფუძნა, გერმანული მოდელი არ არის.

„რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება ამ ბავშვებს ვუწოდოთ დამნაშავეები,“ – შს მინისტრის კომენტარს უბრუნდება ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანიშვილი. მისი აზრით, ეს კომენტარი აჩვენებს, რომ ხელისუფლების გათვლა უფრო პოპულისტურია, ვიდრე საქმიანი.

„არჩევნებზე ხმას აძლევენ გატეხილი მაღაზიის მესაკუთრეები და არა ბავშვები“, – ამბობს ის.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ყურადღებას ამახვილებს „ყაჩაღობაზე“, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, 13 წლის ბავშვმა ჩაიდინაო.

„ყაჩაღობა არის განზრახ ჩადენილი დანაშაული, ისე ამას ვერ ჩაიდენ. როცა ხარ 13 წლის, ხომ უნდა იაზრებდე, რასაც აკეთებ? ბავშვი ამას ვერ იაზრებს ისე, როგორც ზრდასრული. ის, რომ ბავშვი დარჩა მშობლის ზრუნვის გარეშე და ქუჩაშია, ეს არაა მისი ბრალი. ის, რომ ბავშვი მოხვდა ვიღაცის გავლენის ქვეშ, ეს არაა მისი ბრალი. ამ ბავშვებს გააჩნიათ გარკვეული საჭიროება, რომელიც არ კმაყოფილდება და ამის გამო ხვდებიან ასეთ გაუგებრობებში.

დღეს საქართველოში ათასობით ბავშვს სკოლაში სიარულის პრობლემა აქვს. არ აქვს სახლი, მშობელი არ მუშაობს, ან საზღვარგარეთაა. სახელმწიფო ვერ აღმოფხვრის ამ მიზეზებს, რის გამოც ქუჩაში აღმოჩნდა ბავშვი და გადავდივართ დამდგარ შედეგზე: დაზიანებულია ნივთი, გატეხილია მაღაზია…

ბავშვთა უფლებების კომიტეტი შეთანხმებულია, რომ უნდა იმუშაო, პირველ რიგში, საფუძველში არსებული მიზეზების აღმოფხვრაზე, ანუ ბავშვი არ უნდა მოხვდეს ქუჩაში, არ გავიდეს სკოლის სისტემიდან. უკვე მერე ვისაუბროთ, მაინც ხდება თუ არა ეს მოვლენები.

ბავშვს სჭირდება სათამაშო და გართობა, მეგობრებთან ყოფნა და ბედნიერი ბავშვობა. ეს როცა ასე არ არის, შემდეგ ხდება უკვე მისი მხრიდან ამ ქმედების განხორციელება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველი ასევე მიიჩნევს, რომ ბავშვებზე, რომლებსაც კანონთან კონფლიქტი აქვთ, ყველაზე მეტად განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის უწყებების უნდა აქტიურობდნენ და არა შსს. იურისტის განმარტებით, ეს უწყებები უნდა არკვევდნენ, რატომ აღმოჩნდა ბავშვი ქუჩაში და შემდეგ სტრატეგია უნდა მუშავდებოდეს, პოლიტიკა, თუ როგორ უპასუხოს სახელმწიფომ გამოწვევას.

„გვქონდა სამტრედიის სკოლა რთულად აღსაზრდელი ბავშვებისთვის, მაშინ სახალხო დამცველის აპარატიდან ვიყავი მონიტორინგზე და ეს იყო ჩვეულებრივი ციხე – ბავშვები გარბოდნენ, ხტებოდნენ ფანჯრებიდან, აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა.

ამიტომაც, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რას დაარქმევ.

ეგრეთ წოდებული ციხე, რაც არის საკორექციო, ისიც არ ჰგავს რეალურად ციხეს: პიანინოც დგას და ასე შემდეგ, რაც ბავშვებს სჭირდებათ. ბავშვების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს სახელს და შენობას, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კეტავენ და უზღუდავენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობას. ასე ნინოწმინდის პანსიონსაც არ ერქვა ციხე, მაგრამ…

მთელ მსოფლიოში შეთანხმდნენ, რომ ინსტიტუციები, სადაც გამომწყვდეული ჰყავთ ხალხი, არ არის ეფექტური. ამათ ძალიან ბევრი საფეხური გამოტოვეს: კვლევა, საზოგადოების მონაწილეობა, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა.

გერმანიაში რომც იყოს ასეთი დაწესებულება, მანამდე შესწავლილი იქნება ყველა შესაძლო მიზეზი, რის გამოც იქ მოხვდები. გერმანიაში არსებობს კვლევები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გამართული უნდა იყოს სისტემა, რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამის გასაჩივრება იყოს შესაძლებელი.

ამიტომაც, ასე ამოგლეჯილად მოდელის ნახვას აზრი არ აქვს – გააჩნია კონტექსტს, საჭიროებებს. როცა, მაგალითად, მშობლები ემიგრაციაში არიან, ეგ გამოდის აქ მთავარი პრობლემა და არა ის, რომ ბავშვმა რაღაც გატეხა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.

„ჩვენ საუკეთესო პრაქტიკები შეგვისწავლია და, მათ შორის გერმანული მოდელი არ არის მოხვედრილი. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია ამ მოდელის შესახებ. თუ არსებობს ეს მიდგომა [მოზარდების იზოლირება ცალკე შენობაში], საინტერესოა, რატომ აქვს, რადგან ეს არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად,“ – ამბობს ნონა ციხელაშვილი, „იუნისეფი საქართველოს“ ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

ნონა ციხელაშვილი განმარტავს, რომ იუნისეფის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვით, „ინტერვენცია ხდება იქ, სადაც ცხოვრობს ბავშვი, თანატოლებთან ერთად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს გრძელვადიანი ეფექტი. ჯერ ჩვენ არ ვიცით, რა იგულისხმა მინისტრმა, არ ვიცით დეტალები… იუნისეფის პოზიციაა, რომ გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები,“ – ამბობს ნონა ციხელაშვილი.

იუნისეფის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს სათანადო მხარდაჭერაზე, რასაც მოზარდი სახელმწიფოსგან უნდა გრძნობდეს და ხედავდეს:

„ბავშვის ქცევის ანალიტიკოსებს და ექსპერტებს თუ მოვუსმენთ, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა მულტისექტორალურად მოგვესმინა, ამბობენ, რომ ნებისმიერი ადამიანის ქცევა განპირობებულია გარემოზე პასუხად… შედეგი მოაქვს იმას, როცა მთელი სისტემა, სადაც მე ვმოძრაობ და ვინც ჩემზე ზრუნავს, არის გაძლიერებული. ეს არის გრძელვადიან ხედვა.

ჩვენ თავსაც უნდა დავუსვათ კითხვა: რა განაპირობებს ბავშვების ამ ქცევას, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მათ, რომ თავი აარიდონ მსგავს ქცევას?

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა და ადგილობრივი შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, ძირითადად მსგავსი ქცევის ბავშვები არიან ნეგატიური გამოცდილებების მქონე ბავშვები. ეს სია ძალიან გრძელია: ძალადობა, მშობლებს შორის კონფლიქტი, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, უფროსების მხრიდან გავლენები.

ამ გამოწვევების დასაძლევად ბავშვები ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას, რა დროსაც ბავშვების რეაქცია გარემო მოვლენებზე მწვავდება, უფრო და უფრო რთული ხდება მისი მართვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნონა ციხელაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: