მთავარი,სიახლეები

„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო

22.03.2024 • 5035
„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო

ბუხართან დაგხვდა. ხელებს ითბობდა და თითქოს ცეცხლის ყვითელ შუქს ეთამაშებოდა თითებით. საკუთარ თავს „მოცივანას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ბუხრის სითბოს ვერაფერი შეედრება.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“, – მეუბნება 102 წლის ზექიე დოლიძე. დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ზექიე 17 მაისს გახდება 103 წლის.

ზექიეს ზამთარი სულაც არ ეჯავრება მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ ჰგუობს. ასე მითხრა, ახლაც კარგად მახსოვს, როგორი თოვა იცოდა ჩემს სოფელში, ჯოჭოშიო.

„თოვლი და ზამთარი მიყვარს. მახსენდება, როგორ გავიდოდით ბავშვები გარეთ და ვითამაშებდით, ვიგუნდავებდით.

გუშინ ვამბობდი, ნეტა ერთს გავიარდე და იმ გზას დავინახავდე, სადაც ვთამაშობდი-მეთქი.

მე სოფლად დავიბადე და 18 წელი ვცხოვრობდი იქ. კარგი დრო მაქვს გატარებული.

მენატრება ადგილი, სადაც გავიზარდე, მაგრამ არც დედა, არც მამა, არც დები არც ძმები, არავინ არ მყავს ახლა“, – მითხრა და ხმა გაუწყდა, თავი ფანჯრისკენ მიატრიალა.

6 წლის იყოს, როცა მამა გარდაეცვალა და დედამ, რომელსაც „ვაჟკაც ქალად“ მოიხსენიებს, 5 შვილი გაზარდა მარტომ. ზექიეს ორი და და ორი ძმა ჰყავდა.

„დედაჩემი ძლიერი ქალი იყო და ჩვენ ჩვეულებრივ საჭმელს ვჭამდით. ამბობდნენ, რომ ხალხი ქერქს ჭამდა. მე არც კი ვიცი რა იყო ქერქი.

სკოლა რომ დავამთავრე, ქალაქში წამოვედი, წამომიყვანა დედამ. საბუღალტრო დავამთავრე და შემდეგ ერგეში ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში დავიწყე ბუღალტრად მუშაობა.

ომი რომ დაიწყო, მაშინ დავიწყე იქ მუშაობა. ბუღალტერი, თავმჯდომარე, ყველა ჯარში წაიყვანეს.

ახალგაზრდები, ჩემი ტოლები, ყველა. იქიდან მარტო წერილები მოდიოდა, გარდაიცვალნენო. ჩემი სოფლიდან ახალგაზრდები რომ წავიდნენ ჯარში, მხოლოდ ორი კაცი მოვიდა ცოცხალი მათგან, სხვა ყველა ომში დაიღუპა. ძალიან, ძალიან ცუდი პერიოდი იყო“, – იხსენებს ზექიე, რომელიც „ფრიადოსანი“ მოსწავლე იყო სკოლაში.

მითხრა, რომ სკოლაში ყოველთვის პირველი მიდიოდა და გაკვეთილებსაც პირველი ჰყვებოდა ხოლმე. უყვარდა ლიტერატურა და კითხვა, თუმცა მის საყვარელ საგნად მათემატიკა რჩებოდა და წინასწარ იცოდა ყველაფრის შესახებ, რასაც მათემატიკის მასწავლებელი გაკვეთილზე მას და მის კლასელებს უხსნიდა.

ციფრების სიყვარულის მიუხედავად, ზექიეს ექიმობა უნდოდა, ბევრი ადამიანის დახმარება,  სიცოცხლის გადარჩენა რომ მოეხერხებინა. ზექიეს სამედიცინოზე სწავლა დედამ დაუშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი ახლაც გულდაწყვეტილი ჩანს სასურველ პროფესიაზე ვერ სწავლის გამო, დედას არ უბრაზდება. მისი ესმის – „ეშინოდა. ომი იყო, რომელიც არავის არ ინდობს. მეუბნებოდა, არ გინდა ეგ საქმე, მერე მოგიწევს ომში წახვიდე და იქიდან ვეღარ ჩამოხვალო“.

ქალი ჯარისკაცებს როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. იხსენებს, რომ ღამეებს ათენებდა წინდების თუ სარტყლების ქსოვაში და შემდეგ ყველაფერ ამას მათ უგზავნიდა.

 

ზექიე დოლიძე

ის ხუთი შვილის დედაა. ერთი შვილი გარდაეცვალა და ჩვენთან საუბრის განმავლობაში ბევრჯერ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ცხოვრებამ უწინდელი სიხალისე დაკარგა.

ზექიეს 12 შვილიშვილი, 17 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ქალმა თავისი მომავალი მეუღლე სამსახურში გაიცნო და 18 წლის ასაკში დაოჯახდა.

„ეს სახლი ჩვენი აშენებულია. მე და ჩემი ქმარი მხოლოდ იმას ვფიქრობდით, რა როგორ გაგვეკეთებინა ლამაზად, გულაობა არ გვქონია.

ჩემს ქმარს არ მოვუტაცივარ, ჩემი სურვილით გავყევი. ქორწილი არ გვქონია. არ მდომებია და არ გამიკეთებია.

დედაჩემს ვერ ეტყოდი, რომ ბიჭი გიყვარდა და გაყოლა გინდოდა.  რა თქმა უნდა, არ ესიამოვნებოდა ეს. გამიბრაზდა, მაგრამ  ბოლოს შემომირიგდა“.

„ადრე მეღვიძება, ცხრაზე. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ ადრე უნდა გამეღვიძა. ახლა არაფრის გაკეთება არ შემიძლია და მაინც ადრე მეღვიძება. 7-ზე, 8-ზე ვიღვიძებდი, რომ ბავშვები სკოლაში გამეშვა, ქმარი სამუშაოზე წასულიყო და მომესწრო ყველაფერი.

იმდენი დრო არ მქონდა ახალგაზრდობაში, რომ აივანზე დავმდგარიყავი და ხედისთვის შემეხედა. სკოლიდან მობრუნებული ბავშვებისთვის საჭმელი უნდა დამეხვედრებინა, გაკვეთილები მომემზადებინა“, – მეუბნება ზექიე, რომელიც აივანზე ახლა გასვლას სიცივის გამო ერიდება. ეშინია გრიპი არ დაემართოს.

ზექიე მეუღლესთან ერთად

ქალი იხსენებს იმასაც, რომ ახალგაზრდობისას მუდმივად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ფერად ტანსაცმელს ატარებდა. ზექიეს საყვარელი ფერი წითელია და დეტალურად ახსოვს მისი საყვარელი წითელი ქვედა ბოლო.

როცა ამაზე მითხრა, სევდით დაამატა – „იმის მერე რამდენი ხანია გასულიო“ და ცოტა ხნით ჩაფიქრდა.

„კარგად შეკერილი, ხარისხიანი ტანისამოსი ძალიან მიყვარდა. კარგად ვკერავდი მეც. მიყვარდა საქმე და რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერს ბოლომდე და სუფთად ვაკეთებდი“.

გარდა ამისა, ზექიე კარგი მზარეულიც იყო – „საჭმელს ახლაც გავაკეთებ, ხელები მიბუჟდება უბრალოდ. ჩემი ქმარი მჭამელი დიდად არ იყო, მაგრამ რასაც გავაკეთებდი, იმას მშვენივრად მიირთმევდა. უფრო მეტად ტოლმა უყვარდა.

მე ფლავი და ტოლმა მიყვარს განსაკუთრებით. რძის ნაწარმი, ყველი. ყველანაირ ხილს და ბოსტნეულს ვჭამ. ტკბილეული დიდად არ მიყვარს. ზოგადად, ცოტ-ცოტა ჭამა მიყვარს“, – მეუბნება ზექიე და ამატებს, რომ დედამისს ხილი ძალიან უყვარდა და მუდმივად ახალ-ახალ ხილის ნერგებს რგავდა, ამიტომ ყველაზე მრავალფეროვანი და დიდი ხილის ბაღი ჰქონდათ სოფელში.

„მაშინ ხეებზე ასვლას რა მაშინებდა. სულ წვერში ავიდოდი და ჩამოვიდოდი.

ხეების დარგვა მეც ვიცი, მაგრამ ახლა წლოვანება არ მიწყობს ხელს, რომ დავარგა“.

მეუბნება მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ ზღვის გამო არა, რადგან წყლის ძალიან მეშინია და არასდროს არ მიბანავიაო.

მას ახსოვს პერიოდი, როცა ბათუმში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობდა და შეიძლებოდა მთელი დღის განმავლობაში არ შეგხვედროდა მანქანა.

„მაშინდელ ტრანსპორტს „ლინეიკა“ ერქვა. ორი ცხენი იყო შებმული, დაჯდებოდი და წამოხვიდოდი. ახლა რომ არის მანქანები ყველგან, ასე კი არ იყო. მაშინ იყო ფაიტონიც. ცოტა ძვირი ღირდა, თორემ ფაიტონითაც შეიძლებოდა წასულიყავი-მოსულიყავი.

ჩვენ რომ გავაკეთეთ ეს სახლი, შენობა სად იყო, აქ სულ ჭაობი იყო. ჩვენ გავაკეთეთ სახლი და მერე გააკეთეს მეზობლებმა.

მაღალი, 20 სართულიანი კორპუსები რომ აშენდა, ის როგორ უნდა მომეწონოს? ვერც ვერასდროს ავიდოდი იქ, მეშინია“, – მითხრა ზექიემ.

ის დღის განმავლობაში ტელევიზორს უყურებს ხოლმე. აინტერესებს ვინ არიან ახლა ხელისუფლებაში, მოწინავე პოზიციებზე – „მაინტერესებს რას აკეთებენ“. 102 წლის ქალი თვლის, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს.

ზექიე დოლიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: