მთავარი,სიახლეები

ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ

18.03.2024 • 3644
ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ

დღეს, 18 მარტს, ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „პროგრესში“.

სკოლის დირექციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. წერილში სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ წერდნენ.

„მეილი მოვიდა დილით – დაცალეთ სკოლა, თორემ აფეთქდება ბომბი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცრუ განგაში იყო, მაგრამ სკოლამ თავისი უსაფრთხოების ზომები მიიღო.

112-მა და ანტიტერორისტულმა სამსახურმა ჩაატარეს განაღმვითი ოპერაცია. არაფერი აღმოჩნდა. სიმშვიდეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა.

სკოლის დირექტორის თქმით, „პროგრესში“ სასწავლო პროცესი დღის მეორე ნახევარში განახლდება, ხოლო ხვალიდან სრულად აღდგება.

„დღის მეორე ნახევარში რა წრეებიცაა, კლუბები, გახანგრძლივებული, ყველაფერი აღდგება. ხვალ ჩვეულებრივად განვაახლებთ სასწავლო პროცესს.

იმედია შსს-მ ძიება დაიწყო. უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც მსგავს წერილებს, ცრუ განგაშებს ავრცელებენ და საბოტაჟს აწყობენ.

ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რომ მეტი დაცულობა გვჭირდება, საჯარო და ზოგადად, სკოლებსა და ბავშვებს,“ – ამბობს ნინა ჩიკვაშვილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს. ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: