მთავარი,სიახლეები

13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი

18.03.2024 • 4628
13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი

„ახლა ჩემი შვილი 13 წლისაა. ამ ეტაპისთვის ნარკოტიკებს არ მოიხმარს. 

ამ ყველაფერმა მძიმე შედეგები გამოიღო. ცუდი ქცევები აქვს, სულ გარეთ უნდა ყოფნა. როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. ყველაფერს თვითნებურად წყვეტს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. 

დედა შიშობს, რომ რადგან ნარკოტიკებზე ადვილად მიუწვდებათ მოზარდებს ხელი, დიდი რისკია ბავშვების გვიანობამდე ქუჩაში ყოფნა. ასეთ დროს ისინი არც კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენისგან არიან დაცულნი. 

„ჩემი შვილი საკმაოდ დაკავებულია. რთული გრაფიკი აქვს, დილით სკოლაშია, შემდეგ ბალეტზე დადის, თუმცა მაინც მოახერხა ქუჩაში გაეცნო ისეთი ადამიანები, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 

ერთხელ გავიდა, ორჯერ გავიდა გვიან ქუჩაში, შემდეგ უკვე მიეჩვია და ბოლოს ძალიან ცუდი საქმიანობა – მოპარვაც დაიწყო. 

როცა ვთხოვდი სახლში დროულად დაბრუნებულიყო, წინააღმდეგობას მიწევდა. ერთხელ სახლიდან წავიდა და სამი თვე არ დაბრუნდა. იმ პერიოდში კოვიდი მქონდა, იზოლაციაში ვიყავი და მოსაძებნადაც კი ვერ გავდიოდი. ხან ვის ვთხოვდი მოეძებნა და ხან ვის.

სოცსააგენტოსაც ვთხოვე დამხმარებოდა, მაგრამ რეაგირება იყო ნული. მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, რომ ბავშვი არ უნდა დაისაჯოს. 

რა თქმა უნდა, ძალადობის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ როცა ბავშვი ცუდად იქცევა, ვფიქრობ, მან პასუხი უნდა აგოს ამ ქცევაზე“, – გვეუბნება დედა. 

მისი თქმით, გარდატეხის ასაკში ხშირად ბავშვებს თავისუფლება დაუმორჩილებლობაში ერევათ და „ათასნაირ რამეს სჩადიან“. 

დედა ამბობს, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა სახლში ორჯერ დაბრუნდა ნასვამი. 

„ვფიქრობ, ამ ასაკისთვის არ არის ეს სწორი საქციელი. მაგრამ მარტო ბავშვსაც ვერ ავკიდებთ პასუხისმგებლობას, რადგან მშობლებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ როცა არასრულწლოვან შვილს უხდი დაბადების დღეს, იქ შესაბამისი გარემო უნდა შექმნა და ალკოჰოლი არ უნდა მიიტანო სუფრაზე. 

მაგრამ, როცა სხვა მშობლებს ამაზე ვუთითებ, ბრაზდებიან და ძალიან დიდი აგრესია მოდის ამის გამო. როცა შენს სახლში ბავშვი ალკოჰოლს იღებს, საქმის კურსში უნდა ჩამაყენო ხომ მისი მშობელი. ამას უფროსები ხშირად არ აკეთებენ“, – ამბობს დედა. 

მისი თქმით, დალევას, გვიანობამდე ქუჩაში ყოფნა მოჰყვა. დედამაც მოუხშირა პოლიციასთან და სოციალურ მუშაკებთან ზარებს.

„მე არ მაქვს უფლება სხვის ოჯახში შევიჭრა და იქ ვეძებო შვილი. ამიტომ პოლიციას ვთხოვ ხოლმე, რომ დამეხმაროს მოძებნაში. 

სოციალური სააგენტო ვერ მეხმარება. მოვა, სად წავა – ასეთია მათი პასუხები. ქუჩაში რომ რაღაც მოხდეს, ვინმემ იძალადოს ბავშვზე, ამას ველოდო?“-კითხულობს დედა.  

მისი თქმით, ერთხელ, როცა გვიან დაბრუნდა მისი გოგონა სახლში, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, რამაც მისი შიშები კიდევ უფრო გაამძაფრა. 

„ტუჩები ჩაშავებული ჰქონდა. შემოდგა თუ არა სახლში ფეხი, წივილ-კივილი ატეხა. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რაიმე მოხმარებული, მაგრამ ცუდად გამოიყურებოდა. 

ამ დღეებში კი, როცა დაბრუნდა სახლში, ორივე ხელის ზედა ნაწილში ჭრილობები ჰქონდა. როცა ვკითხე რა მოგივიდა-მეთქი, შენ ამას ვერ გაიგებო – ასე მიპასუხა. 

აღარც ჰიგიენას აქცევს ყურადღებას, აიკიდა ანთებები, რადგან სველდება ქუჩაში და ცივდება. როცა გარეთაა, ვურეკავ, ტელეფონს თიშავს, არ მპასუხობს, ყველაფერს მიპროტესტებს“, – გვეუბნება მოზარდის დედა. 

როგორ ფიქრობთ, რის გამო იკარგება შვილებსა და მშობლებს შორის ნდობა და რა მოხდა თქვენ შემთხვევაში, თუ გაანალიზეთ ეს? – ვკითხეთ 13 წლის გოგოს დედას. 

მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა ყურადღებიანი ყოფილიყო, თუმცა არ იცის, რა გამოტოვა შვილთან ურთიერთობაში. 

„მართალია, ორ შვილს მარტოდ ვზრდი, ხუთ სამსახურში დავრბივარ, რომ შვილები გამოვკვებო, ბინის ქირა გადავიხადო, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობდი არ დამეტოვებინა ყურადღების მიღმა. 

მაინც აღმოჩნდა ქუჩაში. 

როცა საფრთხეებზე ვესაუბრები, ვცდილობ ავუხსნა, რა რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს, ამაზე სულ ღიზიანდება.

როცა სახლში არ მოდის, მაინც ვურიცხავ ფულს, რომ საჭმელი იყიდოს. ვიცი, რომ ენერგეტიკულ სასმელებსაც მოიხმარენ ბავშვები, შესაძლოა ესეც ცუდად ისახება მის ჯანმრთელობაზე“. 

დედა ამბობს, რომ არ იცნობს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ატარებს მისი შვილი ქუჩაში დროს. 

დედის თქმით, ეს წრე ყოველთვის იცვლება. 

„ამ ბოლო დროს ვისთანაც მეგობრობს, ორის მშობელი მასწავლებელია, ერთის ოჯახი ვერ დავადგინე. ამ სახლში, 15-20 ბავშვი იკრიბება ერთად და უკონტროლო სიტუაციაა. არ ვიცი რას აკეთებს ამდენი ბავშვი ერთად უფროსის მეთვალყურეობის გარეშე. 

ორი ბავშვი, დღის ცენტრში რომ დადიოდა, იქ გაიცნო. ისინიც საშინელ დღეში არიან. მათი მშობლებიც არასწორ გზაზე დგანან. 

როცა მშობლებს ვეუბნები, რომ გვიანობამდე ნუ აჩერებენ არასრულწლოვნებს სახლში მშობლების თანხმობის გარეშე, ჩემი შვილი ამაზეც მიბრაზდება. „შენ საქმეებს ურჩევ მშობლებს“ – მეუბნება. მაგრამ მე ხომ მაქვს უფლება გავიგო, სად არის და ვისთან ჩემი შვილი“. 

დედის თქმით, მოზარდების ქუჩაში უკონტროლო ყოფნას სხვა გამოწვევებიც ახლავს, ისინი ადვილად უკავშირდებიან კრიმინალურ ავტორიტეტებს და მათი გავლენის ქვეშ ექცევიან. 

„ბევრი არასრულწლოვანია დაჭერილი და სხედან ციხეში. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის შვილიცაა, 17 წელი ციხეში შეასრულა. მოპედები მოუპარავს. 

ის, ციხეში რომ ზის, მაგარია – ასე იწყებენ ფიქრს ბავშვები. ჩემი შვილისგანაც გამიგონია, რომ ციხეში უნდათ შესვლა და ამ ბავშვების მონახულება. ავტორიტეტად იქცნენ ის ბავშვები უკვე ამათთვის. 

ცხადია, ამ ბავშვების უკან არის ის ხალხი, ვინც იყენებს მათ. რთავენ ქურდობაში, ეუბნებიან – შენ ბავშვი ხარ და არავინ დაგიჭერს, მაგრამ როცა ბევრი შემთხვევა უგროვდებათ ამ ბავშვებს ქურდობის, მაინც იჭერენ“-ამბობს მოზარდის დედა. 

მისი აზრით, საჭიროა უბნის ინსპექტორების გააქტიურება, რაც შეამცირებს ბავშვების ქუჩაში ყოფნას და კრიმინალსაც. 

„ჩემს შვილზე, მაგალითად, მოქმედებს როცა ვეუბნები, რომ პოლიციას გამოვიძახებ. იყო შემთხვევები, როცა მიმიყვანია განყოფილებაში და გასაუბრებია პოლიცია. შიშის ფაქტორი მაინც არის და რაღაც პერიოდი აჩერებს ეს. 

ადრე იყო სხვათა შორის ეს სისტემა, დადიოდნენ უბნის ინსპექტორები სახლებშიც და თუ კიდევ იმუშავებენ ასე, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რადგან როცა მე ჩემს შვილს ვეძებ და ამ დროს ვიღაც კრიმინალი იფარებს იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა მოიპაროს და მიუტანოს სახლში, ხომ ეცოდინება ეს პოლიციასაც“-ამბობს მშობელი.

ქალის თქმით, ძალიან ბევრი ბავშვია ქუჩაში. „ღამის ოთხ საათზეც რომ გახვიდეთ, ყველგან ნახავთ“- გვეუბნება ის. 

მისი თქმით, რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ მშობელს არასრულწლოვან შვილზე ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს. 

„მესმის, რომ შეკრების უფლებას ვერ ავუკრძალავთ, გარეთ გასვლას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ შუაღამით ბავშვი ქუჩაში რომ არის, ეს პოლიციას, სახელმწიფოს არ უნდა აინტერესებდეს? 

მე, მშობელი როცა ვერ ვიმორჩილებ, არ მიჯერებს, არ ესმის ჩემი, რა გავაკეთო, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ დროს? მაშინ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი შვილები.“-ამბობს მოზარდის დედა. 

მისი თქმით, ბავშვების წინაშე დამნაშავეა როგორც მშობელი, ასევე სახელმწიფოც. 

„შესაძლოა ჩვენ, მშობლებიც ვაშავებთ, მაგრამ აშავებს სახელმწიფოც, რადგან ამ მდგომარეობიდან ამოსაყვანად რეალურად არაფერს აკეთებს. როცა მშობელი ვერ იმორჩილებს ბავშვს, მაშინ პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. 

მეც მჭირდება ფსიქოლოგი, მეც მჭირდება დახმარება, მაგრამ არავინ მეხმარება. რაღაც ისეთი სერვისები, ისეთი სკოლა უნდა არსებობდეს ამ ბავშვებისთვის, რომ დაეხმაროს მათ თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას. საჯარო სკოლა ვერაფერს აკეთებს.

შარშან მხოლოდ სამჯერ იყო სკოლაში. არ დადიოდა და თხოვნებით გადავიდა კლასიდან კლასში“.

გამოდის, ნიშნებიც ტყუილად დაუწერეს? – ვკითხე დედას.

„ასე გამოდის, მაგრამ რა ვქნა. 

არც მანდატურის სამსახურს აქვს გავლენა, მაინც იპარება სკოლიდან ბავშვი. ვერც მათი ფსიქოლოგები მუშაობენ შედეგიანად“- გვეუბნება ქალი.   

ყველაზე მეტად დედას არდადეგების პერიოდი აშინებს, რადგან შიშობს,  რომ ამ დროს მისი გოგონა საერთოდ დაიკარგება. 

„რამე მოიფიქროს სახელმწიფომ, შექმნას ისეთი ცენტრები, ისეთი პროგრამები, რაც დაგვეხმარება მშობელსაც და შვილებსაც. 

არც ფსიქოტროპული წამლები უნდა იყოს ასეთი ხელმისაწვდომი. იმდენი ბავშვი მინახავს აფთიაქებთან, სადაც ყიდულობენ… თანაც 2 ლარი ღირს თურმე ტაბლეტი. 

ყველას ორგანიზმი ერთნაირად ვერ იღებს ამ წამალს და ძალიან ცუდი შედეგები დგება. 

ყველანი რისკის ქვეშ ვართ.“- ამბობს მოზარდის დედა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: