მთავარი,სიახლეები

TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო

15.03.2024 • 5244
TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო

„შენ გაგწევ ახლა მე“ – მიმართავს „ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირი TV25-ის გადამღებ ჯგუფს, რომელსაც გუშინ, 14 მარტს, თავს დაესხნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს, დაიწყო თუ არა გამოძიება.

ჟურნალისტებს ადგილზე დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება. დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის ვიდეოკამერის წართმევასაც ცდილობდა.

TV25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე და ოპერატორი გერა კილაძე „ოცნების ქალაქში“ იმ კორპუსის გადაღებას ცდილობდნენ, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ადამიანებს ჯერ საცხოვრებელ ბინებს არ აძლევენ.

დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ელოდება, რომ წინასაარჩევნოდ გადასცენ ოჯახებს ბინა, ხოლო ვინც ბინის გარეშე დარჩება, ისინი ისევ დაპირების იმედად დატოვოს.

TV25-ის გავრცელებული კადრების მიხედვით, გადამღები ჯგუფი კორპუსის გადაღებას ღია, საჯარო სივრციდან ცდილობდა, სადაც გადაღების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.

კადრებში ისმის, სავარაუდოდ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანის მოწოდება: „კამერით კორპუსში ვერ შეგიშვებთ, თქვენი უსაფრთხოება არ იქნება დაცული“, თუმცა ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე ამბობს, რომ კადრების გადაღების საშუალებას საჯარო სივრცეშიც არ მისცეს, სადაც კომპანიის თანამშრომლები, ასევე დაცვის თანამშრომელი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

თეო ფუტკარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კორპუსი, ან მისი ეზო მას შემოსაზღვრული არ დახვედრია სამშენებლო ღობით, ან რამე აღნიშვნით, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ სად არ შეიძლება გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით.

„ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია. გგულშემატკივრობთ, თუმცა ეს კონკრეტული უწყების კომპეტენციაა, რაშიც მთავრობა პირდაპირ ვერ ჩაერევა,“ – უპასუხა დღეს, 15 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ TV25-ის შეკითხვას.

განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ TV25-ის ჟურნალისტებს გამომძიებლები დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში კორპუსებს ვალაგებთ“ – მშენებელი კომპანია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: