მთავარი,სიახლეები

ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში

15.03.2024 • 4446
ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში

გიორგი სულხანიშვილი 2024 წელს უკვე მეორე მოსარჩელეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვისაც სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს კანონის ის ჩანაწერი მიიჩნიონ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს მსაჯულები ვერ განიხილავენ.

გიორგი სულხანიშვილს თავდაპირველად მკვლელობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები აურჩევია. პროკურატურა გიორგი სულხანიშვილს რუსთავში გიორგი მორბედაძის მკვლელობას ედავებოდა. ეს შემთხვევა 2023 წლის მაისში მოხდა.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევის ბოლო ეტაპზე კი, პროკურატურას ბრალი დაუზუსტებია – სულხანიშვილს ამჯერად გამოძიება მკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მცდელობას ედავება, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში. ამ მუხლით ბრალდებულის საქმეს, კანონის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულები უკვე ვეღარ განიხილავენ.

ადვოკატების ნაწილი ეჭვობს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად იყენებს ამ მეთოდს, რომ საქმე მსაჯულების ხელში არ მოხვდეს და არ გაიზარდოს ალბათობა – საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

მსგავი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ზურაბ საღინაძემაც, ის „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზეა“ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული.

„სადაო სამართლებრივი ნორმების სადაო შინაარსი სახელმწიფო ბრალმდებელს უფლებას აძლევს ქმედება დააკვალიფიციროს მკვლელობის მცდელობად, მაშინ როცა საქმეზე არის დასრულებული შედეგი, გარდაცვლილია ადამიანი. სახელმწიფო ბრალდების ამგვარი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წაერთვა უფლება მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

2023 წლის 9 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გიორგი სულხანიშვილის ბრალდების საქმეზე დათხოვნილი იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქმის განხილვა გაგრძელდა საერთო წესით.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი იდეა და მიზანი არის უშუალო დემოკრატიის ხელშესახებობის გაზრდა ზოგადად ხელისუფლებაში და ამ თვალსაზრისით დემოკრატიულობის კომპონენტის დანერგვა-გაძლიერება სასამართლო ხელისუფლებაში.

ხელისუფლებისადმი ხალხის სანდოობას კანონზომიერად ზრდის ხალხის უშუალო მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელების ყველა დონეზე და მის ყველა შტოში.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს მსოფლიო სტანდარტის სამართლიანი სასამართლოს გამოცდილ, მაგრამ საქართველოს სამართალწარმოებისათვის სრულიად ახალ პრინციპს ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ინსტიტუტის შემოღებისათვის;

ამ პრინციპის მიხედვით, საბოლოო ვერდიქტი მინდობილია აბსოლუტურად დაუინტერესებელ ადამიანთა ჯგუფის შეფასებაზე და არა იმ გარემოებებზე, რომლებიც ძალაუფლების ორგანოთა სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობენ;

ამ ახალი ინსტიტუტით არამარტო იზრდება მართლმსაჯულების ავტორიტეტი, არამედ პრაქტიკულად ფუძნდება ნდობის [სანდოობის]  განუსაზღვრელი ხარისხი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ხოლო ბრალდებულ პირს ეძლევა მისი უდანაშაულობის დამტკიცების სრული სამართლებრივი გარანტიები.

აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს რა ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას იმ ნაწილში, რომ მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და შესაბამისად კონსტიტუციით გარანტირებული უფლება,“ – აღნიშნულია სარჩელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: