სიახლეები

მოთხოვნები საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის დროს – ახალი წესი

28.03.2024 • 3480
მოთხოვნები საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის დროს – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ „საფეხმავლო ბილიკების  მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ის რეგლამენტი კი, რომელიც მთავრობამ 2016 წელში დაამტკიცა, და დღემდე მოქმედებდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ახალი რეგლამენტი 2024 წლის 14 მარტიდან ამოქმედდა.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები და ნორმები საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ, სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისთვის [საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად].

რეგლამენტის მიხედვით, საფეხმავლო მარშრუტის დამპროექტებელმა გეგმარებითი სამუშაოების დაწყებამდე და პროექტის მომზადების პროცესშიც უნდა გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები:

  • „მოსანიშნი მარშრუტი უნდა შეარჩიოს ისე, რომ გაითვალისწინოს მისი კულტურული, ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალი [მომსახურების ობიექტების ჩათვლით].
  • მარშრუტის დაგეგმვისას, მიზანია შეირჩეს ისეთი მარშრუტი, რომელიც იქნება მაქსიმალურად მიმზიდველი და უსაფრთხო, რაც შეიძლება ოპტიმალური სამშენებლო ხარჯებით. ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მარშრუტის სამომავლო მოვლა-პატრონობის საკითხები.
  • მარშრუტის დაპროექტება და მონიშვნა უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.
  • მარშრუტის მომკვლევი/დამპროექტებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ბილიკზე არსებული რისკები და ბუნებრივი საფრთხეები [მეწყერი, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ცხოველებთან კონფლიქტი და ა.შ.].
  • საფეხმავლო მარშრუტი სასურველია უკავშირდებოდეს ტურისტული მარშრუტების არსებულ ქსელს და/ან გააჩნდეს საფეხმავლო მარშრუტების ერთიან ქსელში ჩართვის პოტენციალი.
  • მარშრუტი სასურველია იწყებოდეს და სრულდებოდეს დასახლებულ პუნქტში ან მის სიახლოვეს.
  • საფეხმავლო ბილიკები სასურველია არ კვეთდეს ინდუსტრიულ, სატრანსპორტო, სახიფათო მონაკვეთებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ დანიშნულების ადგილებს.
  • მესაკუთრის წერილობით ნებართვის გარეშე დაუშვებელია მარშრუტის გაყვანა კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაზე.
  • საფეხმავლო მარშრუტის გეგმარებისა და მონიშვნისას გაითვალისწინოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.“

საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნისთვის  განკუთვნილია შემდეგი ინფრასტრუქტურა: მანიშნებელი დაფა; ნიშნული; ნიშნულის ბოძი; საინფორმაციო ნიშანი; საინფორმაციო დაფა.

ამასთან, მარშრუტის მონიშვნის სამუშაოები და მისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა სავალდებულოა მომზადდეს რეგლამენტით გათვალისწინებული მასალების, ზომების, დიზაინისა და პირობების მიხედვით.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

 

 

მთავარი ფოტო: ხიხანის ციხე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: