განათლება,მთავარი,სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასკოლო კვების კვირეულს იწყებენ

14.03.2024 • 9192
საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასკოლო კვების კვირეულს იწყებენ

დღეს, 14 მარტს, სასკოლო კვების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

„განათლების კოალიცია“ და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ წელს პირველად ჩაერთო სასკოლო კვების კვირეულში.

სასკოლო კვების კვირეულზე, რომელიც დღეს გაიხსნა, იყო მსჯელობა და დისკუსია როგორც არსებული გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

საერთაშორისო კოალიციამ ფორუმზე წარმოადგინა ინფორმაცია, როგორც სასკოლო კვების ქსელების შესახებ, ასევე ამ ქსელში საქართველოს გაწევრიანებაზე. ისაუბრეს არსებულ ვალდებულებებზეც.

განათლების კოალიცია სხვა ჯგუფებთან ერთად აქტიურად ეწევა სასკოლო კვების ადვოკატირებას. მათი განცხადებით, სკოლებში კვების დანერგვაზე საზოგადოების მოთხოვნაც იზრდება.

„იმედი გაქვს, მოვახერხებთ და ვაიძულებთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ მოკლე დროში დაიწყონ ეფექტური სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.

სასკოლო კვების საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად აღინიშნება და რეალურად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ჩვენ ამ ფორუმზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ ისეთი პრობლემები, რაც დაკავშირებულია სასკოლო კვების უქონლობასთან, მაგალითად სიღარიბე, მოსწავლეთა შიმშილი, ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში, არაფორმალური განათლების სიმწირე და სხვა“, – ამბობს განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია.

სასკოლო კვების მხარდასაჭერად 17 მარტს ასევე დაგეგმილია აქცია – „საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზატორები და მოხალისეები მოქალაქეებს გააცნობენ კვების პროგრამის იდეას.

ხოლო 14-19 მარტს სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით  სასკოლო კვების პროგრამის მხარდასაჭერად სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას გამართავენ.

„კვირეულს ვიდეოგზავნილებით შემოუერთდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევოდ „ქართული ოცნება“ დაჰპირდა საზოგადოებას, რომ სკოლებში კვების პროგრამას დანერგავდა, მომდევნო წელს, განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში სასკოლო კვება მაინც არ შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები, ბავშვები და მშობლებიც აქტიურად საუბრობენ სკოლაში კვების აუცილებლობასა და იმაზე, რომ ბავშვებს რეალურად შიათ სკოლაში და ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას, სახელმწიფო ამ დრომდე არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

________________

მთავარი ფოტო: ფორუმი სასკოლო კვებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: