სიახლეები

619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის

14.03.2024 • 4015
619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების 29 ახალი გასახდელისა და შშმ პირებზე ადაპტირებული 3 ახალი გასახდელის მონტაჟი.

გასახდელების შესყიდვა-მონტაჟში კი, ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 619 ათას 860 ლარს გადაიხდის დღგ-ს ჩათვლით [თუმცა, ეს თანხა ტენდერში შესაძლოა შემცირდეს].

პირობის მიხედვით, გასახდელების შესყიდვა-მონტაჟი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განხორციელდეს.

საზოგადოებრივი გასახდელი

საზოგადოებრივი გასახდელი / რენდერი პროექტიდან

„საზოგადოებრივი გასახდელი გათვალისწინებულია როგორც რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილაში ჩამონტაჟებული ლითონის კარკასი, რომელიც შიდა მხარეს მოპირკეთდება თერმულად შეღებილი [ფერი დამკვეთთან შეთანხმებით] ფოლადის ფურცლით, ხოლო გარე მხარეს – ხის ლარტყებით, რომლებიც დამუშავდება მაღალი ხარისხის გარე სამუშაოების ხის საღებავით [ფერი შეთანხმდეს დამკვეთთან];

რკინა-ბეტონის იატაკი მიწიდან აწეულია 15 სმ-ით და მოპირკეთებულია მოზაიკით.

გასახდელი არის ორგანყოფილებიანი, გათვლილია ქალებისა და კაცებისათვის, შესაბამისად, შესასვლელი გააჩნია ორი მხრიდან [2 ცალი ორფრთიანი კარით] გასახდელის მაქსიმალური სიმაღლეა 2.20 მეტრი.“

ტენდერის ფარგლებში ბულვარი ასეთ 29 გასახდელს შეისყიდის.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გასახდელი

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გასახდელი / რენდერი პროექტიდან

„შშმ პირებისთვის ადაპტირებული გასახდელიც გათვალისწინებულია, როგორც რკინა-ბეტონის საძირკვლის ფილაში ჩამონტაჟებული ლითონის კარკასი, რომელიც შიდა მხარეს მოპირკეთდება თერმულად შეღებილი [ფერი დამკვეთთან შეთანხმებით] ფოლადის ფურცლით, ხოლო გარე მხარეს – ხის ლარტყებით, რომლებიც დამუშავდება მაღალი ხარისხის გარე სამუშაოების ხის საღებავით [ფერი შეთანხმდეს დამკვეთთან].

რკინა-ბეტონის იატაკი მიწიდან აწეულია 15 სმ-ით და მოპირკეთებულია მოზაიკით.

გასახდელი სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე, გააჩნია 6%-იანი დახრის მქონე პანდუსი და ხელის მოსაკიდებელი, რომელიც, ასევე, უჟანგავი ფოლადისაა და შიდა მხარეს მთელ სიგრძეზე გაუყვება კონსტრუქციას.

შესასვლელში მოწყობილია 1 ცალი ორფრთიანი კარი. გასახდელის მაქსიმალური სიმაღლეა 2.20 მეტრი.“

ბულვარი ასეთ 3 ცალ გასახდელს შეისყიდის.

გასახდელებში იქნება სკამებიც.

გასახდელებში იქნება სკამები / ფოტო პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 29 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.

პირობის მიხედვით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს 2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის გასახდელების მოწყობის სამუშაოები ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 549 650 ლარის ოდენობით.

საგარანტიო ვადა „სწორი ექსპლუატაციის პირობებში საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან“ შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

  • ლითონის კონსტრუქციებზე არანაკლებ 3 წელი;
  • ხის მასალის, სამღებრო სამუშაოების, როგორც ხის ასევე ლითონის კონსტრუქციაზე – 2 წელი;

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე წუნის [ნაკლოვანებები, დეფექტი] აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი [ნაკლოვანებები, დეფექტი] გამოწვეულია უხარისხოდ ან/და არაჯეროვნად შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: