მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

20.03.2024 • 7910
„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“.

„რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი.

განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით…

რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც დამიგროვდა, რომელსაც თითქმის ვეღარ ვუმკლავდებოდი… მაგრამ ფსკერი იყო ის, თუ როგორ ვხედავდი საკუთარ თავს – დაცემულად. მივხვდი, საერთოდ არ ვიყავი რეალიზებული ურთიერთობებში, პირიქით – ყველაფერი მქონდა აგებული ტყუილსა და ავანტიურაზე. ეს ხდებოდა რეგულარულად, სანამ დეკემბერში სარეაბილიტაციო დღის ცენტრში არ მივედი“. 

ადიქცია, იგივე დამოკიდებულება, ქრონიკული აშლილობაა, რომელიც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ბევრ ასპექტზე, მათ შორის ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და სამსახურებრივ საქმიანობაზე. დამოკიდებულების ორი ძირითადი ფორმა არსებობს: დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერებების მოხმარებასთან (მაგალითად, ნარკოტიკი) და ქცევითი დამოკიდებულებები (მაგალითად აზარტულ თამაშები). 

ადიქციების გავრცელება საქართველოში ზუსტად ნაკვლევი არ არის. თუმცა საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ [სარეაბილიტაციო დღის ცენტრის] ფსიქოლოგი, ლუკა გაფრინდაშვილი საკუთარ პრაქტიკასა და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანაში ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული და ქცევითი დამოკიდებულების – აზარტულ თამაშების პრობლემა ძალიან მწვავეა დამოკიდებული პირებისთვის.

ქვეყანაში კი უფასო და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო სერვისების სერიოზული დეფიციტია.

მაგალითად, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის – „ალტერნატივა ჯორჯიას“ ბოლო ანგარიშში წერია, რომ ნარკოტიკის პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში მზარდია: „ამ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობამ მიაღწია მაქსიმალურ მაჩვენებელს – 52 500 (მათგან დაახლოებით 22000 პირი ოპიოიდებზეა დამოკიდებული). 

რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ოფიციალურად ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია: ბოლო მონაცემებით 14 826 ადამიანია ასეთი – აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ამ სიაში 48 ადამიანი მოხვდა, ხოლო უშუალოდ პირის მიმართვით – 14 778. ამაზევე მიუთითებს რეგულაცია, რომლის შედეგად მილიონ-ნახევარ/1 503 989 სრულწლოვან ადამიანს (მათ შორის სოციალურად დაუცველებსა და საჯარო მოხელეებს) აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდა.

33 წლის ზური ამბობს, რომ მის ირგვლივაც ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ადიქციის დაძლევის გარდა საკუთარი თავის რწმენისა და „სიცოცხლის ხალისის“ დაბრუნება სჭირდება. ამისათვის კი, მისივე შეფასებით, ეგრეთ წოდებულ შავ სიაში შეყვანა და ამით ონლაინთამაშებზე წვდომის შეზღუდვა არ კმარა.

„როგორც კი შევწყვიტე თამაში, აღარ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. საერთოდ აღარ ვიცოდი, როგორ მემართა ჩემი ცხოვრება, რამე დადებითი მხარე თუ მქონდა, როგორც პიროვნებას, იმიტომ, რომ ჩემი ნახევარი ცხოვრება გადართული ვიყავი თამაშზე. დიდი სირთულეები გამოვიარე.

ჩვენ ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება და დანარჩენი ცხოვრება რა ვქნათ? ეს განუკურნებელი დაავადებაა, სწავლობ [სურვილის] დაძლევას, მაგრამ ყოველთვის არის რისკი, რომ შებრუნდე და ისევ გაიმეორო შეცდომა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები და მოსახლეობას კი იმის იმედი, რომ ცხოვრების განმავლობაში თუ დასჭირდა, ეს დაფინანსებული იქნება.  

საქართველოში ისედაც არ გვაქვს იმის განცდა, რომ ფინანსურად მყარად იქნები მთელი ცხოვრება… რაღაც მომენტში რომ დაიკარგოს ჩემი სიმტკიცე, ნამდვილად არ გვაქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ ყოველკვირეულად თერაპიულ სეანსებზე 100 ლარი ვიხადოთ. ეს ძალიან დიდ თანხაზე გადის“, – ამბობს ის.

თამაშზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის უფასო დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში, გასული წლის ნოემბერში, „თანადგომას“ ოფისში გაიხსნა. 

„დღის ცენტრი ნიშნავს, რომ ამბულატორიული ცენტრია – ადამიანები აქ არ ჩერდებიან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა სახის სერვისს: ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თერაპიას, ჯგუფურ თერაპიას, არტთერაპიას (ხატვა, თიხაზე მუშაობა), ოჯახის წევრებთან, ანუ თანადამოკიდებულ პირებთან თერაპიას და სათემო თერაპიას. ამ უკანასკნელს უძღვება წარსულში დამოკიდებული ადამიანი, რომელიც წარმატებულია თვითშეკავებაში“, – განმარტავს ლუკა გაფრინდაშვილი.

სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები პროგრამულად არიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები. სურვილის შემთხვევაში კი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ თამაშზე დამოკიდებულ პირებსაც. რეაბილიტაციის ფარგლებში, უშუალოდ ფსიქოთერაპია, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური 9 შეხვედრას მოიცავს და ამდენივე კვირაზეა გადანაწილებული.

ინდივიდუალურ თერაპიაზე ძირითადად ხდება თერაპიული ალიანსის დამყარება და როცა ადიქციის გარდა სხვა პრობლემებიც აქვს ადამიანს, მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, იმ პრობლემებზე ფოკუსირება. ადამიანი სწავლობს ემოციური რეგულაციის ტექნიკებს;

ჯგუფური თერაპია უფრო ადიქციაზეა მიმართული, აქ ხდება გამოცდილების გაზიარება, ადამიანი სხვებისგან ისმენს მსგავს პრობლემებს, ხვდება, რომ მარტო თვითონ არ გადის ამ ყველაფერს და ხდება ერთგვარად „ნორმალიზება“ საკუთარი მდგომარეობის. ადიქციასთან მიმართებაში მუშავდება სტრატეგიები, რომლებიც გეხმარება მაპროვოცირებელ ფაქტორებთან გამკლავებაში, ლტოლვის კონტროლში, ფიქრებისგან თავის დაღწევაში…

არტთერაპიაზე ხელოვნების ტექნიკით ხდება საკუთარ არაცნობიერში იმ ტრავმულ გამოცდილებებზე მუშაობა, რომლებზეც რთულია საუბარი – ამ შემოვლითი გზით ხდება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გადმოტანა, მაგალითად, ფურცელზე და მერე ამის ანალიზი სხვა ადამიანის თანდასწრებით. არტთერაპიაც ჯგუფურია.

„ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ადიქციის შემთხვევაში დღის ცენტრში მოდის ადამიანი, რომელმაც უკვე დაძლია ფიზიკური სიმპტომები, ანუ თუ ნივთიერებაზეა დამოკიდებული, ჩატარებული აქვს დეტოქსი და დაწყებული აქვს თავშეკავება; ან შეიძლება ერთი-ორი თვის წინ აქვს დაწყებული თავშეკავება და ხვდება, რომ ძალიან უჭირს. უკვე გვაქვს თავშეკავების წარმატებული მაგალითებიც“, – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი, – „ბათუმში შეგვიძლია ამ პროექტის ფარგლებში ადამიანების სამი ნაკადი მივიღოთ, თითო ნაკადზე – 10 ადამიანი. ამ ეტაპზე ადგილები არის, ერთადერთი კრიტერიუმია ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი“. 

ადიქციის კვლევით ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას“ შეფასებით, სახელმწიფოს მიერ წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის დაფინანსებული ორკვირიანი რეაბილიტაციის კურსი,   „სერვისის ვადის და დაფინანსების გათვალისწინებით – ფორმალურია“.

ორგანიზაცია „ადიქტოლოგიური სერვისების შესაძლებლობების შეფასების“ 2022 წლის ანგარიშში კი წერია: „დარგის სპეციალისტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეტოქსის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციაც უშედეგოა, რადგან არ არსებობს სრულფასოვანი რეაბილიტაციის მხარდაჭერა“.

ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარების პრევენციისთვის, 14-დან 25 წლამდე მოზარდებს,  ახალგაზრდებსა და მათ ოჯახის წევრებს უფასო ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი – „კლუბი სინერგია“. უშალოდ გემბლინგის მიმართულებით კი ცენტრს ორი სპეციალისტი ჰყავს, როლებიც პირისპირ მუშაობენ თბილისში, რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებთან კი – ონლაინ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაშდამოკიდებული ადამიანები ჯანდაცვის არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად არ მოიაზრებიან.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ დამოკიდებული ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია თანადამოკიდებულთა თერაპია. ეს გულისხმობს იმ ოჯახის წევრის, მეგობრის თუ პარტნიორის თერაპიას, რომელსაც ერთგვარი „მშველელის“ როლი აქვს მორგებული დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობაში.

„თანადამოკიდებულების თერაპიის შემთხვევაში, ჯგუფური იქნება ის თუ ინდივიდუალური, ხდება ოჯახის წევრების როლების იდენტიფიცირება, მათი ურთიერთობის დინამიკის იდენტიფიცირება/გაცნობიერება, დამოკიდებულ ადამიანთან მიმართებაში და სწორი სტრატეგიების შემუშავება, რომელიც იქნება მხარდაჭერით [დამოკიდებული ადამიანის მიმართ] და არა პირიქით დესტრუქციული“. 

თუმცა ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესის ეს ნაწილი ჯერ გამოწვევად რჩება, რადგან ჩართულობა ოჯახის წევრების მხრიდან დაბალია.

ლუკა გაფრინდაშვილის თქმით, ადიქციებთან მუშაობაში ყველაზე ეფექტურად რეზიდენტული მკურნალობა ანუ რეზიდენტული ტიპის ცენტრები მიიჩნევა, სადაც ადამიანი თვეების განმავლობაში სცილდება მისთვის ჩვეულ გარემოს და სადაც მასზე გარეგანი მაპროვოცირებელი ფაქტორები ზემოქმედებს.

ალტერნატივა ჯორჯია: „აღიარებულია, რომ რეზიდენტული ტიპის, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროგრამები ეფექტიანია აბსტინენციის მიღწევისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ სექტორის გაძლიერებაზე უნდა იყოს მიმართული.

ბოლო ათწლეულების მანძილზე სახელმწიფოს არასოდეს დაუფინანსებია რეზიდენტული ტიპის გრძელვადიანი სარეაბილიტაციო პროგრამები, კერძო სექტორში რეაბილიტაციის კურსის გავლა კი მოწყვლადი პოპულაციისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის.

საქართველოში ამჟამად ხუთამდე დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირებისათვის რეზიდენტული ტიპის რეაბილიტაციის კურსი ხელმისაწვდომია. მათგან აჭარის რეგიონში მხოლოდ ერთი – საქველმოქმედო ცენტრ „კარიტასის სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედის სახლია“. აქ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებიან. პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვიდან მაქსიმუმ 18 თვეა. სხვა რეზიდენტული ტიპის ცენტრებში სარეაბილიტაციო კურსის გავლა ფასიანია. 

მკურნალობის ხანგრძლივობა რეზიდენტული ტიპის დაწესებულებებში ერთიდან სამ-ექვს თვემდე გრძელდება. ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსის ფასი 2500 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

რატომ „არ უნდათ“ დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობა? – ფსიქოლოგის თქმით, ხშირად, როცა დამოკიდებული ადამიანი დახმარებას არ ეძებს, მიიჩნევა, რომ ეს მისი თავისუფალი არჩევანია.

რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც უარს განაცხადებენ მომსახურების მიღებაზე, მაგრამ საინტერესო ის არის – რატომ აცხადებს უარს? იმიტომ ხომ არა, რომ აზრს ვერ ხედავს ამ მცდელობებში? უკვე ხელი აქვს ჩაქნეული? ეს მცდარი წარმოდგენებია“, – ამბობს ფსიქოლოგი და აზუსტებს:

„რეალური პრობლემა უფასო სერვისების დეფიციტია.

აუტიზმის ან ადრეული განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისთვის სერვისები რომ არის, იმიტომ არის, რომ თუ შეწყდება, მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იციან, რომ მეორე დღეს ძალიან ბევრი განრისხებული მშობელი გამოვა გარეთ. საზოგადოების ეს ნაწილი კი პასიურია და მათი დამცირებისა და დემონიზების მეტი არაფერი კეთდება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ეს სერვისები“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: