სიახლეები

„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით

13.03.2024 • 4292
„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით

„საბაგირო გზა უნდა გადიოდეს საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ… დარღვეულია შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ ელექტროგადამცემი მოწყობილობის წესების“ მე-6 გამოცემის 2.5 166-ე მუხლი,“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში, სადაც კომპანია ასაბუთებს, თუ რატომ შეუწყვიტა ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მოწყობილ ზიპლაინს ელექტროენერგია, როგორც კი კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო.

ზიპლაინი კანონდარღვევით ქედაში უკვე მესამე წელი მუშაობდა ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება ამას არ იმჩნევდა. პირიქით, დარღვევით მომუშავე ზიპლაინზე ქედის მერიას ნებართვა აქვს გაცემული.

გასათვალისწინებელია, რომ საუბარია დარღვევაზე, რომელიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

საბაგიროზე დაშვება მახუნცეთის ჩანჩქერის სათავედან შეიძლება და იგი ისტორიულ ხიდთან სრულდება: „გზად თქვენ გადაუვლით ულამაზეს ჩანჩქერს, თვალწარმტაც მთებს, მდინარე აჭარისწყალს, აწჰესს… სრულად უზუნველყოფილია ზიპლაინის ტექნიკური უსაფრთხოებაც,“  – ვკითხულობთ ზიპლაინის აღწერაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განმარტებით, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები „საბაგირო გზა გატარდეს 35 და 110 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ზემოთ ვერტიკალურად არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, ხოლო 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ზემოთ არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით“.

ეს არის ამონაწერი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილიდან, რომელიც კომპანიამ „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელს, მერაბ ღოღობერიძეს გაუგზავნა 2024 წლის 29 თებერვალს.

ენერგოკომპანია ამავე წერილში განმარტავს, რის გაკეთებაა საჭირო კანონის მოთხოვნების დასაცავად:

„განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზი საბაგირო გზიდან უნდა შემოიფარგლოს ხიდურებით ან დამცავი ბადით. ხაზობრივი ნაგებობების დაცვის აღნიშნული ღონისძიებები კი, შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ არ არის შესრულებული. აქვე დავძენთ, რომ აკრძალულია ხიდურების და ბადის დამაგრება გადამცემი ხაზების ანძებზე,“ – იწერება „ენერგო-პრო ჯორჯია“ და დასძენს, რომ დარღვევით მომუშავე ზიპლაინს 14 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

ზიპლაინი რომ კანონის დარღვევით მუშაობდა, ეს ქედის მერიის მხრიდან ზიპლაინის მესაკუთრისთვის მიწერილი წერილიდანაც ჩანს:

„გთხოვთ, 2024 წლის 20 თებერვლამდე წარმოადგინოთ თქვენსა და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის თაობაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – მიუწერია ქედის მერიას შპს „ჯეტ გრუპისთვის“ 2024 წლის 5 თებერვალს.

შესრულდა თუ არა ქედიის მერიის მოთხოვნა და იყო თუ არა გაცემული ნებართვა ზიპლაინზე, რომელიც წლებია ქედაში, მახუნცეთში ფუნქციონირებს? – ქედიის მერიის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ნებართვა ზიპლაინზე გაცემულია. უწყებიდან ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია: როგორ გაიცა ნებართვა კანონის დარღვევით მომუშავე ზიპლაინზე? ვინ აგებს პასუხს, როცა საჯარო უწყებას ნებართვა გაცემული აქვს, ამ დროს კი, უსაფრთხოების რისკი რისკად რჩება?

„როცა შევთანხმდებით და ყველაფერი მოგვარდება, მოგაწვდით ინფორმაციას,“ – კორუფციის კუთხით გაჩენილ კითხვებზე ეს პასუხი დაგვახვედრეს ქედის მერიის პრესცენტრში მას შემდეგ, რაც ქედის მერიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღეთ და მხოლოდ ეს ინფორმაცია:

„მახუნცეთის ზიპლაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა უწყებასთან გაგზავნილია წერილი და მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაო პროცედურები,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესცენტრიდან. აქვე აღნიშნეს ისიც, რომ ამ ეტაპზე ზიპლაინი გაჩერებულია.

„არანაირი შეჩერებული არაა, საფრთხის შემცველი არაა, ვინ თქვა, რომ შევაჩერეთ? ჩვეულებრივად ვმუშაობთ,“ – გვიპასუხა სულხან მახარაძემ, შპს „ჯეტ გრუპის“ დირექტორმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.

მას შემდეგ, რაც დირექტორს კონკრეტულ დარღვევაზე მივუთითეთ, რაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილშია აღნიშნული, განსხვავებული პასუხი მივიღეთ.

„უბრალოდ, შეჩერებული მაქვს ელექტროენერგიის მიწოდება, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა… გეუბნებით, არანაირი დარღვევა არ არის მანდ, ჩვეულებრივად არის ყველაფერი… არაფერი არ იყო რისკის ქვეშ, 19 მეტრია დაშორებული. თუ გაზომავთ და ნორმალურად დაადგენთ ყველაფერს, არანაირი რისკის შემცველი მაქ არაფერი არ არის. არსებობს გარკვეული ხალხი სავარაუდოდ, რომელსაც არ უნდა ტურიზმის განვითარება, არ უნდათ ხალხის კეთილდღეობა…“ – გვითხრა სულხან მახარაძემ.

კომპანიის დირექტორს ვუთხარით, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მათ ადგილზე კომისიური წესით შეისწავლეს საკითხი და დაადგინეს დარღვევა. ბიზნესმენმა შეკითხვის მოსმენის შემდეგ თითი ქედის მერიისკენ გაიშვირა:

„მიმართეთ ქედის მერიას. მოგცეს საბუთები ექსპლუატაციაში შესვლის? ექსპლუატაციაში ხომ არ მიიღებდნენ მაშინ, ექსპლუატაციის საბუთი მოსთხოვეთ და მიხვდებით ყველაფერს,“ – დაგვემშვიდობა სულხან მახარაძე და გვითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო საუბარი უჭირს. მან უარი გვითხრა დახმარებაზე, კომპანიაში ვინმესთან დავეკავშირებინეთ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯეტ გრუპი“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის მეწილეები არიან: ტრისტან წივილაშვილი, პაატა სვიანაიძე და ზარინა მახარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: