მთავარი,სიახლეები

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

13.03.2024 • 7629
103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით.

რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად.

შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ უჭირს. მეშინია არ წავიქცე ან რაიმე ამისთანა არ შემემთხვეს, ამიტომ თავის დაზღვევა აჯობებსო.

„წავიქეცი წინა დღეს და შვილიშვილი რომ არ ყოფილიყო, ვერ ავდგებოდი. მეშინია, რომ არ დავმახინჯდე, მოსავლელი არ გავხდე. მარტო იმას ვეხვეწები ღმერთს, რომ ღმერთო ისე მოვკვდე, მოსავლელი და დაგლახებული არ წავიდე ჩემს ქმართან-მეთქი“.

რემზიე ჭაღალიძე

ყველა მოგონება, რომელიც გამოკვეთილად ახსოვს რემზიეს, თავის მეუღლეს უკავშირდება, რომელიც 25 წლის წინ გარდაიცვალა..

„ქალო, გტოვებ და მებრალებიო. მე ვუთხარი გავეთხუები-მეთქი. ჰოდა, კურცხლები წამოუვიდა. მერე ვუთხარი, ასეთ ქმარს როგორ შეგაჭმევ სირცხვილს მიწაში, მაგას როგორ ვიკადრებ-მეთქი. გაუხარდა და დამლოცა. გტოვებ და მებრალებიო. ისევ გაიმეორა. გტოვებ და მებრალებიო და დამტოვა. რა უნდა ქნა?

ქმარი არ მესიზმრება. რატომ არ ვიცი. ნეტა, დამესიზმროს“, – მომიყვა რემზიე.

მას 7 შვილი, 25 შვილიშვილი, 58 შვილთაშვილი და 38 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„ჩვენ იქეთ იყო სკოლა. გავივლიდი-გამოვივლიდი, გაიარდა-გამოიარდა და ვხედავდით ერთმანეთს. კარგი ბიჭი იყო, ამიტომ შემიყვარდა. მოგვწონდა ერთმანეთი და ასე გაკეთდა საქმე. ახლა რომ არის, მაშინ ასე არ იყო. მაშინ სიყვარული სირცხვილი იყო. ვერ წახვიდოდი ერთად და ვერ დაელაპარაკებოდი ერთმანეთს.

ლამაზი ქმარი მყავდა და მეც კარგი ვიყავი. ჩვენს ქორწილში თეთრი კაბა მეცვა. ფატაც მქონდა, ისიც თეთრი იყო“, – მიყვება რემზიე და გულდაწყვეტით იხსენებს, რომ თავის ქორწილში არ უცეკვია, რადგან პატარძლის მხრიდან ეს უკანასკნელიც დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

„სხვების ქორწილში ვცეკვავდი. ცეკვა ვიცოდი მაგრად. უუუჰ, რას ვიცეკვებდი. რომელ ქალს არ უნდა ეცეკვა, მეც რომ არ ავყოლოდი და ცეკვა არ დამეწყო.

ძალიან მიყვარდა ცეკვა. მე და ჩემი ქმარი ორივე კარგად ვცეკვავდით“, – მეუბნება რემზიე და თავიანთი ახალგაზრდობის ფოტოებს მაჩვენებს.

ამ ფოტოზე რემზიე და მისი მეუღლე ახალდაქორწინებულები არიან.

შავ ტანსაცმელს თითქმის არ ვიცვამდიო – იხსენებს რემზიე. მას განსაკუთრებით თეთრი კაბებისა და ფერადი ზედატანის ჩაცმა უყვარდა – „ამ ტანსაცმელს ან ვკერავდით ან ვქსოვდით“.

ხელზე შავი, ყელზე კი მწვანე მძივი უკეთია. მისი აზრით, მსგავსი ნივთები ძალიან უხდებათ ქალებს.

„ჩემი გაკეთებული ყველა კერძი მოსწონდა ჩემს მეუღლეს. მთავარი იყო სუფთად გამეკეთებინა. ვაკეთებდი ლობიოს, კორკოტს. იცით რა არის კორკოტი?“, – კითხვით მომიბრუნდა რემზიე და დაამატა, რომ მისი აზრით, ბევრმა არ იცის რა არის კორკოტი.

ის ჭვანის ხეობის სოფელ ინწკირვეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და ბახმაროს მთაში მემთეურობდა, სადაც ახლა დასასვენებლად მიდის ხოლმე.

„ჩემი ქმარი მშენებელი იყო. ის სახლიც ბახმაროში რომ გვაქვს, ჩემი ქმრის აშენებულია.

კარაქს, ყველს გავაკეთებდით მთაში, ავკიდავდით ცხენებს და ასე მოგვქონდა სოფელში. მანქანა სად იყო მაშინ? მანქანა თუ სადმე გაივლიდა, ყველა გარეთ გამოვეფინებოდით მის დასანახად. იშვიათი იყო მაშინ მანქანა.

ბევრი საქმე გვქონდა. მარტივი არ იყო შვიდი შვილის გაზრდა და თანაც იმ დროს. თუთუნს ვასხამდით, ჩაის ვკრეფდით და ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო“.

რემზიეს არასდროს უფიქრია, რომ შეიძლებოდა მრავალშვილიანი დედა გამხდარიყო. „ქმარი ხელს მიწყობდა და ასე გავზარდეთ ბავშვებიც. მე თუ ჩამეძინებოდა, თვითონ ართობდა ღამე. მე თუ საქმე მქონდა, თვითონ ზრუნავდა ბავშვებზე. არ ჰგავდა სხვა კაცებს“, – ამბობს რემზიე.

ქალს ხშირად ენატრება სოფელი, რომელიც, მისი თქმით, დაიცალა და ამას ამართლებს – „ჭვანიდან აღმა სად წახვალ, თავდაღმა უნდა წამოხვიდე“.

რემზიეს ტელევიზორის ყურება და ოჯახის წევრებისთვის იმ ამბების მოყოლა უყვარს, რომლებიც ახალგაზრდობისას გადახდა თავს. სახლში რამდენიმე კატა და ძაღლი ჰყავთ, თუმცა რემზიეს განსაკუთრებულად ერთ-ერთი კატა უყვარს, რომელზეც „ჩემიაო“ ამბობს და თავგამოდებით ზრუნავს.

 

103 წლის ქალის ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ერთადერთი საფიქრალი აქვს – „ჩემს ფიქრებში ვარ სულ. ნეტა, როდის, როგორ უნდა მოვკვდე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: